საზოგადოება

„ტექნიკური მიზეზების გამო ტესტის ყველა პასუხი არ აიტვირთა“ – გამყრელიძე 4 ათას შემთხვევაზე

14 თებერვალი, 2022 • 1476
„ტექნიკური მიზეზების გამო ტესტის ყველა პასუხი არ აიტვირთა“ – გამყრელიძე 4 ათას შემთხვევაზე

NCDC-ის ხელმძღვანელის თქმით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი 4 000 შემთხვევა რეალურ სურათს არ ასახავს, რამდენადაც დადებითობის დღიური მაჩვენებელი 40%-ზე მეტი იყო. ამასთან, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ იყო ტექნიკური მიზეზებიც, რის გამოც ყველა ჩატარებული ტესტის პასუხი სისტემაში გუშინ ვერ აიტვირთა:

„დღეს 4 ათასი შემთხვევა და 21 გარდაცვალება გვქონდა. ეს რეალურ სურათს არ ასახავს, რადგან გვაქვს მაღალი დადებითობის მაჩვენებელი 40%-მდე. ვერ მოხდა ტექნიკური მიზეზების გამო ყველა შემთხვევის ატვირთვა. იმიტომ, რომ შაბათ-კვირას პორტალის განახლება ხდებოდა, დღევანდელი ციფრებით ვერ ვიმსჯელებთ. ხვალ იქნება განახლებული რიცხვები როგორც კვირის, ასევე ორშაბათის“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ამჟამად ქვეყანა კორონავირუსის მეექვსე ტალღის გავრცელების პიკშია, თუმცა ამბობს, რომ მიმდინარე კვირიდან შემთხვევების დღიური რაოდენობის კლებაა მოსალოდნელი:

„სიტუაცია მარტივი არ არის, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ომიკრონის ცირკულაციის ფონზე თანდათან უნდა დაიწყოს [უკან დახევა]. ჩვენ ახლა ვართ პიკში და პიკის გადავლის ეტაპი ამ კვირაში მაინც უნდა დაიწყოს“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.


საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 028 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 21 პაციენტი.

როგორც წესი, კვირა დღეს ნაკლები ტესტი ტარდება.  შესაბამისად, ბოლო 24 საათში ჩატარდა 9 688 ტესტი, გამოჯანმრთელდა 22 517 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 41.58%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 31.92% ხოლო 7 დღის მანძილზე – 33.03%.

ახალი შემთხვევები ქვეყნის მასშტაბით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 2 228
  • აჭარა – 303
  • იმერეთი – 450
  • ქვემო ქართლი – 259
  • შიდა ქართლი – 207
  • გურია – 89
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 203
  • კახეთი – 210
  • მცხეთა – მთიანეთი – 27
  • სამცხე – ჯავახეთი – 48
  • რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4

საქართველოში სულ გამოვლინდა კორონავირუსის 1 458 093 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 270 759 ადამიანი, გარდაიცვალა 15 577. 

მასალების გადაბეჭდვის წესი