საზოგადოება

ომიკრონისგან დასაცავად აუცილებელია ბუსტერი — ახალი კვლევა

10 დეკემბერი, 2021 •
ომიკრონისგან დასაცავად აუცილებელია ბუსტერი — ახალი კვლევა

კორონავირუსის ახალი, ომიკრონ შტამისგან თავდასაცავად ვაქცინის ორი დოზა საკმარისი არ არის და აუცილებელია მესამე, ბუსტერ დოზა. ამის შესახებ განაცხადეს მეცნიერებმა, რომლებმაც დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში კვლევა ჩაატარეს ომიკრონ შტამთან დაკავშირებით.

გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტოს (UKHSA) კვლევის წინასწარი შედეგების მიხედვით, ომიკრონ შტამში არსებული მუტაციები კორონავირუსს აძლევს საშუალებას, დაუსხლტეს ვაქცინების ორი დოზით გამომუშავებულ იმუნიტეტს. თუმცა, თუ ადამიანი მესამე, ბუსტერ დოზას გაიკეთებს, ეს მნიშვნელოვნად ზრდის ომიკრონ ვარინტისგან თავდაცვის შანსებს.

კერძოდ, მოსალოდნელია, რომ მესამე დოზით აცრილთა 75%-ს, ომიკრონ შტამით ინფიცირების შემთხვევაში, სიმპტომები არ ექნება. თუმცა, როგორც მეცნიერები აცხადებენ, მიუხედავად ყველაფრისა, ვაქცინებს მაინც შეუძლიათ დაავადების მძიმე ფორმების პრევენცია.

როგორც BBC იტყობინება, UKHSA-ს მეცნიერებმა შეისწავლეს ომიკრონის 581 და დელტა შტამის ათასობით შემთხვევა. სწორედ ამ კვლევის ფარგლებში გამოჩნდა, რომ ასტრაზენეკას ვაქცინის ეფექტიანობა ომიკრონის შემთხვევაში „დრამატულად“ დაეცა, ხოლო ფაიზერის ვაქცინის ორ შემთხვევაში- „მნიშვნელოვნად“.

ვარაუდობენ, რომ დიდ ბრიტანეთში დეკემბრის შუა რიცხვებისთვის ქვეყანაში ინფიცირებულთა ნახევარს ომიკრონ შტამი ექნება, უფრო მოგვიანებით კი დომინანტური გახდება.

მეცნიერები მოსახლეობას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მიიღონ თავიანთი ვაქცინის პირველი და მეორე დოზები, რადგან ინფიცირების შემთხვევაში, ვაქცინის ორ დოზასაც შეუძლია დაავადების მძიმე მიმდინარეობის პრევენცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი