ახალი ამბები

შესაძლებელია თუ არა ინკლუზიური პროცესის დაწყება – პოლიტიკოსების პასუხი პრეზიდენტის ინიციატივაზე

11 დეკემბერი, 2021 • 1912
შესაძლებელია თუ არა ინკლუზიური პროცესის დაწყება – პოლიტიკოსების პასუხი პრეზიდენტის ინიციატივაზე

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად ინკლუზიური პროცესის დაწყებაზე ოპოზიციასა და მმართველ გუნდში ეხმაურებიან.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის ინიციატივა მნიშვნელოვანი და ქვეყნისთვის აუცილებელია, თუმცა წინაპირობად კვლავ  ენმ-ს მხრიდან სინანულსა და მონანიებას ასახელებს.

კობახიძის თქმით, ენმ-მ არა მარტო უნდა მოინანიოს, არამედ შემდეგ თქვას, რომ „ამ დანაშაულების ჩამდენი პოლიტიკური ძალის ადგილი პოლიტიკაში არ არის“.

„საუბარია ჩადენილი დანაშაულების გამო სინანულზე და ამ დანაშაულების მონანიებაზე. მე ასე წარმომიდგენია შერიგება. თუნდაც „ნაცმოძრაობასთან“. გამოდის მათი ლიდერი და ჩამოთვლის მის მიერ ჩადენილ დანაშაულს[…]  ჩამოთვალონ ეს დანაშაულები, მერე თქვან, რომ ისინი ინანიებენ და ამ დანაშაულების ჩამდენ პოლიტიკოსს და პოლიტიკურ პარტიას არ ეკუთვნის პოლიტიკაში დარჩენა.

ამას როგორც კი იტყვიან მაშინვე შევრიგდებით. ალბათ, ქალბატონი სალომეც ამას გულისხმობდა, რა თქმა უნდა, ნაბიჯები უნდა გადაიდგას და უნდა მოვუწოდოთ კიდევ ერთხელ ამ პოლიტიკურ ძალას მოინანიოს მის მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები“, – განაცხადა კობახიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე კი იმ საკითხებს ასახელებს, რომელთა გადაჭრასაც ზურაბიშვილის ინიციატივის შესასრულებლად აუცილებელად მიიჩნევს.

„არ ვიცი რამდენად გულწრფელია სალომე ზურაბიშვილის სიტყვები შერიგებასა და კონსოლიდაციზე, მაგრამ ვისურვებდი, რომ ეს ისტორიული როლი მან შეასრულოს. ეს აუცილებელია საქართველოს ევროპული მომავლისთვის.

„ჩემი აზრით, ამისთვის საჭიროა: ფიქრი და ქმედება მართმსაჯულების დეპოლიტიზაციაზე, ნამდვილი სასამართლოს რეფორმის ნება; მორატორიუმი პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე; გულწრფელი და რეალური პოლიტიკური დიალოგი. ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია ნამდვილად კონსოლიდაციაზე დგას“, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

ერთ-ერთი პირველი, ვინც სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაში ჩართვის მზაობა გამოხატა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია იყო. მისი თქმით, მზადაა პროცესში გამოჩნდეს ვინ რაზეა რეალურად წამსვლელი.

„მე მზად ვარ, ჩავერთო პრეზიდენტის გამოთქმულ ინიციატივაში. გასაგებია, რომ ნდობა ნოლზეა. გასაგებია, რომ პოლიტიკური დევნით, სუსით, არჩევნების მიტაცებით, შანტაჟით ეს არაფერი გამოვა, მაგრამ ყველანირი კომპლექსის გარეშე, მე მზად ვარ, შანსი მიეცეს ამას და პროცესში გამოჩნდეს ვინ რაზეა რეალურად წამსვლელი. პრეზიდენტის ხელშია შეწყალების ბერკეტი, მას შეუძლია პოზიციის დაფისქსირება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, მედიაზე ზეწოლაზე, საკრებულოებზე და ასე შემდეგ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

პრეზიდენტის ინიციატივას მნიშვნელოვნად მიიჩნევს „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძეც, თუმცა იმედოვნებს, რომ ეს მხოლოდ „ცარიელი სიტყვები“ არაა.

„მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა – საზოგადოებაში ფართო დიალოგის დაწყებისა და ქვეყნის ამ მძიმე ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობიდან გამოყვანის მცდელობის შესახებ.
დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, ერთი სამშობლო გვაქვს, ვალდებული ვართ მისი წარმატებისთვის ყველაფერი გავაკეთოთ.
იმედია ეს ცარიელი სიტყვები არაა და პრეზიდენტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას, დიალოგისა და თანხმობის საერთო პლატფორმის შექმნას“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა სწორად მიაჩნია პარლამენტის წევრ სალომე სამადაშვილსაც, თუმცა მისთვის გაუგებარია, ვინ, როგორ და რანაირად წარმართავს პროცესს, რომელმაც შეიძლება რაიმე შედეგი გამოიღოს.

„შერიგებაზე, მოლაპარაკებაზე და შეთანხმებაზე ყველა ინიციატივა სწორია.აქვე ვიტყვი, რომ ისეთი პროცესი, რომელიც მიშელის მიერ წარიმართა და ისტორიული შანსი იყო ქვეყნისთვის, მსგავსი დონის პოლიტიკური ჩართულობით დასავლეთიდან, ჩვენს ქვეყანაში აღარ შედგება.

ამიტომ, ამ ეტაპზე, გაუგებარია, ვინ, როგორ და რანაირად წარმართავს პროცესს, რომელმაც შეიძლება რაიმე შედეგი გამოიღოს. თუ პრეზიდენტი მისთვის მინიჭებულ კონსტიტუციურ უფლებამოსილებას გამოიყენებს შეთანხმებისთვის კონკრეტული ნაბიჯის გადასადგმელად, მხოლოდ მივესალმები“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოვიდა.

მან პირობა დადო, რომ წამოიწყებს „ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ“.

„პირობას ვდებ, წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს“ — პრეზიდენტის სიტყვა დემოკრატიის სამიტზე

მასალების გადაბეჭდვის წესი