საზოგადოება

რა შეზღუდვები გააუქმა საკოორდინაციო საბჭომ

22 თებერვალი, 2022 • 1253
რა შეზღუდვები გააუქმა საკოორდინაციო საბჭომ

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით კორონავირუსის გავრცელების შემცირების მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილს ხსნის.  როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, 1 მარტიდან ძალაში შემდეგი ცვლილებები შევა:

მოგზაურობა

პირველი მარტიდან საქართველოს საზღვარზე ყველა იმ ქვეყნის მოქალაქე შეძლებს PCR ტესტის ან ვაქცინაციის საფუძველზე შემოსვლას, რომელი ქვეყნებისთვისაც ამ დრომდე შეზღუდვები იყო დაწესებული.

საქართველოს მოქალაქეები კი, რომლებიც ქვეყანაში შემოსვლისას არც ვაქცინაციის დამადასტურებელ საბუთს წარადგენენ და არც PCR ტესტის პასუხი ექნებათ, 8-ის ნაცვლად 5-დღიან იზოლაციას გაივლიან. ამასთან, PCR ტესტის საფუძველზე შემოსული მოქალაქეები გათავისუფლდებიან მესამე დღეს ტესტის ხელახლა ჩატარების ვალდებულებისგან.

სასტუმროები, კვების და გასართობი ობიექტები

ღიბრაძის განცხადებით, მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან გაიზარდოს დაშვებულ პირთა რაოდენობა ათამდე, ხოლო ღია სივრცეში გაიზარდოს 15- მდე.

ასევე უქმდება სტუმართა მაქსიმალურ რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა.

ღიბრაძის განცხადებით, გაუქმდება თერმოსკრინინგის, ჟურნალის წარმოების და დეზობარიერების ქონის ვალდებულება. სასტუმროებს ეძლევათ უფლება, ბუფეტის მეშვეობით მომსახურება გაუწიონ თავიანთ სტუმრებს.

გარდა ამისა, 4 მარტიდან დასაშვები იქნება კლუბების ფუნქციონირება ფართის მხოლოდ 60%-ის ტევადობის გამოყენებით.

სოციალური ღონისძიებები და სემინარები

რაც შეეხება სოციალურ ღონისძიებებს,  ღიბრაძის განცხადებით, იმ დაშვებებით, რაც კვების ობიექტებზე მუშაობს, ნებადართული იქნება სოციალური ღონისძიებების, მათ შორის, წვეულებების, დაბადების დღეების, ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

15 მარტიდან კი დაშვებული იქნება სემინარების, ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

საკარანტინო სივრცეები

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ასევე უქმდება ე.წ. კოვიდ სასტუმროები. შესაბამისად, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ეს სივრცეები პაციენტებს დღეიდან უკვე აღარ მიიღებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი