ახალი ამბები

მიუღებელია რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები, როცა გვბომბავენ — უკრაინა საქართველოზე

6 მარტი, 2022 •
მიუღებელია რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები, როცა გვბომბავენ — უკრაინა საქართველოზე

უკრაინის ხელისუფლება რუსეთის მიერ ქართული რძის კომპანიებისთვის რუსეთის ბაზარზე პროდუქციის ექსპორტის უფლების მინიჭების გამო საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს.

„ხაზგასასმელია, რომ რუსეთის ფედერაციამ ეს გადაწყვეტილება მიიღო იმ დროს, როდესაც საქართველოს მთავრობამ მხარი არ დაუჭირა ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

გვწამს, რომ  სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერება რუსეთთან, ძალასთან, რომელიც თავს ესხმის მშვიდობიან უკრაინულ ქალაქებს რაკეტებითა და ბომბებით, კლავს უდანაშაულო მოსახლეობას, მათ შორის ბავშვებს, არის აბსოლუტურად მიუღებელი“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინული მხარის განცხადებით, რუსეთთან ვაჭრობა აძლიერებს ამ უკანასკნელს და ამ ვაჭრობით მიღებული სარგებელი უკრაინელი ხალხის სისხლითაა გაჟღენთილი.

„მოვუწოდებთ ოფიციალურ თბილისს, დისტანცირდეს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებებისგან, რომლის ლიდერებიც არღვევენ საერთაშორისო კანონმდებლობასა და ჩადიან სამხედრო დანაშაულს უკრაინაში.

რუსულ კომპანიებთან ბიზნესის წარმოება რუსეთს აძლევს დამატებით რესურსებს, რათა გააგრძელოს სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ. ასეთი სარგებელი უკრაინელი მოკლული მოქალაქეების სისხლითაა გაჟღენთილი.

2008 წლის აგრესიის გამო, ქართველები, სამწუხაროდ, კარგად ხვდებიან ომის საშინელებას, რომელშიც ახლა უკრაინელები არიან. ამავდროულად, როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობამ დაივიწყა ეს ყოველივე და ახლა ცდილობს მომენტი გამოიყენოს პირადი ინტერესებისთვის“, – აცხადებს უკრაინული მხარე.

რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის ფედერალური სამსახურმა (როს­სელ­ხოზ­ნად­ზო­რი/Россельхознадзор) განაცხადა, რომ 15 ქართულ კომპანიას რუსეთში რძის პროდუქტების იმპორტის „ნებას რთავდა“.

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებები ექსპორტის შესახებ, 2020 წლიდან დაიწყო.

რუსეთი უკვე მე-11 დღეა უკრაინის ოკუპაციასა და ლეგიტიმური მთავრობის დამხობას ცდილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი