საზოგადოება

აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას მხარს არ ვუჭერთ – ექიმი

14 დეკემბერი, 2021 • 1078
აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას მხარს არ ვუჭერთ – ექიმი

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია აქვს. ამის შესახებ მათ დღეს, 14 დეკემბერს, განაცხადეს.

როგორც ექსპერტთა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ განაცხადა, სააკაშვილის მდგომარეობა საყურადღებო რჩება.

„ნევროლოგიური სიმპომატიკიდან რჩება გარკვეული პათოლოგია, წონასწორობის დარღვევა, ზოგადი სისუსტე, ასევე გამოხატულია ანემია, მძიმე დეპრესია და პოსტტრავმული აშლილობა. პაციენტის მკურნალობა მიმდინარეობს და სტაბილურია, თუმცა გვაქვს მოსაზრებები, რომელიც დეტალურად გავწერეთ დანართში. 25 ნოემბერს, როდესაც ვიყავით მასთან, მაშინაც გავეცით ფსიქოთერაპიის რეკომენდაციები, მაგრამ არ შესრულდა, ან ვერ შესრულდა რაღაც მიზეზების გამო და ახლაც ვაკეთებთ ამაზე აქცენტს. ფიზიკური რეაბილიტაციაც მნიშვნელოვანია. ნევროლოგიური დაავადებები ხშირად არ მთავრდება ერთ დღეში და ერთ კვირაში, ამიტომ ხანგრძლივად საჭიროებს რეაბილიტაციას. რეაბილიტაციას ხელს უშლის დეპრესია, პოსტტრავმული სტრესული აშლილობაც და ამ მხრივაც ფსიქოთერაპია დაგვეხმარება, რომ რეაბილიტაცია სრული მოცულობით ჩატარდეს.„

მისივე თქმით, ექიმები მხარს არ უჭერენ, რომ მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნონ.

„რადგან ადამიანს პოსტტრავმული-სტრესული აშლილობა აქვს, ეს გულისხმობს იმას, რომ ეს ტრავმა ზუსტად იქ მიიღო, პენიტენციურ დაწესებულებაში, ყველაზე მეტად გლდანში, ამიტომ იქ გადაყვანას ჩვენ არ ვუჭერთ მხარს, რადგან პოსტტრავმული-სტრესული აშლილობის მკურნალობა უნდა მოხდეს იმ გარემოში, რომელიც იმ სტრესს არ აგონებს ადამიანს, სადაც სტრესი მიიღო[…] ის იხსენებდა სწორედ ამ სტრესს, რასაც „შუმოკს“ ეძახიან, სწორედ იმ სტრესს, რაც ფიზიკურ დაპირსპირებასთან იყო კავშირში.

იგულისხმება პოსტტრავმულ სტრესში ე.წ.შუმოკები, გადაყვანის, დაპატიმრების სტრესი. ძველი სტრესებიც მოჰყვება ამას, ამ გარემოებებმა განუახლა და ესეც საგულისხმოა“, – განაცხადა თენგიზ წულაძემ.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში 12 დეკემბერს მოინახულეს. როგორც ომბუდსმენი ნინო ლომჯარია აცხადებს, ექიმებმა სააკაშვილი სრულყოფილად გასინჯეს და სამედიცინო ჩანაწერებს გაეცნენ. მისივე თქმით, 9 ექიმისგან შემდგარმა ექსპერტთა ჯგუფმა სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა მოამზადა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება, რომელთაგან ერთ-ერთი საჯაროა, არასაჯარო ნაწილი კი სურვილის შემთხვევაში მხარეებს გადაეცემათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი