საზოგადოება

“ვაქცინაციის ისედაც დაბალ მაჩვენებელს, სავარაუდოდ, უფრო მეტად შეამცირებს” – ჩხაიძე “მწვანე პასპორტის” გაუქმებაზე

2 თებერვალი, 2022 • 1108
“ვაქცინაციის ისედაც დაბალ მაჩვენებელს, სავარაუდოდ, უფრო მეტად შეამცირებს” – ჩხაიძე “მწვანე პასპორტის” გაუქმებაზე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე მიიჩნევს, რომ მწვანე პასპორტები გაუქმების შემდეგ დახურულ სივრცეში კოვიდ ინფექციის გავრცელების რისკი გაიზრდება.

ჩხაიძე აცხადებს, რომ მაღალი ინფიცირების მაჩვენებლის ფონზე მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა ინფიცირების კიდევ უფრო მეტად ზრდას შეუწყოს ხელი. მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ჩხაიძემ აღნიშნა, რომ კორონავირუსგადატანილი პირებისთვის მწვანე პასპორტის ფლობის უვადო გარანტია სფეროს ექსპერტებში თავიდანვე დაუკმაყოფილებლობის გრძნობას იწვევდა. ომიკრონის მიმართ კი პრობლემა უფრო ნათელი გახდა:

„მას შემდეგ, რაც დეკემბრის ბოლოს ომიკრონით გამოწვეული მე-6 ტალღა დაიწყო საქართველოში, „მწვანე პასპორტის“ გარკვეული დებულებები უკვე რეალობასთან შეუსაბამო იყო. „მწვანე პასპორტების“ ამოქმედების პირველი დღეებიდანვე ჩვენ გვქონდა გარკვეული დაუკმაყოფილებლობის გრძნობა ერთ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომ კორონავირუსის გადატანის ფაქტი არ უნდა ყოფილიყო მისი მფლობელისთვის უვადო გარანტია, რომ ის სხვებისთვის უსაფრთხოა. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ჩანაწერი, რომ ვირუსის ერთხელ გადატანა საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანი დაცული იყოს, რეალობას უკვე არ შეესაბამება“ ,- ამბობს ივანე ჩხაიძე.

მისი თქმით, ასევე არ შეესაბამება რეალობას ანტიგენის ტესტზე დაყრდნობა, ვინაიდან ომიკრონის შემთხვევაში თუ დაავადება უსიმპტომოდ ან მსუბუქად მიმდინარეობს, ე.წ. სწრაფი ტესტი ძალიან ხშირად უარყოფით პასუხს იძლევა, რეალურად კი პაციენტი ინფიცირებულია.

მისი თქმით, ასევე არ შეიძლება, 72  საათის ვადაში ჩატარებული PCR ტესტი ჩაითვალოს დღევანდელი რეალობის შესაბამის გარანტიად, რადგანაც ომიკრონი სწრაფად ვრცელდება და შედარებით ხანმოკლე საინკუბაციო პერიოდი აქვს:

„შესაბამისად, ის ჩანაწერები, რომელიც მწვანე პასპორტში იყო, დღევანდელ მოცემულობას ნაკლებად შეესაბამებოდა. ჩვენი სურვილი იყო, შეცვლილიყო ეს დებულებები და მწვანე პასპორტების სისტემა მორგებოდა დღევანდელ რეალობას. ეს გადაწყვეტილება რამდენიმე ქვეყანამ მიიღო ევროპაში. ძალიან ბევრი ქვეყანა ამ მიმართულებას აძლიერებდა და პასუხობდა ამ გამოწვევას. ბევრმა ქვეყანამ დატოვა მხოლოდ ვაქცინაცია 2+1 სქემით. ეს არის დღეს ის, რაც ყველასთვის განიხილება როგორც მაქსიმალურად უსაფრთხო მიდგომა“, – ამბობს ივანე ჩხაიძე.

მისი თქმით, მწვანე პასპორტის მთლიანად გაუქმების შემდეგ დახურულ სივრცეში ინფექციის გავრცელების რისკი უფრო მეტი იქნება. ამასთან, ჩხაიძე აღნიშნავს, რომ საქართველო ჯერჯერობით პანდემიის მე-6 ტალღის აღმავალ ტენდენციას ინარჩუნებს და ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მაღალია. მისი თქმით, სავსებით შესაძლებელია, „მწვანე პასპორტის“ გაუქმებამ ინფიცირების ზრდასაც შეუწყოს ხელი:

„გახდება თუ არა ამ სისტემის გაუქმება დემოტივატორი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ჯერ კიდევ ჰქონდათ აცრის სურვილი? რა თქმა უნდა – გახდება. ვინაიდან ვაქცინაციის ხელშეწყობა “მწვანე პასპორტის” ამოქმედების ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო. თუ ეს სისტემა ქვეყანაში არ მუშაობს, შესაბამისად, ხელშეწყობის ეს მექანიზმიც აღარ მუშაობს. ამიტომ, სავარაუდოდ, ეს კიდევ უფრო მეტად შეამცირებს ვაქცინაციის ისედაც დაბალ მაჩვენებელს“, – ამბობს ივანე ჩხაიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი