საზოგადოება

“ხერსონი უკრაინაა!” — პროტესტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქში

5 მარტი, 2022 •
“ხერსონი უკრაინაა!” — პროტესტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქში

უკრაინის სამხრეთში მდებარე ქალაქ ხერსონში, რომელიც მიმდინარე კვირაში რუსმა სამხედროებმა დაიკავეს, ადგილობრივი მოსახლეობა ოკუპაციის წინააღმდეგ გამოვიდა.

5 მარტს, შუადღისას გადაღებულ ვიდეოებში ჩანს ქალაქის ცენტრში შეკრებილი მოსახლეობა, რომელთაც ხელში უკრაინის დროშები უკავიათ. ისინი სკანდირებდნენ: “უკრაინა!”, “ხერსონი უკრაინაა!”, რუს სამხედროებს კი უყვიროდნენ: “ფაშისტებო!”

ისმოდა შეძახილიც: “Русский военный корабль, иди на хуй!”

უკრაინის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ ხერსონზე რუსეთის ძალებმა კონტროლი 3 მარტს დაამყარეს. ეს იყო პირველი სტრატეგიული ქალაქი, რომლის დაკავებაც რუსეთმა შეძლო ომის დაწყებიდან დღემდე.

სოციალურ მედიაში გავრცელებული კადრების მიხედვით, რუსი სამხედროები ჰაერში ისროდნენ, თუმცა მოსახლეობა პროტესტს აგრძელებდა.

მიმდინარე დღეებში სოციალურ მედიაში ვრცელდება არაერთი ვიდეო, რომლებშიც ჩანს, როგორ უწევს უკრაინის მოსახლეობა წინააღმდეგობას რუს სამხედროებს. ზოგ შემთხვევაში, ისინი ცდილობენ, შიშველი ხელებით შეაფერხონ სამხედრო ტექნიკის გადაადგილება.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

გაეროს მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 1.2 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა სეპარატისტული რეგიონების — ლუგანსკისა და დონეცკის — აღიარება. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის მიზანი უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

აგრესიის საპასუხოდ, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს არაერთი ეკონომიკური და სხვა სახის სანქცია დააკისრეს, რიგმა ქვეყნებმა კი უკრაინას ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარება აღმოუჩინეს.

რუსეთის საჰაერო შეტევების ფონზე, კიევი ნატო-სგან უკრაინის ცის არასაფრენ ზონად გამოცხადებას ითხოვს, რაზეც ალიანსი უარს ამბობს, მიიჩნევს რა, რომ ეს ომში პირდაპირ ჩართვას გამოიწვევს.

რა ხდება ოკუპირებულ ხერსონში აქციამდე და აქციის შემდეგ – ჟურნალისტის მონათხრობი

მასალების გადაბეჭდვის წესი