კრემლის ყოფილი თანამშრომელი და უკრაინაში ძებნილი ინალ არძინბა უკვე ზუსტად სამი თვეა, რაც აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრია.
ამ დროის განმავლობაში, მან უკვე მოახერხა ქართულ-აფხაზური არაფორმალური დიალოგის ფორმატების აკრძალვა, მოსკოვსა და სოჭში ვიზიტი და, როგორც თავად განაცხადა, გაეროს გაუგზავნა წერილი, სადაც ორგანიზაციის დამკვირვებელ წევრად დე ფაქტო აფხაზეთის აღიარებას ითხოვს.
ქართველი შემფასებლებლის ნაწილის თანახმად, არძინბა აფხაზეთში რუსული ანექსიური პოლიტიკის გამტარებელია.
დიალოგის აკრძალვა
ერთ-ერთი პირველი, რაც ინალ არძინბამ დე ფაქტო უწყებაში მოსვლის შემდეგ გააკეთა, იყო განცხადება, რომ ამიერიდან განსაკუთრებით დააკვირდებოდნენ დე ფაქტო აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას საქართველოს მიმართულებით.
8 დეკემბერს ადგილობრივ ტელევიზიასთან გამართული ინტერვიუსას არძინბამ განაცხადა, რომ „ყურადღებით გააანალიზებდა აფხაზეთში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასა და დაფინანსების წყაროებს“.
23 დეკემბერს, არძინბასა და ლავროვს შორის სოჭში გამართული შეხვედრიდან მალევე, რუსულმა და აფხაზურმა ოფიციალურმა მხარეებმა მემორანდუმი გააფორმეს უცხოური ფონდების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების, როგორც „უცხო ქვეყნის აგენტების“, შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა რუსულ კანონთან ჰარმონიზაციას.
მოგვიანებით, იანვრის თვეში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას,არძინბამ ორგანიზაციების ნაწილს აუკრძალა ისეთი პროექტების განხორციელება, რაც ქართულ-აფხაზური არაფორმალური დიალოგს ითვალისწინებდა.
„ეს დაუშვებელი პროექტია, რომლის მიზანიცაა აფხაზეთის მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა, პირდაპირი დიალოგი აფხაზ და ქართველ ექსპერტებსა და ახალგაზრდებს შორის. ამ პროექტის განხორციელება დაუშვებელია აფხაზეთის ტერიტორიაზე. ჩაიწერეთ ეს და მსგავსი პროექტები აღარ აკეთოთ. ჩვენ გიკრძალავთ ამას“, – ასე მიმართა არძინბამ „ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმის (COBERM) წარმომადგენლებს.
ქართულ-აფხაზური არაფორმალური დიალოგის აკრძალვის შესახებ უფრო მეტი შეიტყვეთ ნეტგაზეთის მასალიდან:
დე ფაქტო აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილმა არძინბას აკრძალვის საპასუხოდ მიმართვა გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ორგანიზაციებისთვის დაწესებული შეზღუდვები გარდაუვალ ნეგატიურ შედეგებს მოუტანდა აფხაზეთს და დააზიანებდა მის საერთაშორისო იმიჯს, ასევე გაამყარებდა ქართულ ნარატივს იმის შესახებ, რომ აფხაზეთი ოკუპირებულია.
რუსეთთან კიდევ უფრო დაახლოება
ინალ არძინბას პირველი რუსული ვიზიტი სერგეი ლავროვთან 2021 წლის დეკემბერში სოჭში შედგა.
შეხვედრაზე მხარეებმა „კმაყოფილება გამოხატეს რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის ურთიერთობების განვითარების დინამიკის გამო“.
ასევე, რუსულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, რომ დე ფაქტო აფხაზეთს (და სამხრეთ ოსეთს) გაუწიოს ყველა შესაძლო დახმარება „სახელმწიფოს მშენებლობის, უსაფრთხოების გაძლიერებისა და სოციო-ეკონომიკური განვითარების გზაზე“.
მოგვიანებით, 8 თებერვალს, არძინბა მოსკოვში ხანგრძლივი ვიზიტით გაემგზავრა.
ვიზიტისას იგი შეხვდა გაეროს რუსეთის ორგანიზაციის პირველ მოადგილეს, ალექსეი ბორისოვს, მისცა ინტერვიუ რუსულ პროპაგანდისტულ არხს – Russia Today-ს, ასევე შეხვდა მარგარიტა სიმონიანს, რომელიც Russia Today-ს რედაქტორია.
არძინბა შეხვდა „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების და საერთაშორისო ჰუმანიტარული თანამშრომლობის ფედერალური სააგენტოს“ ხელმძღვანელს, ევგენი პრიმაკოვს, რომელიც რუსეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრისა და ერთ-ერთი რუსული საგარეო დოქტრინის, „პრიმაკოვის დოქტრინის“ ავტორის, ევგენი პრიმაკოვის შვილიშვილია.
ინალ არძინბა და ევგენი პრიმაკოვი. 12 თებერვალი ფოტო: დე ფაქტო საგარეო უწყება
რუსეთში ყოფნისას ინალ არძინბა შეხვედრა გამართა რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს სახელმწიფო მდივანთან, დიმიტრი მეზენცევთან და აფხაზეთის „საელჩოს“ ბაზაზე დააფუძნა ახალგაზრდობის მხარდამჭერი ცენტრი „აფხაზეთის მომავალი“, რომელიც გულისხმობს აფხაზი ახალგაზრდების სწავლებასა და სტაჟირების პროგრამებში ჩართვაში მხარდაჭერას. ასევე, შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს, მარია ზახაროვას.
საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხების ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, რუსეთი ცდილობს აფხაზეთის ანექსიას და სწორედ ამ პოლიტიკის გამტარებელია ინალ არძინბაც.
„რუსეთი ცდილობს აფხაზეთის ანექსიას. არძინბა არის ამ დავალების შემსრულებელი, ამ პოლიტიკის გამტარებელი. იმ დროს, როდესაც მთელი ყურადღება გადართულია უკრაინაზე, მოსკოვმა კარგად მოიხელთა სიტუაცია.
რუსეთს უნდა, რომ იმას მიაღწიოს უკრაინაში, რასაც საქართველოში მიაღწია – დაადუმოს და გააჩუმოს უკრაინული ხელისუფლებაც. იმ დონეზე ვართ დაშინებულნი (საქართველოს ხელისუფლება), რომ აფხაზეთზეც ვერ ვიღებთ ხმას.
ანექსიის მცდელობაზე, რაც არ უნდა უცნაური იყოს, აფხაზეთში ხმას იღებენ“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ზაქარეიშვილის მოსაზრებით, დიალოგის აკრძალვაც რუსული პოლიტიკის ნაწილია, რასაც არაადეკვატურად უპასუხეს საქართველოს მთავრობაში.
აფხაზეთი – გაეროს დამკვირვებელი წევრი
მოსკოვში ყოფნისას, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, არძინბამ გაეროს რუსეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოადგილეს, ალექსეი ბორისოვს გადასცა ანტონიო გუტიერეშის სახელზე მიმართვა, სადაც ითხოვს აფხაზეთის დამკვირვებელ წევრად აღიარებას.
მისი განცხადებით, გაეროს ერთ-ერთი ფუნქციაა, რომ უზრუნველყოს მცირე და დიდი სახელმწიფოების უფლებების თანასწორობა.
ალექსეი ბორისოვი და ინალ არძინბა აფხაზეთის გაეროს დამკვირვებელ წევრად აღიარების წერილით ხელში
პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, დე ფაქტო აფხაზეთის სურვილს, იყოს გაეროს დამკვირვებელი წევრი, მომავალი არ აქვს და ეს კეთდება რუსეთის მიერ აფხაზების თვალის ახვევის მიზნითა და არძინბას ფიგურის გასაძლიერებლად.
„რუსეთი არ არის დაინტერესებული აფხაზეთის რეალური აღიარებით და ხელს არ უწყობს ამაში. აფხაზეთი აღიარებინეს ვენესუელას, ნიკარაგუას, ოკეანეთის ქვეყნებსა და სირიას, რომლებსაც ვალდებულებები გააჩნიათ რუსეთის წინაშე.
ამ ფონზე რუსეთი „ხლაფორთობს“, თითქოს აფხაზებს დაანახოს, რომ მის აღიარებას ცდილობს.
აშკარად ჩანს, რომ არძინბა არ არის პოპულარული აფხაზეთში. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მას მხარს უჭერს. ან აკრიტიკებენ, ან ჩუმად არიან.
პარალელურად. რუსეთს სურს გააძლიეროს არძინბა და, შესაბამისად, შესთავაზა იდეა, რომელზეც ლაპარაკი დიდხანს შეიძლება, რადგან გაერო, პროცედურული საკითხების გამო, დიდხანს შეეწინააღმდეგება ამ იდეას“, – აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
მისი თქმით, გაერო არ დაუშვებს აფხაზეთის დამკვირვებელ წევრად გახდომას, რადგან ამის წინააღმდეგი იქნებიან გაეროს უშიშროების საბჭოში შემავალი ქვეყნები, მათ შორის, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები.
ამჟამად გაეროს დამკვირვებელი წევრის სტატუსი მხოლოდ ვატიკანსა და პალესტინას აქვს, ამ უკანასკნელის შექმნა კი თავად გაეროს რეზოლუციით იყო გადაწყვეტილი.
წლების განმავლობაში დამკვირვებელი წევრის სტატუსის მოპოვებას უშედეგოდ ცდილობდა ჩინეთის რესპუბლიკა, იგივე ტაივანი.