საზოგადოება

უკრაინის რადა სააკაშვილის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას აპირებს – ხერხეულიძე

4 თებერვალი, 2022 • 1812
უკრაინის რადა სააკაშვილის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას აპირებს – ხერხეულიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე აცხადებს, რომ უკრაინის უმაღლესი რადა მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტების შემსწავლელი კომისიის შექმნას აპირებს. ამის შესახებ ხერხეულიძემ „მთავარ არხთან“ განაცხადა.

ხერხეულიძე ამჟამად ენმ-ის დელეგაციასთან ერთად კიევში იმყოფება და შეხვედრებს მართავს რადას წევრებთანაც. მისი თქმით, ასევე საუბარია იმაზე, რომ შეიქმნას საპარლამენტთაშორისო ჯგუფი საქართველოს, უკრაინის, პოლონეთის, მოლდოვის წარმომადგენელებს შორის, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეისწავლის.

„თქვენ იცით, რომ კომისიის შექმნა იგეგემება საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტების შემსწავლელი.  უკრაინის რადა აპირებს შექმნას იგივენაირი კომისია, საკუთარი მოქალაქის წინააღმდეგ განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შემსწავლელი კომისია.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტთაშორისო ჯგუფი იქმნება, რომელიც დღეს გახდა ცნობილი. ძალიან დაახლოვდა შემხებლობის წერტილები იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნებისთვის, რომლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის გათვალისწინებით საქართველოსა და უკრაინაში მომხდარი ამბებიმ  პერსონალურად მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან საინტერესო. დღეს მოვილაპარაკეთ ამასთან დაკავშირებით, შევთანხმდით გარკვეულ საკითხებზე. გადაწყვეტილება არ არის მიღებული, მაგრამ ძალიან დაახლოებულია ჩვენი შეხედულებები, რომ როგორც ბალტიის ქვეყნები, ასევე საქართველო-უკრაინა-პოლონეთი-მოლდოვა, ეს იქნება საპარლამენტთაშორისო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

მისი თქმით, ორივე ფორმატი იზრუნებს იმაზე, რომ ობიექტური დოკუმენტაცია შეიკრიბოს, რაც სტრასბურგის სასამართლოშიც გამოადგებათ.

მიხეილ სააკაშვილის საქემზე საგამოძიებო კომისიის შექმნა იგეგმება საქართველოს პარლამენტშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი