საზოგადოება

თავდასხმის ტემპი საგრძნობლად შენელდა – უკრაინის გენშტაბი

8 მარტი, 2022 • 1806
თავდასხმის ტემპი საგრძნობლად შენელდა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენშტაბი იუწყება, რომ რუსეთის ფედერაციის ჯარები შეტევას აგრძელებენ, მაგრამ „ჯარისკაცთა წინილის ტემპი მნიშვნელოვნად შენელებულია“.

გენშტაბის ბოლო სიახლეების თანახმად, – რომელიც თბილისის დროით 8 მარტს, დილის 8 საათზე გამოქვეყნდა, – თავდაცვითი ოპერაცია გრძელდება სამხრეთის, აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ მიმართულებით.

8 მარტი უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ჯარების შეჭრიდან მე-13 დღეა.

უკრაინის გენშტაბი სამხრეთის მიმართულებით საუბრობს ქალაქ ჩერნიგოვის თავდაცვით ოპერაციაზე, – ბრძოლები გრძელდება სივერსკის მიმართულებით.

ამასთან, გენშტაბი აცხადებს, რომ კიევის დასაცავად მობილიზებული ძალები აგრძელებენ დედაქალაქის დაცვას, – გარე საზღვრის მიდამოებში და რამდენიმე დამატებითი მიმართულებით.

„სამხრეთის საოპერაციო ზონაში, საზღვრის გასწვრივ, მიმდინარეობს თავდაცვითი ოპერაცია, რომელიც ფარავს სანაპიროს; მიკოლაევის გარეუბნებში თავდაცვითი ბრძოლები გრძელდება“, – წერს უწყება.

სხვა არეალებში კი, გენშტაბის თანახმად, უკრაინის არმია აწარმოებს „სტაბილიზაციის ოპერაციას“, რის პარალელურადაც „საჰაერო ძალები აგრძელებენ სარაკეტო-საჰაერო თავდასხმების მოგერიებას“.

ამასთან, უკრაინული მხარე საუბრობს რუსეთის ჯარისკაცების მხრიდან „ადგილობრივების ძარცვაზე, ძალადობაზე, საკუთრების წართმევაზე“ და სხვა დანაშაულებზე ხარკოვის, სუმის, ჩერნიგოვისა და კიევის ოლქების იმ ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთის ჯარებმა დაიკავეს.

უკრაინის გენშტაბი „ფსიქოლოგიურ ომზეც“ საუბრობს: ხერსონისა და მიკოლაევის ოლქებში, გენშტაბის თანახმად, „ოკუპანტები აწარმოებენ „ფსიქოლოგიურ ოპერაციებს, რათა გავლენა მოახდინონ ადგილობრივ მოსახლეობაზე“ პროპაგანდის გამოყენებით, რისთვისაც 10 ტაქტიკური ჯგუფია განწესებული.

უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, „ოკუპანტები დემორალიზებულნი არიან“.

რამდენიმე საათის წინ ბრძოლის მე-12 დღე შეაჯამა „ომის სასწავლო საერთაშორისო ცენტრმა“ (ISW), რომლის თანახმადაც რუსული ძალები კონცენტრირდებიან კიევის აღმოსავლეთსი, ჩრდილო-დასავლეთის და დასავლეთის საზღვრებთან, და მომდევნო 24-96 საათში დედაქალაქზე შეტევისთვის ემზადებიან.

ISW-ის თანახმად, რუსეთის ჯარებს „მოაქვთ მარაგები და მოჰყავთ დამატებითი ძალები, რის პარალელურადაც აწარმოებენ საარტილერიო, საჰაერო და სარაკეტო თავდასხმებს თავდაცვითი ძალების დასუსტების“ მიზნით.

ორგანიზაცია ამბობს, რომ ნაადრევია იმის პროგნოზირება, რამდენად ეფექტური იქნება რუსეთის ძალების მცდელობა, რომ შეკრან კიევის გარშემო ალყა და ქალაქზე კონტროლი დაამყარონ.

„თუ რუს ჯარისკაცებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ მოახდინონ რეორგანიზება, ხელახალი მომარაგება და დაგეგმონ კოორდინირებული მრავალმხრივი ოპერაცია სხვადასხვა მიმართულებით, – როგორც კიევის გარშემო, ასევე მის შემოგარენში“,- მათ შეიძლება „მეტ წარმატებას მიაღწიონ, ვიდრე წინა მცდელობებისას“.

ორგანიზაცია წერს, რომ ბოლო 72 საათში კიევის სიახლოვეს მიმდინარე ოპერაციებს საკმარისი მტკიცებულებები არ წარმოუჩენია, რათა ეს შესაძლებლობა შეფასდეს.

ISW-ის თანახმად, რუსი ჯარისკაცები, სავარაუდოდ, ცდილობენ, გვერდი აუარონ მიკოლაევს და წავიდნენ ოდესის მიმართულებით, რაც მათ საშუალებას მისცემს, საზღვაო-სახმელეთო ოპერაციები ერთობლივად განახორციელონ.

ISW წერს, რომ რუსული ჯარები ერთდროულად 4 მიმართულებით უტევენ: მთავარი მიმართულებაა კიევი, „დამხმარე მიმართულებები“ კი -ლუგანსკი, მარიუპოლი და ხერსონი.

მასალების გადაბეჭდვის წესი