საზოგადოება

კიევში “უკრაინის ერთიანობის მარშს” ათასობით ადამიანი შეუერთდა

12 თებერვალი, 2022 • 4412
კიევში “უკრაინის ერთიანობის მარშს” ათასობით ადამიანი შეუერთდა

კიევში გამართულ “უკრაინის ერთიანობის მარშს” რამდენიმე ათასი ადამიანი შეუერთდა. დემონსტრაცია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებული, მზარდი შიშების ფონზე გაიმართა.

კიევის ცენტრში გამოსული დემონსტრანტები სკანდირებდნენ: “დიდება უკრაინას!”. სააგენტო Reuters-ის თანახმად, აქციის მონაწილეებს ხელში სხვადასხვა შინაარსის პლაკატები ეჭირათ, მათ შორის, “უკრაინა შეეწინააღმდეგება” და “დამპყრობლები უნდა მოკვდნენ”.

11 თებერვალს აშშ-მა უახლეს სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ მოახლოვდა დრო, როცა უკრაინაში რუსეთის შეჭრა ნებისმიერ წამს არის მოსალოდნელი.

“უკრაინის ერთიანობის მარში” კიევში. 12.02.22 ფოტო: EPA

Reuters-ის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთისაგან შეტევა ნებისმიერ დროსაა მოსალოდნელი, თუმცა ასევე ისაუბრა გადაჭარბებული ოდენობის ინფორმაციაზე ომთან დაკავშირებით:

“ჩვენი მტრების საუკეთესო მეგობარი პანიკაა და მთელი ეს ინფორმაცია მხოლოდ პანიკას თესავს, არ გვეხმარება… მე არ შემიძლია, დავეთანხმო ან არ დავეთანხმო იმას, რაც ჯერ არ მომხდარა. ჯერჯერობით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი არ არის”.

“ყოველდღე მზად უნდა ვიყოთ. ეს გუშინ არ დაწყებულა. ეს დაიწყო 2014 წელს, ასე რომ, ჩვენ მზად ვართ და ამიტომ ვართ აქ”.

არაერთმა სახელმწიფომ, მათ შორის, აშშ-მა, კანადამ, ევროკავშირის ქვეყნებმა და იაპონიამ თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისაკენ მოუწოდა. ამასთან, აშშ-მა კიევში თავისი საელჩოს თანამშრომელთა დიდ ნაწილს ქვეყნის დატოვება უბრძანა.

“უკრაინის ერთიანობის მარში” კიევში. 12.02.22 ფოტო: EPA

უკვე რამდენიმე თვეა, რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 100 ათასამდე  სამხედრო განათავსა, გარდა ამისა, რამდენიმე დღეში იწყება მასშტაბური სამხედრო წვრთნები.

რუსეთი უარყოფს უკრაინაში შეჭრის განზრახვას, თუმცა მან გასულ თვეს დასავლეთისგან მკაფიო წითელი ხაზების გავლება მოითხოვა, რომლის მიხედვითაც, დასავლეთმა უარი უნდა თქვას საქართველოსა და უკრაინის ნატოში მიღებაზე და აღმოსავლეთით გაფართოებაზე.

აღნიშნულ ულტიმატუმზე რუსეთმა აშშ-სა და ნატოსგან თანხმობა ვერ მიიღო.

უკრაინაში რუსეთის შეჭრა ოლიმპიადის დასრულებამდეა მოსალოდნელი — ბლინკენი

მასალების გადაბეჭდვის წესი