საზოგადოება

საქართველო EU-ში გაწევრიანებაზე ოფიციალურ განაცხადს ხვალ წარადგენს

2 მარტი, 2022 •
საქართველო EU-ში გაწევრიანებაზე ოფიციალურ განაცხადს ხვალ წარადგენს

„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვეტილება მიიღო, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი 2024 წლის ნაცვლად დაუყოვნებლივ წარადგინოს.

ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 2024 წელს ძლიერი, ახალი რეფორმებით ზურგგამაგრებული განაცხადის შეტანას ექნებოდა მრავალი უპირატესობა განაცხადის ნაჩქარევ შეტანასთან შედარებით, თუმცა საერთო პოლიტიკური კონტექსტისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაუყოვნებლივ წარადგინოს.

„საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დაჩქარებული წესით უკვე ამზადებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებს საქართველოს ხელისუფლების სახელით ხვალ [3 მარტს] ოფიციალურად წარედგინება“, — განაცხადა კობახიძემ.

მანამდე ირაკლი კობახიძემ გააკრიტიკა ოპოზიცია და თქვა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების თაობაზე „შექმნილი აქვთ ხელოვნური აჟიოტაჟი“.

„ამ აჟიოტაჟსაც აქვს ერთადერთი მიზანი, აღნიშნული განაცხადი სანქციების დაწესებასა და შეიარაღებულ კონფლიქტში საქართველოს ჩართვას დაუკავშირონ. როგორც სანქციების დაწესება, ისე სამხედრო კონფლიქტში საქართველოს რამე ფორმით ჩართვა იქნება უმძიმესი შედეგის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის. ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების დაკავშირება სანქციებთან ან ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩართვასთან ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. პირიქით, ეკონომიკურად სუსტი და მოწყვლადი ქვეყანა ევროკავშირში არავის სჭირდება. სანქციებითა და ომით დამძიმებულ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა სრულად გაუქრებოდა“, — განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, გასული წლების განმავლობაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ჰქონდა არაერთი შთამბეჭდავი მიღწევა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე.

„ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან, მივიღეთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ევროკავშირში ინტეგრაცია კონსტიტუციურ ამოცანად განვსაზღვრეთ. განვახორციელეთ მრავალი რეფორმა, რომელმაც ქვეყანა ევროკავშირის სტანდარტებს დაუახლოვა. 2024 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენა „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს საარჩევნო პროგრამის მთავარ მიზნად გამოაცხადა. ამ ძალისხმევის ლოგიკური გაგრძელებაა ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება განაცხადის დაუყოვნებლივ წარდგენისა და კანდიდატის სტატუსის მიღების შესახებ“, — თქვა მან.

რუსეთთან სრულმასშტაბიან ომში მყოფმა უკრაინამ 28 თებერვალს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი შეიტანა.

ირაკლი კობახიძე გუშინ, 1 მარტს აცხადებდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უკრაინის განაცხადთან დაკავშირებით შექმნილია „ემოციური აჟიოტაჟი“; მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა კონსულტაციები ევროკავშირის წარმომადგენლებთან, რომლებმაც უთხრეს, რომ ევროპული პერსპექტივის შეთავაზება „რელევანტურია უკრაინისთვის და არა — საქართველოსთვის და მოლდოვისთვის“.

ამავე თემაზე:

უკრაინა ევროკავშირის კართან — საქართველოსთან ერთად თუ მის გარეშე?

უკრაინა ევროკავშირის კართან — საქართველოსთან ერთად თუ მის გარეშე?

მასალების გადაბეჭდვის წესი