საზოგადოება

კორონავირუსით ორი ბავშვი დაიღუპა ციციშვილის კლინიკაში

5 იანვარი, 2022 • 1040
კორონავირუსით ორი ბავშვი დაიღუპა ციციშვილის კლინიკაში

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თბილისში, ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ორი ჩვილი დაიღუპა. 

ოთხი თვის ბავშვი, რომელიც წუხელ გარდაიცვალა, ციციშვილის კლინიკაში სხვა საავადმყოფიდან გადაიყვანეს. 

“ვერ გეტყვით, რომელი კლინიკიდან გადმოიყვანეს, მაგრამ ბავშვი იყო უმძიმეს მდგომარეობაში. მას ჰქონდა გულის მანკი, კომბინირებული და მწვავე კოვიდი”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” მაია ჩხაიძემ, ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა. 

კიდევ ერთი ბავშვი, რომელიც 31 დეკემბერს გარდაიცვალა ამ კლინიკაში, ჩხაიძის თქმით, საავადმყოფოში თვე-ნახვერის განმავლობაში მკურნალობდა : 

“მისი მდგომარეობა მწვავე იყო. ჰქონდა რესპიურატორული დისტრეს სინდრომი”. 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდს საქართველოში 14 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 

“ნეტგაზეთს” ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, რომ ბავშვების გარდაცვალებაზე რეგულირების სააგენტოს მოკვლევა არ დაუწყია, რადგან ოჯახის წევრებს/კანონიერ წარმომადგენლებს ამ მოთხოვნით არ მიუმართავთ.  პროცედურის თანახმად, რეგულირების სააგენტო მიმართვის შემდეგ იწყებს შესწავლას, თუ რამდენად ადეკვატური სამედიცინო მომსახურება ჩაუტარდა პაციენტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი