„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ უკრაინის საკითხზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომას არ დაესწრება, შესაბამისად, ქვორუმის არარსებობის გამო სხდომა არ გაიმართება.
პარლამენტის 41 ოპოზიციონერი დეპუტატის ინიციატივით, უკრაინის საკითხზე რიგგარეშე სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა მოიწვია. „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ ენმ-ის შოუში მონაწილეობას არ აპირებენ და არც სხდომის გამართვის აუცილებლობა არსებობს.
„ყოველგვარი მინიშნებების გარეშე, პირდაპირ გვინდა განვაცხადოთ, რომ უკრაინის მიმართ რუსეთის ღია სამხედრო აგრესიის საკითხზე იმ ხალხის მიერ შემოთავაზებულ შოუში, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოს ომიდან ორ თვეში საკუთარი ქვეყანა და სამხედრო ძალები ომის დაწყებაში და ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვაში დაადანაშაულეს, მონაწილეობას არ ვაპირებთ. აქვე დავძენთ, რომ სხდომის გამართვის საჭიროება ამ ეტაპზე ობიექტურადაც არ არსებობს. იმაზე ყურადღების გამახვილებაც კი არ ღირს, რომ მათ დღის წესრიგში შესატანი ორი საკითხიდან ვერც ერთი მოარგეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ ნორმებს“, — განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ.
მისი თქმით, საქართველო მოქმედებს დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციის პირობებში, მხარს უჭერს მეგობარ უკრაინას და უკრაინელ ხალხს და მოცემულ სიტუაციაში ნამდვილად არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ყალბ ემოციებზე და პოპულიზმზე აყოლის დრო.
„იკვეთება, რომ რადიკალური ოპოზიციის, რომელიც წარმოადგენს მეხუთე კოლონას საქართველოში 2008 წლიდან მოყოლებული დღემდე, პირდაპირი ამოცანაა საქართველოსკენ გადმოვიდეს მეტი ყურადღება, შეიქმნას პროვოკაციული ფონი და ჩვენმა ქვეყანამაც არა პრაგმატული, არამედ ემოციური გადაწყვეტილებები მიიღოს და გამოუსწორებელი შეცდომები დაუშვას. ჩვენი ამოცანა კი პირიქით, პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელება, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესების და ეკონომიკის დაცვაა. ამავე დროს ყველა საერთაშორისო პლატფორმიდან მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს, უკრაინას, მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ქვეყნის ყველა პირველი პირი მკაფიო შეფასებებითა და განცხადებებით გამოეხმაურა რუსეთის ღია სამხედრო აგრესიას უკრაინაში; პარლამენტმა, მეორემ მსოფლიოში, მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია“, — განაცხადა მიქანაძემ და დასძინა, რომ მთავრობა მუშაობს ჰუმანიტარული დახმარების დეტალებზე, ხოლო პარლამენტის საგარეო კომიტეტი ამზადებს კიდევ ერთ მხარდამჭერ განცხადებას.
„რაც შეეხება ხვალინდელ სხდომას და „ნაციონალურ მოძრაობას“, ჩვენ არ ვაპირებთ მათ პოპულიზმში თუ თავისი მავნებლობების ჩამორეცხვის კამპანიაში და მათ დღის წესრიგში ჩართვას. შესაბამისად, ჩვენი ფრაქცია ამაში მონაწილეობას არ მიიღებს, რის გამოც ხვალინდელი სხდომა, რომელიც მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ პოპულისტურ და მავნებლურ მიზნებს და არა უკრაინის მხარდაჭერას ემსახურება, არ და ვერ გაიმართება“, — განაცხადა მიქანაძემ.