საზოგადოება

ყაზახეთი: ალმათიში პროკურატურა და სხვა ადმინისტრაციული შენობები იწვის

5 იანვარი, 2022 • 3757
ყაზახეთი:  ალმათიში პროკურატურა და სხვა ადმინისტრაციული შენობები იწვის

ყაზახეთის უმსხვილეს ქალაქში – ალმათიში მომიტინგეებმა ქალაქის ადმინისტრაციის შენობა და პრეზიდენტის რეზიდენცია დაიკავეს. ორივე შენობას ცეცხლი უკიდია. პოლიცია მათ შეჩერებას ცრემლსადენი ყუმბარებით ცდილობდა, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო და აქციის მონაწილეებმა შენობა შტურმით აიღეს.

ალმათიში, ქალაქის ადმინისტრაციის შენობის გარდა, პროკურატურაც იწვის. ასევე, ალმათის ჯანდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მომიტინგეები ფიზიკურად უსწორდებიან სამედიცინო მუშაკებს და არბევენ საავადმყოფოებს.

დღის სამი საათისთვის დაშავდა სასწრაფოს ხუთი თანამშრომელი, დამწვარია ორი რეანიმობილი.

სხვადასხვა მედიასაშუალების ცნობით, ალმათის აქციის მონაწილეები წვავენ მანქანებს და ამსხვრევენ მაღაზიების ვიტრინებს.

აქციებია ყაზახეთის სხვა ქალაქებშიც – დემონსტრანტებმა ქალაქ აქტობეში ადმინისტრაციის შენობის დაკავება მოახერხეს. იქ პოლიციამ მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე უარი თქვა.

ქვეყნის დედაქალაქ ნურ-სულთანში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
ატირაუსა და აქტაუს ზოგიერთი ძალოვანი წარმომადგენელი დემონსტრანტების მხარეს გადავიდა.

ყაზახეთის უმაღლეს ხელმძღვანელობას 5 იანვრის მოვლენებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.


2 იანვარს ყაზახეთში საწვავის ფასის ორჯერ გაზრდის გამო მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. სამდღიანი აქციების შემდეგ პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა გადააყენა მთავრობა, დააწესა ფასების სახელმწიფო რეგულაცია და გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა სამ რეგიონში, მაგრამ პროტესტი გაგრძელდა. 5 იანვარს დილით, დემონსტრანტებმა პოლიციაზე იერიში მიიტანეს და ადმინისტრაციის შენობების დაკავება დაიწყეს დიდ ქალაქებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი