საზოგადოება

“ვუთხარი, რომ ეს სრულიად მიუღებელია” – ესტონეთის პრემიერი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე

17 დეკემბერი, 2021 • 2436
“ვუთხარი, რომ ეს სრულიად მიუღებელია” – ესტონეთის პრემიერი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი აცხადებს, რომ ქართველ კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილს ესაუბრა იმ ცნობების შესახებ, რომლის თანახმადაც თბილისი დიპლომატიური უწყებების თანამშრომლებს ფარულად უსმენდა.

საქართველოს და ესტონეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში გუშინ გაიმართა. შეხვედრა, ესტონური მედიის ცნობით, თბილ გარემოში წარიმართა. თუმცა შეხვედრის შემდეგ ესტონეთის პრემიერმა Eesti Päevaleht-თან საუბარში განაცხადა, რომ ღარიბაშვილს ესაუბრა დაპაუზებულ რეფორმებსა და ფარული მოსმენების საკითხზე.

“მე ვუთხარი [ღარიბაშვილს], გვსურს დაგეხმაროთ და მხარი დაგიჭიროთ, მაგრამ ეს გაგვიმარტივეთ. გაატარეთ მართლმსაჯულების რეფორმა, შეეცადეთ დაძლიოთ განხეთქილება საზოგადოებაში”, – განაცხადა კალასმა.

“მე ვუთხარი, რომ ეს სრულიად მიუღებელია, რომ თქვენ ჩვენ გვისმენთ. ჩვენ – თქვენი მეგობრები ზურგსუკან არაფერ ცუდს არ ვლაპარაკობთ. ასე არ ხდება. ვკითხე, რამდენად წინ წაიწია გამოძიებამ, იმიტომ, რომ მანამდე გვაცნობეს, რომ ის მიმდინარეობდა. საქართველოს პრემიერის თქმით, შემთხვევას იძიებენ, თუმცა მას კონკრეტული პასუხი არ ჰქონია’, – განაცხადა კალასმა.


ფაილებიდან, რომლებმაც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონა მიმდინარე წლის შემოდგომაზე, იკვეთება, რომ უწყება უსმენს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც. მასალებს შორისაა ათეულობით ცნობა, რომლებიც აღწერენ ელჩებისა და საელჩოების თანამშრომლების საუბრებს ერთმანეთთან თუ მესამე პირებთან.

ზოგიერთი მასალის შემთხვევაში, რთულია იმის იდენტიფიცირება, ვის უსმენს სახელმწიფო კონკრეტულ მომენტში: დიპკორპუსის წარმომადგენელს თუ პირს, რომელსაც ის ესაუბრება. თუმცა, მასალების ნაწილის შემთხვევაში, ცალსახად დასტურდება, რომ მოსმენის ობიექტები სწორედ უცხო ქვეყნების საელჩოები არიან.

“წვდომა ჰქონდათ მოსმენების სამსახურთან” — პრემიერი გახარიას გუნდზე

მასალების გადაბეჭდვის წესი