საზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“გზა არ გაიხსნება” – თამარ მეარაყიშვილი ჩაკეტილი ახალგორიდან

27 დეკემბერი, 2021 •
“გზა არ გაიხსნება” – თამარ მეარაყიშვილი ჩაკეტილი ახალგორიდან

სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ახალგორიდან


26 დეკემბერს ანატოლი ბიბილოვმა [სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი – რედ.] კიდევ ერთხელ შეახსენა ახალგორელებს, რომ ქართულ მხარესთან “გზა არ გაიხსნება”.

ბიბილოვი ახალგორელებთან შესახვედრად ზუსტად ორი წლის წინაც იყო ჩამოსული და გზის გახსნასთან დაკავშირებით შეხვედრაზე საკმაოდ მძიმე საუბარიც შედგა. მას შემდეგ, ორი წელიწადი, მსგავს შეხვედრებს თავს არიდებდა.

ამჯერად დიდხანს ელოდა მოსახლეობისგან კითხვების დასმას, ბოლოს კი თავად დაიწყო საუბარი: “ვიცი, რა კითხვებიც გაქვთ, გაინტერესებთ, როდის გაიხსნება გზა. გზა არ გაიხსნება, ვიდრე ქართულ საპოლიციო საგუშაგოს არ აიღებს ქართული მხარე, და თუკი ვინმე ხმების სანაცვლოდ დაგპირდებათ გზების გახსნას წინასაარჩევნოდ, ეს იქნება ტყუილი”.

გზის ჩაკეტვით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები ახალგორში ორი წელია, რაც მეტ-ნაკლებად მოგვარდა. ახლა ყველა მსურველს აქვს ოსური პასპორტი, რომლის საფუძველზეც ადგილობრივები 430 ლარამდე ასაკობრივ პენსიას იღებენ.

ბოლო ერთი წელია, კონსილიუმის ექიმების დასკვნის საფუძველზე, რომელიც ხშირად ფორმალობაა, ავადმყოფების ქართულ მხარეს გადმოყვანაც მეტ-ნაკლებად გვარდება ხოლმე.

თუმცა ჩვენს რაიონში კვლავ მოუგვარებელი რჩება პანდემიის გამო შექმნილი პრობლემები:

კოვიდ-პანდემიის მეორე ტალღამ ახალგორი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. პანდემიამ გამოავლინა ვაქცინაციის პროცესსა და ადგილობრივი საავადმყოფოს მიერ კოვიდის მართვის კუთხით არსებული ხარვეზები.

ოფიციალური ინფორმაციით, მეორე ტალღა შემოდგომაზე დაიწყო. ინფიცირების პირველი შემთხვევები რაიონში გამოვლინდა ოქტომბრის დასაწყისში, ოღონდ უცნობია, რა გზით შემოვიდა ვირუსი ახალგორში, თბილისიდან თუ რუსეთიდან. თუმცა, ჩატარებული მასობრივი ღონისძიებებისა და ხალხმრავალი დღესასწაულების დამსახურებით, რაიონში ვირუსი სწრაფად გავრცელდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ეპიდემიის მეორე ტალღას სრულიად მოუმზადებელი შეხვდა როგორც მოსახლეობა, ასევე, სამედიცინო პერსონალი.

როგორც კი ინფიცირებულთა ყოველდღიურმა რიცხვმა ოცს მიაღწია, რაიონის მთავარმა ექიმმა და პოლიკლინიკის დირექტორმა სამსახურები თვითნებურად მიატოვეს და რაიონიც დატოვეს. შესაბამისად, საავადმყოფო ვერ იღებს კოვიდ ინფიცირებულ პაცინტებს, ისინი მხოლოდ ბინაზე გამოძახებული სასწრაფო დახმარების ექიმების იმედზე არიან.

28 ოქტომბერს საავადმყოფომ სულ 4 პაციენტი მიიღო, მათ მიღებას კი წინ უსწრებდა მინისტრის სტუმრობა.

რაც შეეხება საჭირო მედიკამენტებს და ჟანგბადის აპარატს – ამ მხრივ, საავადმყოფო სრულ მზადყოფნაში იყო.

როგორც სხვაგან, ასევე, ახალგორშიიც, ინფორმაციის ნაკლებობის გამო ვაქცინაცია ძალიან დაბალი ტემპით მიმდინარეობს. სპუტნიკ V და სპუტნიკ ლაითი – ის ვაქცინებია, რომლებიც ხელმისაწვდომია რაიონის მოსახლეობისთვის, მაგრამ მოსახლეობა მათ არ ენდობა და აცრისგან თავს იკავებს.

პანდემიის პერიოდში 400-მდე ადამიანმა შეძლო თბილისში წასვლა, თუმცა, არჩევანის მიუხედავად, უმეტესობა მაინც აუცრელი დაბრუნდა.

სამედიცინო სფეროს მუშაკებს რაიონში საკმაოდ კარგი ანაზღაურება აქვთ, ეს ეხება არა მხოლოდ ექიმებს, არამედ სანიტრებსა და ექთნებსაც, ფიქსირებულ ხელფასს ასევე ემატება კოვიდ დანამატები. საავადმყოფოს თანამშრომლები, რომლებსაც პირდაპირი შეხება აქვთ კოვიდ ინფიცირებულებთან, დამატებით ანაზღაურებას იღებენ.  წითელ ზონაში მომუშავე პერსონალისთვის საათობრივი ანაზღაურება დღე-ღამეში დაახლოებით 3000 რუბლია [120 ლარი]. კოვიდ დანამატს იღებენ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ექიმებიც, რომლებიც გამოძახებაზე ინფიცირებულებთან მიდიან, თუმცა, მიუხედავად ამისა, პაციენტების მიმართ გულგრლობის ფაქტები მაინც გამოვლინდა – იმიტომ, რომ ბინაზე გამოეძახებინათ და, შესაბამისად, ანაზღაურებაც მეტი ყოფილიყო, დამძიმებული ავადმყოფები საავადმყოფოში არ გადაიყვანეს. მაგალითად, ნანული გიგაური, რომელიც თავიდანვე ითხოვდა გადაყვანას თბილისში, სადაც მისი შვილები ცხოვრობდნენ, მისი თხოვნა არ გაითვალისწინეს და დაბალი სატურაციით (70 ქვემოთ) ბინაზე მკურნალობდნენ.

არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა სასწრაფო დახმარების ექიმების მიერ არასწორი მკურნალობის მხრივაც, რაც  მიუთითებს სასწრაფო დახმარების ექიმების მიერ პროტოკოლის უცოდინრობაზე და რის გამოც პაციენტების მდგომარეობა მძიმდება.

ვინაიდან ახალგორის რაიონი მესამე წელია ჩაკეტილია, ოჯახებიც გაყოფილად ცხოვრობენ. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ზოგიერთმა ვერ დატოვა სახლი, რათა სამკურნალოდ გადასულიყო.

მაგალითად, სოფელ ყანჩავეთის მკვიდრი ლ.გ. , რომელიც კოვიდიფიცრებული იყო, თბილისში გარდაიცვალა. ის და მისი მეუღლე სოფელში ცხოვრობდნენ, საქონელს უვლიდნენ, საოჯახო ფერმა ჰქონდათ. ცოლ–ქმარს კოვიდი ერთდროულად დაუდასტურა, მაგრამ სახლი ვერ დატოვეს. იმის გამო, რომ სოფელი თითქმის დაცლილია, ვერც დამხმარე იპოვეს, ვისაც საქონელს ჩააბარებდნენ. მამაკაცს სასუნთქი გზების პრობლემები ჰქონდა და მისი ჰოსპიტალიზაცია ჯერ ცხინვალში, შემდეგ კი თბილისში დაგვიანებული აღმოჩნდა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, კოვიდ-პანდემიის გამო, სკოლებში კარანტინი რამდენჯერმე გამოცხადდა. ჩემთან პირად საუბრებში, თუ როგორ მიმდინარეობს დისტანციური სწავლების პროცესი, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები და მშობლები ამბობენ, რომ ეს “ძალიან რთული პროცესია”.

მაგალითისთვის, მერვე კლასელი გოგონას დედა მიამბობს, რომ მის ქალიშვილს მასწავლებელი ურეკავს მობილურით, ისე უხსნის გაკვეთილს და ამავე გზით იბარებს გაკვეთილს მოსწავლისგანაც. თუმცა მათი კომუნიკაცია რამდენიმეწუთიანია, ყველანაირი კითხვების და ახსნის გარეშე.

დისტანციური სწავლებისათვის საჭირო ტექნიკა, კომპიუტერები და ტელეფონები ყველას აქვს, თუმცა, რატომღაც არ იყენებენ.

ახალგორის რაიონში ფასების ზრდა 2019 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც თბილისთან დამაკავშირებელი გზა ჩაიკეტა და პროდუქციის შემოტანა რუსეთიდან დაიწყო.

ფასების გაძვრებაზე აისახა კოვიდ-პანდემიაც, თუმცა არცერთი მაღაზია არ დაკეტილა. ოფიციალურად, მუშაობა აეკრძალათ კაფეებსა და რესტორნებს, მაგრამ სინამდვილეში არც აღნიშნული კვების ობიექტები დაკეტილა.

ამასთან, არაერთი შემთხვევაა, როდესაც ადამიანები კოვიდ ტესტის დადებით პასუხს მალავენ და თავისუფლად გადაადგილდებიან მაღაზიებში, მონაწილეობენ ღონისძიებებში. მათ მილიციამ “მსუბუქი გაფრთხილება” მისცა და სრულ გამოჯანმრთელებამდე შინ დარჩენისკენ მოუწოდა.

რეგულაციებს იმდენად ცოტა ადამიანი იცავდა, რომ პირბადის კეთების შემთხვევაში ეკითხებოდნენ – „ავად ხომ არ ხარ“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი