საზოგადოება

2 ოლქის ჯარისკაცები დისლოკაციის ადგილს უბრუნდებიან — რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

15 თებერვალი, 2022 • 5483
2 ოლქის ჯარისკაცები დისლოკაციის ადგილს უბრუნდებიან — რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერ იგორ კონაშენკოვის თქმით, რუსეთის ფედერაციის სამხრეთის და დასავლეთის სამხედრო ოლქების ჯარები წვრთნების შემდეგ მუდმივი დისლოკაციის ადგილას ბრუნდებიან.

„სამხრეთის და დასავლეთის სამხედრო ოლქების ქვედანაყოფებმა, დავალებების შესრულების შემდეგ, უკვე დაიწყეს ჩატვირთვა სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტში და დღეს სამხედრო გარნიზონებში დაიწყებენ გადაადგილებას“, — განაცხადა კონაშენკოვმა.

რუსეთის დასავლეთისა და სამხრეთის სამხედრო ოლქებმა 25 იანვარს გამოაცხადეს ჯარების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების დაწყების შესახებ. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ 14 თებერვალს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ფაქტობრივად ყველა სამხედრო ოლქსა და ფლოტში მიმდინარეობს სამხედრო სწავლებები, რომელთა ნაწილი უახლოეს პერიოდში დასრულდება.

დასავლურ მედიაში გავრცელებული წყაროების ცნობით,  16 თებერვლისთვის რუსეთი იქნებოდა მზად უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის.

„ჩვენ გვითხრეს, რომ თავდასხმის დღე 16 თებერვალი იქნება, ჩვენ ამ დღეს ერთობის დღედ ვაქცევთ“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 თებერვალს უკრაინელი ხალხისადმი ვიდეომიმართვაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ დაწერა, რომ 2022 წლის 15 თებერვალი ისტორიაში შევა, როგორც დასავლეთის ომის პროპაგანდის ჩავარდნის დღე.

„შერცხვენილები და განადგურებულები გასროლის გარეშე“, — დაწერა მან.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას თქმით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან სხვადასხვა განცხადებები კეთდება და უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან ჯარების გაყვანას დაიჯერებენ, როცა ამას დაინახავენ.

„ვნახავთ გაყვანას, დავიჯერებთ დეესკალაციას“, — განაცხადა კულებამ.

მისივე თქმით, თუ რუსეთის ფედერაცია აღიარებს დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტულ რეგიონებს, ამით დე ფაქტო და დე იურე დატოვებს მინსკის შეთანხმებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი