პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა „ყველა საერთაშორისო დონეზე მხარს უჭერს უკრაინას პოლიტიკურად“, „ვლოცულობთ, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ტრაგედია“ და საქართველომ 140 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაუგზავნა უკრაინას.
„ჩვენთვის, ყველასთვის, ომი არის კატეგორიულად მიუღებელი. ის, რაც ხდება უკრაინაში, კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ ყველანი ვლოცულობთ, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრიანაში და ეს ტრაგედია მალე დასრულდეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა 7 მარტს მთავრობის სხდომაზე.
ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ „მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ომი მალე დაასრულეს“.
„ჩვენ ყველა დონეზე მხარს ვუჭერთ უკრაინას, ყველა საერთაშორისო დონეზე მხარი დავუჭირეთ პოლიტიკურად და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაგრძელებთ“, – განაცხადა მან.
პრემიერის თქმით, დღეის მდგომარეობით, უკრაინაში საქართველოს მთავრობამ 140 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა და „ეს პროცესი გაგრძელდება“.
„ჩვენი საელჩო მაქსიმუმს აკეთებს, – ჩვენი ელჩი ახლაც უკრაინაში რჩება (კიევში იყო რამდენიმე დღის წინ და ახლა სხვა ქალაქშია), – რათა არცერთი ჩვენი მოქალაქე, რომელიც იმყოფება უკრაინაში, არ დარჩეს უყურადღებოდ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრს არ უსაუბრია და არ უპასუხია უკრაინის ხელისუფლების ბოლო განცხადებაზე, რომლითაც უკრაინის მთავრობამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა:
„დისტანცირდეს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებებისგან, რომლის ლიდერებიც არღვევენ საერთაშორისო კანონმდებლობასა და სჩადიან სამხედრო დანაშაულს უკრაინაში“.
ვრცლად: