„სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ გამოხატულია, ამის მიღმა ჩვენს რესურსებს აქვს გარკვეული ზღვარი“, — განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, იმ თემაზე საუბრისას, თუ რამდენად საკმარისია საქართველოს მიერ უკრაინისთვის გამოხატული სოლიდარობა.
„ჩვენ გამოვხატეთ სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ და გავაკეთეთ აქცენტი მთავარ ამოცანაზე — ომის არდაშვებაზე. აქეთკენ უნდა იყო მიმართული თითოეული ნაბიჯი და მათ შორის, რიტორიკაც. ჩვენს ხელში არ არის გადამწყვეტი როლის შესრულება ომის არდაშვებაში. ჩვენ გვაქვს ჩვენი წილი რესურსი, მაგრამ ამის მიღმა ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ სოლიდარობა გამოვხატოთ ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის მიმართ. სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ გამოხატულია, ამის მიღმა ჩვენს რესურსებს აქვს გარკვეული ზღვარი. ჭარბად მძაფრი რიტორიკა, რასაც ხშირად ითხოვენ ხოლმე ჩვენი ოპონენტები, გვგონია, რომ უფრო მეტად დაასხამს იმ წისქვილზე წყალს, რასაც ჰქვია ომის პროვოცირება, ვიდრე იმაზე, რაც ჩვენ გვინდა — ომის არდაშვებაზე.
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან [რუსეთის] შიშზე კეთდება აქცენტი იმისთვის, რომ დააკნინონ რაღაც ფორმით.
„გვეშინია თუ არ გვეშინია, ეს ცალკე თემაა, მაგრამ შიშიც რომ იყოს ჩვენი მამოძრავებელი, ამაშიც არაფერი იქნებოდა დამაკნინებელი. ნეტავ, მათაც შეშინებოდათ 2008 წელს, როდესაც რუსეთს 20%-ის ოკუპაციის შესაძლებლობა მისცეს, იქ ვიღაცამ იმიტომ გააკეთა ეს, რომ მოღალატე იყო და ვიღაცამ იმიტომ გააკეთა, რომ არ შეეშინდა. თუმცა, მერე რომ შეეშინდათ, გარბოდნენ სადახლოდან ქვეყნის დასატოვებლად. ნეტავ, თავის დროზე შეშინებოდათ“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, უკრაინასთან დაკავშირებით საქართველოს ყოველი შემდგომი ნაბიჯი მოვლენების განვითარების მიხედვით დაიგეგმება, საჭიროების შემთხვევაში, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის ჩათვლით.