საზოგადოება

“გამოვრთოთ მაინერები” – მესტიის მერია მოსახლეობას აფრთხილებს

25 დეკემბერი, 2021 • 3923
“გამოვრთოთ მაინერები” – მესტიის მერია მოსახლეობას აფრთხილებს

მესტიის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას ე.წ. მაინინგის პრობლემის გადაჭრის თხოვნით მიმართავს. შესაბამისი განცხადება მერიამ ფეისბუკზე გაავრცელა.

მერიის ცნობით, მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 237%-ით არის გაზრდილი, რაც სწორედ ე.წ. მაინინგს უკავშირდება. ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარება გადამცემ ქსელებს აზიანებს და ამჟამად მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება. სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარებაში მოქალაქეები ფულს არ იხდიან, შესაბამისად, ე.წ. მაინინგის ბიზნესის ზრდაც, სავარაუდოდ, სწორედ ამ გარემოებას უკავშირდება.

“დღეს გვაქვს მოცემულობა, სადაც ელექტროენერგიის მოხმარებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ჩვენ ნამდვილად გვემუქრება მუნიციპალიტეტის სრული ჩაბნელების საფრთხე, რისი თანმდევი პროცესიც, არა მხოლოდ საყოფაცხოვრებო დისკომფორტი, არამედ ტურისტული სეზონის ჩავარდნა იქნება. პანდემიის პერიოდში, ისედაც შემცირებული ტურისტული ნაკადების ფონზე, ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის. დასამალი არ არის, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულის მთავარი მიზეზი ე.წ მაინერების მომრავლებაა”, – აცხადებს მუნიციპალიტეტის მერიაა.

სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფოორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის სრული მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საჭიროა 7 მეგავატი ელექტროენერგია. ამის ფონზე კი დღეს მესტიის მუნიციპალიტეტი მოიხმარს 27 მეგავატამდე ელექტროენერგიას.

“საყურადღებოა ისიც რომ გასული წლების მონაცემებთან შედარებით დღევანდელი მოხმარება 237%-ით არის გაზრდილი. არსებული ელექტროგადამცემი ხაზები ვერ უძლებენ გათვალისწინებულზე ოთხჯერ მეტ დატვირთვას, რის შედეგადაც გახშირდა დაზიანებები. დღეისათვის დაზიანებულია ენგურჰესის ხაზი და ელექტროენერგიის მოწოდება ხდებოდა ალტერნატიული ხაზიდან (ლაჯანური) რომელიც ასევე დაზიანდა. არსებული ქსელის შესანარჩუნებლად სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ უწევს დატვირთვის შემცირება და მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდება. გრაფიკი გაგრძელდება ალტერნატიული ხაზის აღდგენამდე. დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენა. ჩვენ ვცხოვრობთ პატარა სოციუმში, სადაც ყოველდღიურად ვხვდებით ერთმანეთს, გვაქვს ყოველდღიური ურთიერთობები, პატივი ვცეთ ერთმანეთს, ერთმანეთის ოჯახებს და შვილებს, გამოვრთოთ მაინერები და დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს, სადაც ერთმანეთისთვის თვალებში შეხედვა არავის მოერიდება”, – აცხადებს მუნიციპალიტეტის მერია.

მერიის განცხადებით, მიუღებელია კონკრეტული ადამიანების მიერ „იოლი“ ფულის მიღების სურვილს, მთელი მუნიციპალიტეტის და მოსახლეობის ინტერესი ეწირებოდეს.

“ელექტროგადამცემი ხაზები ვერაფრით გაუძლებენ აღნიშნული რაოდენობის დატვირთვას. ვიფიქროთ ერთმანეთზე და ავირჩიოთ ნათელ გარემოში ცხოვრება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი