საზოგადოება

კალაძის მმართველობის პერიოდში მერიამ საახალწლოდ 14 მილიონზე მეტი დახარჯა

30 დეკემბერი, 2021 • 1401
კალაძის მმართველობის პერიოდში მერიამ საახალწლოდ 14 მილიონზე მეტი დახარჯა

მერად არჩევიდან დღემდე კახა კალაძემ საახალწლო ღონისძიებებსა და დეკორაციებში ჯამში 14 564 543 ლარი დახარჯა.

„ნეტგაზეთის მიერ დედაქალაქის მერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, მუნიციპალიტეტმა 2017 წლიდან 2021 წლის 28 დეკემბრამდე 14,5 მილიონი დახარჯა.

აღნიშნული თანხის ნაწილი საახალწლო ნაძვის ხეზე, მის მოწყობასა და გაფორმებაზე, საახალწლო განათებებზე და ღონისძიებებზე, ნაწილი კი სუვენირებსა და სხვა ახალ წელთან დაკავშირებულ ხარჯებზე გაიწია.

წლების მიხედვით, დედაქალაქის მერიის მიერ საახალწლოდ გაწეული ხარჯები ასე გამოიყურება:

Untitled infographic
Infogram

როგორც გრაფიკზე ჩანს, 2018 წლის დადგომისას მერიამ საახალწლოდ 2 657 674 ლარი დახარჯა და ამის შემდეგ ხარჯებს ამ მიზნით ყოველწლიურად ზრდიდა. ყველაზე მეტი ამ მიზნით მერიამ 2020-2021 წლებში, 4,5 მილიონი ლარი დახარჯა მაშინ, როცა ქვეყანაში პანდემიის გამო რიგი შეზღუდვები მოქმედებდა.

თბილისის მერიიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მთავრობამ წელს მხოლოდ 232,893 ლარი დახარჯა, თუმცა მერია გამარტივებული შესყიდვით 3.5 მილიონის დახარჯვას გეგმავს საახალწლო გალა-კონცერტისა და სხვა მიზნებისთვის.

დოკუმენტის მიხედვით, თბილისის მერია გამარტივებული შესყიდვით 2022 წლის საახალწლო ღონისძიებების ჩატარებას გეგმავს, და ამაში აპირებს 3 556 000 ლარი დახარჯოს. დოკუმენტაციიდან ასევე ირკვევა, რომ ღონისძიებები 15 დღის განმავლობაში, 2021 წლის 24 დეკემბრიდან – 2022 წლის 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება. 31 დეკემბერს კი მერია გალა-კონცერტი ჩატარდება, რომელშიც 300-მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

სრულად მერიისგან მიღებულ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

“მოკრძალებულად აღნიშნვნა უფრო სწორი გზავნილი იქნებოდა”

კითხვით, თუ რამდენად მართებულია ამ ოდენობის თანხების საახალწლო ღონისძიებებში დახარჯვა პანდემიის ფონზე, „ნეტგაზეთი“ თბილისის საკრებულოში „ლელოს“ დეპუტატს, საბა ბუაძეს ესაუბრა. ბუაძე აღნიშნავს, რომ გაძვირებული სერვისების ფონზე რეკორდული თანხების ამ მიზნით დახარჯვა მერიის მხრიდან გაუმართლებელია და აღნიშნავს, რომ ქვეყნის ხელისუფლება ორმაგი სტანდარტით მოქმედებს, როცა საკლუბო ბიზნესს უკრძალავს ღონისძიებების ჩატარებას, საკუთარ კონცერტებზე კი დიდი რაოდენობის ადამიანის შეკრებას ახდენს:

„ძალიან ფარისევლური მდგომარეობაა. ერთი მხრივ ჩვენ ვხედავთ, რომ თბილისის მერია აძვირებს ძირითად სერვისებზე მომსახურების ხარჯებს მათ შორის, დასუფთავების ხარჯები იზრდება, მაგრამ მეორე მხრივ, რეკორდულად მაღალია განათებების, სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხა და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა იმ საჯარო ინფორმაციაში, რომელიც თქვენ გაქვთ მიღებული.

აქ რეალურად იკვეთება, რომ არანაირი პანდემია ამ ხელისუფლებას არ აწუხებდა სტანდარტი სად ჩანს, როცა ხელისუფლება ამბობს, რომ საკლუბო ღონისძიებები უნდა გაუქმდეს ვინაიდან არსებობს პანდემიის საფრთხეები და რისკები და მეორე მხრივ თავად ხარჯავს კოლოსალურ თანხებს საახალწლო ღონისძიებებში, სადაც დიდი რაოდენობის ადამიანების თავმოყრა ხდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესი აქვს. აქვს მათ შორის საარჩევნო ინტერესი და მზად არიან ამას გადააყოლონ ყველაფერი. მზად არიან უგულებელყონ ყველანაირი საჯარო ინტერესი“ – ამბობს საბა ბუაძე.

საკრებულოს დეპუტატის თქმით, მერიისგან სწორი გზავნილი იქნებოდა საახალწლო ღონისძიებები მაქსიმალურად მოკრძალებულად ჩატარბულიყო:

„დახარჯონ ძალიან ბევრი ფული საახალწლო ღონისძიებებში მაშინ, როდესაც საახალწლო ღონისძიების გამართვა საერთოდ არაა მიზანშეწონილი. იმ ქვეყანაში, სადაც ყოველდღიურად 60-70 ადამიანი იღუპება [კოვიდით] არ შეიძლება დედაქალაქის მერია ხარჯავდეს რამდენიმე მილიონს საახალწლო ღონისძიების გამართვასა და მოწყობაში.

მე მიმაჩნია ეს გაუმართლებლად, სწორი გზავნილი იქნებოდა მაქსიმალურად მოკრძალებულად საახალწლო ღონისძიებების ჩატარება, რაც იქნებოდა ერთგვარი გზავნილი საზოგადოების მიმართ სოლიდარობის და პასუხისმგებლობის” – ამბობს საბა ბუაძე „ნეტგაზთთან“ საუბრისას.

“ხარჯები გამართლებულია”

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პოზიციას, უმრავლესობის დეპუტატი თბილისის საკრებულოში ლადო ბოჟაძე მიიჩნევს, რომ ხარჯები გამართლებულია, რამდენადაც საახალწლო განწყობა წელს თბილისის ყველოა უბანს მისწვდა. ბოჟაძე აღნიშნავს, რომ წლევანდელი ახალი წელი უპრეცედენტო იქნება და მერიის გაზრდილი ბიუჯეტის ფონზე, დანახარჯებიც მიზანშეწონილია:

„წლევანდელი მასშტაბი მართლაც უპრეცედენტოა. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისს ყოველთვის ჰქონდა ტრადიცია განსაკუთრებულად ახალი წლის აღნიშვნის. არამხოლოდ ცენტრალური გამზირებია ამ თვალსაზრისით განათებული და მოწესრიგებული და იგრძნობა საახალწლო განწყობა, არამედ ყველა უბანში ან სხვადასხვა სახის ნაძვის ხეები დგას ან სხვადასხვა სახის განათებები აქვთ და ეს იყო სწორედ ჩვენი ახალი სლოგანი, მეტი სიცოცხლე ყველა უბანში… რომ არამარტო ცენტრში ყოფილიყო საახალწლო განწყობა. ეს ხარჯები სწორედ ამას უკავშირდება. მე არ მგონია ადამიანებს არ უნდა უხაროდეთ ახალი წელი, რაც არ უნდა რთული პრობლემები ჰქონდეთ. ეს განსაკუთრებული დღესასწაულია და გვინდოდა რომ საახალწლო განწყობა ყოფილიყო ყველა უბანში.

ამ მასშტაბის ტრადიცია სწორედ 2017 წლიდან დაიწყო. ასევე უპრეცედენტოა წელს, ბიზნესმენები და მეწარმეები არიან ჩართული. რაც შეეხება ხარჯებს, ჩემი აზრით გამართლებულია იმიტომ, რომ დედაქალაქის ბიუჯეტი წელს იქნება უპრეცედენტო, მილიარდ-ნახევარ ლარზეა საუბარი. აქედან მილიარდ სამასი ათასი უშუალოდ ბიუჯეტია. 250 მილიონითაა თავად 2022 წლის ბიუჯეტი გაზრდილი. იზრდება თანამშრომლების ხელფასები ისევე როგორც საჯარო მოხელეების და ყველა მიმართულებით არის ზრდა ამ თვალსაზრისით. ბუნებრივია, ეს შეეხებოდა ახალ წელსაც“ – ამბობს ლადო ბოჟაძე „ნეტგაზეთთან“.

რაც შეეხება ღამის ლუბებისთვის ფუნქციონირების შეზრუდვის, ბოჟაძე აცხადებს, რომ ამგვარ დახურულ სივრცეებში ვირუსის გავრცელების რისკი მაღალია და გადაწყვეიტლებაც ამას უკავშირდება. მუნიციპალური ღონისძიებები კი ღია სივრცეშია დაგეგმილი. ლადო ბოჟაძის თქმით, ამგვარი ღონიძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა დაგმილი და პროცესი პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით მიმდინარეობს:

„ღამის კლუბები და ის შეზღუდვები, რომელიც მანამდე არსებობდა რესტორნებთან დაკავშირებით, ეს არის გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არიან დახურული სივრცე, სადაც უფრო მეტად ხდება ვირუსის გავრცელება. რაც შეეხება ღია სივრცეებს, არამხოლოდ დედაქალაქში არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება და წელს სწორედ პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით განსაკუთრებულად ხდება ახალი წლის აღნიშვნა არა მხოლოდ მუნიციპალურ ცენტრებში, სხვა ქალაქებსა და დაბებში ეწყობოდა სხვადასხვა სახის ღონისძიება“ – აცხადებს საკრებულოს დეპუტატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი