საზოგადოება

პოლარიზაციის რისკებს ზრდის — პაპუაშვილის კაბინეტი ევროპარლამენტარების განცხადებაზე

22 იანვარი, 2022 •
პოლარიზაციის რისკებს ზრდის — პაპუაშვილის კაბინეტი ევროპარლამენტარების განცხადებაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის კაბინეტი აცხადებს, რომ ჟან მონეს დიალოგთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებული განცხადება პოლარიზაციის რისკებს ზრდის.

საქმე ეხება ზემოხსენებული დიალოგის ფასილიტატორი 3 ევროპარლამენტარის განცხადებას. ტექსტის თანახმად, მათი ვიზიტი საქართველოში, რომელიც 21-22 იანვარს იყო დაგეგმილი, გაუქმდა.

“…ვწუხვართ, რომ 21-22 იანვარს დაგეგმილი ვიზიტი თბილისში არ განხორციელდება, რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა არ გამონახა დრო, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში”, – წერენ ისინი.

ჟან მონეს დიალოგი ევროპარლამენტის შემუშავებული ინსტრუმენტია საპარლამენტო მედიაციისათვის. ამ საკითხზე საქართველოს კონტექსტში მსჯელობა 2021 წლიდან გააქტიურდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა ევროპარლამენტარებს 22 იანვარს უპასუხა და აღნიშნა, რომ “ჟან მონეს დიალოგი არის არა სპონტანური და ცალმხრივად დაგეგმილი აქტივობების ფორმატი, არამედ თანამშრომლობაზე დაფუძნებული პროცესი”.

“ამიტომ, მნიშვნელოვანია, მისი სწორი მომზადება და განხორციელება, რათა ეს ინსტრუმენტი პოლარიზების შემცირების ნაცვლად, თავად არ იქცეს პოლარიზების წყაროდ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ ჟან მონეს დიალოგის ინიცირებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის პრეზიდენტთან კომუნიკაციის დაწყების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის ახალი თავმჯდომარე და ევროპარლამენტის ახალი პრეზიდენტი იქნა არჩეული.

დიალოგის პროცესში, თავმჯდომარეების პირადი როლისა და ჩართულობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, დიალოგის დაწყების მომზადებამდე, შედგეს შეხვედრა ახალარჩეულ თავმჯდომარეებს შორის და მოხდეს შეთანხმება დიალოგის წარმართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე”, — ვკითხულობთ განცხადებაში

პაპუაშვილის კაბინეტში ამბობენ, რომ მოსამზადებელი ვიზიტის დაგეგმვა სწორედ ამის შემდეგ იქნება ლოგიკური და მიზანშეწონილი და აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდა ევროპარლამენტის შესაბამის სამსახურებს.

“ამასთან, ჟან მონეს დიალოგი ეფუძნება მინიმალური საჯაროობის პრინციპს.

შესაბამისად, 21 იანვარს სამი ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებული განცხადება მხოლოდ და მხოლოდ ზრდის პოლარიზაციის რისკებს და ხელს არ უწყობს დიალოგის დაწყების პროცესს.

შემდგომი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, სასურველია ევროპარლამენტის შესაბამისმა სამსახურებმა სრულად გაასაჯაროონ საქართველოს პარლამენტის კაბინეტთან წარმართული კომუნიკაცია ჟან მონეს დიალოგის მოსამზადებელ ვიზიტთან დაკავშირებით”, — წერია განცხადებაში.

ევროპარლამენტარების ვიზიტი გაუქმდა – „პაპუაშვილმა დრო არ გამონახა“

მასალების გადაბეჭდვის წესი