საზოგადოება

მედია NGO-ების წინააღმდეგ და პირიქით

11 მარტი, 2010 • • 1152
მედია NGO-ების წინააღმდეგ და პირიქით

არასამთავრობო ორგანიზაციები მედიას მათ დისკრედიტაციაში ადანაშუალებენ.

შეხვედრაზე, სადაც არასამთავრობოები ა.შ.შ-ს, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ელჩებს შეხვდნენ, მედიაში გაშუქებული მასალების დოკუმენტაცია წარმოადგინეს.

26 თებერვალს ვებ პორტალზე humanrights.ge საქართველოს უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების ოფიციალური განცხადება გამოქვეყნდა.

გამოქვეყნებულ გაცხადებაში არასამთავრობო ორგანიზაციები ქართულ მედია საშუალებებს მიკერძოებაში სდებენ ბრალს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ პრესით გავრცელებული ინფორმაცია, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ,,არასამთავრობო სექტორში, ე.წ. ენჯეოებში მოკალათებული აგენტურის” საქმიანობის შესწავლა უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ წარმოებული დისკრედიტაციული კამპანიაა”.

დოკუმენტში მოყვანილია კამპანიის წარმოების ამსახველი ფაქტები. მათ შორისაა ,,მრავალენოვანი საქართველოს” დამფუძვნებელზე არნოლდ სტეფანიანზე მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც განცხადებაში მის წინააღმდეგ აგორებულ პიარ კამპანიადაა მოხსენებული.

22 თებერვალს გაზეთ ვერსიაში დაიბეჭდა სტატია სათაურით ,,ვინ არის აგენტი კოდური სახელით ,,შვარციკა” და რა შიფროგრამები გამოქვეყნდა ინტერნეტ-საიტებზე”. სტატიასი წერია: ,,კონტრდაზვერვის დეპარტამენტი საქართველოში არსებული აგენტურის გამოვლენით ინტერესდება… ძირითადი აქცენტი რუსეთის სპეცსამსახურთან თანამშრომლობაზე კეთდება… სამართალდამცავები განსაკუთრებით არასამთავრობო სექტორში ე.წ. ენჯეოებში მოკალათებულ აგენტურებს შეისწავლიან… სწორედ ეს ყოფილა მთავარი განსახილველი საკითხი პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტში დახურულ სხდომაზე…”

,,ამის შემდეგ სტატიაში საუბარია არნოლდ სტეფანიანზე  და მოყვანილია რუსულ ინტერნეტ-ფორუმზე გაურკვეველი პირის მიერ გამოქვეყნებული, თითქოსდა 1993 წლით დათარიღებული დოკუმენტები რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურის მიერ სტეფანიანის გადაბირების შესახებ და ამ უკანასკნელის მიერ ვითომდა გადაცემულ ე.წ. შიფროგრამებზე”_ ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ იმაზეც, რომ 2009 წლიდან სტეფანიანმა არაერთხელ განაცხადა ხელისუფლების მხრიდან მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ. ,,თუ ის თავის საქმიანობას არ შეწყვეტდა, ემუქრებოდნენ, რომ უცხო ქვეყნის აგენტობას დააბრალებდნენ”_წერია დოკუმენტში.

ამ თემას ტელეკომპანია ,,რეალ ტივიც” გამოეხმაურა. ჟურნალისტმა ირაკლი ალასანიას, სოზარ სუბარის, დავით გამყრელიძის, დავით უსუფაშვილის და არნოლდ სტეფანიანის შეხვედრის დეტალების მოყოლისას ,ეს უკანასკნელი რუსეთის აგენტად მოიხსენია. სიუჟეტში ასევე რუსულ ინტერნეტ-ფორუმებზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზეც არის საუბარი. თავად სტეფანიანი ამავე სიუჟეტში მის მიმართ გამოქვეყნებულ ინფორმაციას სიცრუედ აფასებს.

ამ საკითხებზე იმსჯელეს არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ელჩებთან შეხვედრისას. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის”, ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა” და ,,მრავალენოვანი საქართველოს” წევრებმა ელჩებთან შეხვედრა 10 მარტს გამართეს.

საინფორმაციო სააგენტო civil.ge-ს ინფორმაციით, საუბრის დასასრულს საფრანგეთის ელჩმა ერიკ ფურნიემ ტელეკომპანია ,,რეალ ტივის” ჟურნალისტებს განუცხადა:

,,თქვენი არხი მიზანმიმართულად ცდილობს ზოგიერთი ოპოზიციური წევრის ძალიან ცინიკური პორტრეტის შექმნას. ეს ბევრი ჩვენგანის შეშფოთებას იწვევს”.

ასევე შეგახსნებთ, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ტელეკომპანია რუსთავი2-ს დეკემბერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით უჩივლა. საჩივარი  შეეხებოდა რუსთავი 2-ის ეთერით გაშუქებულ სიუჟეტში, სადაც ნათქვამი იყო, რომ საიამ ხელი შეუშალა ქართულ და ოს მხარეს შორის ტყვეთა გაცვლის პროცესს.

ამერიკის ელჩი ჯონ ბასი მიიჩნევს, რომ დემოკრატიის განვითარება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანია. ,,ეს აუცილებელი კომპონენტია ევრო-ატლანტიკური ინსტიტუტებისაკენ საქართველოს მისწრაფებების განახორციელებლად”

გამოქვეყნებულ დოკუმენტს ხელს 18 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი