საზოგადოება

რუსეთის დეზინფორმაციის ხუთი ნარატივი – სახდეპი

21 იანვარი, 2022 • 3269
რუსეთის დეზინფორმაციის ხუთი ნარატივი – სახდეპი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, „რუსული დეზინფორმაციის ხუთი ყველაზე შეუპოვარი ნარატავი“. დოკუმენტში მოცემულია თეზისები, რომლებსაც რუსული პროპაგანდა კრემლის სასურველი შედეგების მისაღწევად იყენებს.

დოკუმენტმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ყურადღებაც მიიპყრო. ჟენევაში, აშშ-ის დელეგაციასთან შეხვედრისას, მან ირონიით განაცხადა:

„ჩვენ გავეცანით ვრცელ მასალას, რომელიც მოამზადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა იმის შესახებ, რასაც თქვენ რუსეთის დეზინფორმაციას უწოდებთ. იმედი მაქვს, სახელმწიფო დეპარტამენტში ყველა არ ყოფილა ამ მასალებზე მუშაობაში ჩართული და ვინმე კონცეტრირებული იყო იმ წინადადებების შინაარსზე, რომელიც ჩვენ გადმოგეცით“.

„ნეტგაზეთი“ სახდეპის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თარგმანს გთავაზობთ:

„წლების განმავლობაში, რუსეთმა შეადგინა ცრუ ნარატივების ნაკრები, რომელსაც კრემლის დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული ეკოსისტემა გამუდმებით აწვდის გლობალურ საინფორმაციო გარემოს. ეს ნარატივები ერთგვარი თარგია, რაც კრემლს საშუალებას აძლევს, სიტუაციას მოარგოს, უცვლელი კი მხოლოდ ერთი რამ რჩება – სიმართლის სრული უგულებელყოფა, ვინაიდან ეს ქმნის ინფორმაციულ გარემოს, რომელიც ხელს უწყობს [კრემლის] პოლიტიკურ მიზნებს.

რუსული სამხედრო და სადაზვერვო უწყებები მონაწილეობენ რუსეთის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის სისტემაში, მათ შორის მტრული სოცმედიის ოპერაციებში, შენიღბული და ღია ონლაინ-მედიის გამოყენებაში, დეზინფორმაციის შეტანაში ტელე და რადიოსივრცეში, კონფერენციების მოწყობაში, რომელთა მიზანიცაა დაარწმუნოს მონაწილეები, რომ რეგიონში დაძაბულობის ზრდაზე პასუხისმგებელია უკრაინა და არა რუსეთი, და კიბერ-ოპერაციების მოწყობაში, რომელთა მიზანიცაა მედიის მუშაობისთვის ხელშეშლა და ინფორმაციის მოპარვა.

ქვემოთ მოცემულია რუსული დეზინფორმაციის ხუთი თეზისი, რომლებსაც კრემლი ახალ ვითარებას არგებს, რათა საინფორმაციო სივრცე უკრაინაში საკუთარი მოქმედებების შესახებ ცრუ ცნობებით აავსოს.

თეზისი #1: „რუსეთი უდანაშაულო მსხვერპლია“

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები წარმოაჩენენ, თითქოს რუსეთი მუდმივად მსხვერპლია, ხოლო მისი აგრესიული ქმედებები იძულებითი პასუხია აშშ-ისა და ჩვენი დემოკრატიული მოკავშირეების და პარტნიორების ნაბიჯებზე. ამ მტკიცების გასავრცობად, რუსეთი თავის ერთ-ერთ საყვარელ იარლიყს, „რუსოფობიას“ მიმართავს. 2014 წელს, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ხელისუფლება და სამთავრობო მედიასაშუალებები ყველას, ვინც კი კითხვის ქვეშ აყენებდა რუსეთის ქმედებებს, ქსენოფობ რუსოფობად აცხადებდა.

მაგალითად, რუსეთი ირწმუნება, რომ საერთაშორისო საზოგადოების ნეგატიური რეაქცია [მოსკოვის მიერ] დამოუკიდებელ ქვეყანაში შეჭრაზე მხოლოდ იმით იყო გამოწვეული, რომ ხალხს ეშინია და ეზიზღება რუსეთი. ქვემოთ მოყვანილი გრაფიკი აჩვენებს, რომ რუსოფობია არ წარმოადგენდა შეშფოთების მიზეზს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ან სახელმწიფო დეზინფორმაციული მედიისთვის უკრაინაში სამხედრო შეჭრამდე. განცხადებები „რუსუფობიასთან“ დაკავშირებით კეთდება სხვადასხვა საკითხებზე და გამოიყენება, როცა რუსეთის ხელისუფლებას — სინამდვილეში აგრესორს — თავის წარმოჩენა სურს მსხვერპლად.

ტერმინ „რუსოფობიის“ გამოყენება რუსეთის საგარეო უწყების და კრემლის მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებების, „სპუტნიკის“ და „რაშა თუდეის“ მიერ 2001-17 წლებში. მონაცემები: DFRLab, ილუსტრაცია: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.

თეზისი #2: ისტორიული რევიზიონიზმი

როდესაც ისტორია არ მოდის თანხვედრაში კრემლის პოლიტიკურ მიზნებთან, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები უარყოფენ ისტორიულ მოვლენებს ან ამახინჯებენ ისტორიულ ნარატივებს, რათა რუსეთი უფრო პოზიტიურად წარმოაჩინონ და ამგვარად, ხელი შეუწყონ საშინაო და გეოპოლიტიკურ დღის წესრიგს. მაგალითად, 1939 წლის თავდაუსხმელობის პაქტი საბჭოთა კავშირსა და ნაცისტურ გერმანიას შორის, ასევე ცნობილი, როგორც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დაწყებას შეუწყო ხელი, პოლიტიკურად უხერხულია პუტინის რეჟიმისთვის. 2020 წელს პუტინი შეეცადა, რაციონალიზაცია მიეცა სტალინის გადაწყვეტილებისთვის, კავშირში შესულიყო ჰიტლერთან, და გამოაქვეყნა მეორე მსოფლიო ომის დაწყების დამახინჯებული ვერსია, რომელშიც საბჭოთა კავშირის როლი შემცირებული იყო, ხოლო მის ნაცვლად ომის დაწყებაში სხვა ქვეყნები იყვნენ დამნაშავენი. რუსეთი ხშირად უფრო შორს მიდის და მათ, ვინც ისტორიის დამახინჯებულ ვერსიას არ ეთანმმება, ნაციზმში ან ნაციზმისთვის თანაგრძნობაში სდებს ბრალს.

ამავე ფორმულას კრემლი უკრაინის სახელმწიფოებრიობის, საბჭოთა კავშირის დაშლისას ნატოს ქმედებების, გულაგების ქსელის, ჰოლოდომორის [კოლექტივიზაციის პოლიტიკით გამოწვეული მასობრივი შიმშილი – რედ.] და სხვა საკითხებში იყენებს, ყველგან, სადაც კრემლის ისტორიული ქმედებები არ ემსახურება დღევანდელ პოლიტიკურ მიზნებს.

თეზისი #3: „დასავლური ცივილიზაციის კოლაფსი გარდაუვალია“

რუსეთი ამტკიცებს, რომ დასავლური ცივილიზაცია კოლაფსის პროცესშია, რომ დასავლეთმა გადაუხვია „ტრადიციულ ღირებულებებს“, რაკიღა მუშაობს ლგბტქი+ ადამიანების უსაფრთხოებასა და თანასწორობაზე და წინ წევს ისეთ კონცეფციებს, როგორებიცაა ქალთა [და კაცთა] თანასწორობა და მულტიკულტურალიზმი. დასავლური ცივილიზაციის დაცემა რუსეთის ერთ-ერთი უძველესი დეზინფორმაციული გზაა — განცხადებები „ლპობაში მყოფ დასავლეთზე“ მე-19 საუკუნიდან მოდის.

დეზინფორმაციული ნარატივი, დაფუძნებული „ღირებულებებზე“, მიმართავს არამკაფიო კონცეფციებს, მათ შორის „ტრადიციებს“, „ოჯახურ ღირებულებებს“ და „სულიერებას“. რუსეთი აცხადებს, რომ ის ე.წ. „ტრადიციული ღირებულებების“ და გენდერული როლების აკვანი „დეკადანსში“ მყოფი შეერთებული შტატების და დასავლეთის ქვეყნების მორალური საპირწონეა. მაგალითად, პრეზიდენტი პუტინი ამტკიცებს, რომ დასავლეთში პრაქტიკულად გააუქმეს „დედის“ და „მამის“ გაგება და მათ ნაცვლად „მშობელი 1“ და „მშობელი 2“ დანერგეს, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა დაწერა, რომ დასავლეთში „სკოლის მოსწავლეები სწავლობენ, რომ იესო ქრისტე ბისექსუალი იყო“.

თეზისი #4: „სახალხო მოძრაობები აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი და დაფინანსებული რევოლუციებია“

კრემლს უჭირს იმის მიღება, რომ ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის უფლება, ხოლო მთავრობა ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული უნდა იყოს. რუსეთი აშშ-ს ბრალს სდებს საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, მოლდოვაში, უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში რევოლუციების წაქეზებაში ან დაგეგმვაში. თუ სახალხო მოძრაობა დემოკრატიასა და რეფორმებს უჭერს მხარს და არ პასუხობს რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს, კრემლი ხშირად მიიტანს შეტევებს მის ლეგიტიმაციაზე და დაიწყებს მტკიცებას, თითქოს [რევოლუციის] უკან საიდუმლოდ აშშ დგას. ეს უსაფუძვლო ბრალდებები ხშირად მიმართულია ადგილობრივ და საერთაშორისო სამოქალაქო ორგანიზაციებზე და დამოუკიდებელ მედიაზე, რომელიც ამხელს ადამიანის უფლებების დარღვევას და კორუფციას. კრემლი უარყოფს, რომ მეზობელ ქვეყნებში ხალხს შეიძლება ჰქონდეს ღირსება, თავისუფლება და თავდაცვისკენ დამოუკიდებელი სწრაფვა, ისევე როგორც უარს ეუბნება ამ თვისებებზე რუსეთის მოსახლეობას.

თეზისი #5: რეალობა ისეთია, როგორიც კრემლს უნდა

კრემლი ხშირად ცდილობს, რამდენიმე ყალბი რეალობა შექმნას და დათესოს დაბნეულობა საინფორმაციო გარემაში, როცა სიმართლე მის ინტერესებს არ შეესაბამება. რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებები ხშირად განზრახ არის დამაბნეველი – ასე ისინი ცდილობენ გადაიტანონ ბრალი რუსეთის ხელისუფლებიდან [სხვა მხარეზე], მაშინაც კი, როცა ზოგიერთი ნარატივი ერთმანეთსვე ეწინააღმდეგება. თუმცა, დროთა განმავლობაში, რამდენიმე წინააღმდეგობრივი ნარატივი ხდება ტექნიკა, რომლის მიზანიც დაბნეულობის დათესვაა. რუსეთის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის სხვა ელემენტები, როგორებიცაა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დეზინფორმაციული მედია და იარაღად ქცეული სოცმედია, ხელს უწყობს ყალბი ნარატივების გავრცელებას.

მაგალითად, მსოფლიოსთვის ცხადი იყო, რომ 2018 წლის 4 მარტს რუსეთმა სცადა სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის და მისი შვილის, იულიას „ნოვიჩოკით“ მოწამვლა ინგლისის ქალაქ სოლსბერიში. ინციდენტის შემდეგ, ლონდონის კინგზის კოლეჯის პოლიტიკის ინსტიტუტის თანახმად, ოთხი კვირის განმავლობაში, რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულმა მედიებმა — „რაშა თუდეიმ“ და „სპუტინიკმა“ — 735 მასალაში გაავრცელეს 138 ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მყოფი ნარატივი.

რუსეთმა საინფორმაციო სივრცის ყალბი მტკიცებებით წალეკვის ტექნიკა გამოიყენა სხვა საკითხებშიც – მალაიზიური ბოინგის ჩამოგდებაში, საქართველოში 2008 წელს შეჭრასა და მიმდინარე ოკუპაციაში, რათა ყურადღება გადაეტანა ამ მოვლენებში შესრულებული როლისგან. კვლავ მიზნად რჩება სხვების დაბნევა და ყურადღების გადატანა და სიმართლით მანიპულირება კრემლის ინტერესებიდან გამომდინარე.

მასალების გადაბეჭდვის წესი