საზოგადოება

მთავრობამ ე.წ. მწვანე პასპორტი გააუქმა

1 თებერვალი, 2022 • 3300
მთავრობამ ე.წ. მწვანე პასპორტი გააუქმა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ე.წ. მწვანე კოვიდპასპორტი გაუქმებულია.

ამის შესახებ დღეს, 1 თებერვალს გახდა ცნობილი.

როგორც საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენელმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებამ იმ მასშტაბებს მიაღწია, რომ მწვანე პასპორტის მექანიზმი ქმედითი არ არის. მან ასევე აღნიშნა, რომ არაერთმა ქვეყანამ შეამსუბუქა კოვიდრეგულაციები.

ჟურნალისტებმა გიორგი ღიბრაძეს სთხოვეს დაესახელებინა ქვეყანა, სადაც „მწვანე პასპორტი“ გაუქმდა და აცრის მაჩვენებელი საქართველოს მსგავსად დაბალია. ღიბრაძემ მსგავსი ქვეყანა ვერ დაასახელა და თქვა:

„აცრის პროცენტულობა შეიძლება პირდაპირ არ იყოს მიბმული ლოგიკასთან“.

მისი თქმით, სხვა ქვეყნები, სადაც აცრის მაღალი მაჩვენებელია, სხვა სისტემით მუშაობენ და საქართველოს ხელისუფლებამ არჩია, რომ ვაქცინაცია სავალდებულო არ ყოფილიყო.

გიორგი ღიბრაძისვე ინფორმაციით, თუ ადამიანს „მწვანე პასპორტი“ საზღვარგარეთ სამოგზაუროდ სჭირდება, ის აღნიშნულს მიიღებს, მაგრამ ქვეყნის შიგნით სავალდებულო არ იქნება.

ე.წ. მწვანე პასპორტი საქართველოში რამდენიმე თვის წინ ამოქმედდა და პირი, რომელსაც არც კოვიდი ჰქონდა გადატანილი და არც აცრილი იყო, ვერ შედიოდა სხვადასხვა ობიექტში, მაგალითად, კაფეებში, კინოთეატრებში და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი