საზოგადოება

ველოდებით „ომიკრონ“ შტამის ამომცნობი ტესტების მოწოდებას — გამყრელიძე

1 დეკემბერი, 2021 • 882
ველოდებით „ომიკრონ“ შტამის ამომცნობი ტესტების მოწოდებას — გამყრელიძე

დღესდღეობით, საქართველოში არსებულ პისიარ თუ სწრაფ ტესტებს „ომიკრონ“ შტამის ამოცნობა არ შეუძლიათ, თუმცა ქვეყანა უახლოეს მომავალში სპეციფიკურ პისიარ ტესტებს ელოდება.

აღნიშნულის შესახებ ნეტგაზეთს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ უთხრა.

როგორც გამყრელიძე ამბობს, საქართველოში არსებული ზოგიერთი კომპანიის ტესტის მეშვეობით, რომელიც სამ გენზე მუშაობს, ეჭვის მიტანა შეიძლება კორონავირუსის ახალ, „ომიკრონ“ შტამზე, ოღონდ მხოლოდ ეჭვის — ეს საკმარისი არ არის „ომიკრონის“ გამოსავლენად და დიაგნოზის დასასმელად. „ომიკრონ“ შტამის აღმოჩენა ახლა მხოლოდ ლუგარის ლაბორატორიაში, სეკვენირებით არის შესაძლებელი.

„როგორც ვიცით, რამდენიმე კომპანიამ „ომიკრონზე“ ძალიან სწრაფად გააკეთა ტესტები და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და ჩვენს გერმანელ პარტნიორებთან ერთად, მიმდინარეობს მუშაობა, რომ რაც შეიძლება სწრაფად იყოს ხელმისაწვდომი ეს პისიარ ტესტი საქართველოში.

მოგეხსენებათ, ეს უფრო სწრაფად იძლევა პასუხს, ვიდრე სეკვენირება. სეკვენირებას ჩვენ ვაკეთებთ, რომელიც არის საბოლოო დასტური — არის თუ არა მუტაცია შტამში. გუშინ ჩვენ ლაბორატორიულ ქსელს, ვინც მუშაობს, კოვიდ დიაგნოსტიკაზე გავუგზავნეთ პირველადი პროტოკოლი, როგორ მიიტანონ ეჭვი „ომიკრონზე“ და ეს საეჭვო ნიმუშები გადმოგვიგზავნონ ლუგარში. ამის შედეგად ჩატარდება სეკვენირება, სანამ ჩამოვა ეს სპეციფიკური პისიარ ტესტები“, — უთხრა ნეტგაზეთს ამირან გამყრელიძემ და დაამატა, რომ სპეციალურ პისიარ ტესტებს ქვეყანა დეკემბერში მიღებს, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.

ჩვენს კითხვაზე, ამჟამად თუ მიიტანეს ეჭვი რომელიმე კონკრეტულ შემთხვევაზე, გამყრელიძე პასუხობს, რომ ეს ჯერ არ მომხდარა.

„ჯერ არა, სეკვენირება ჩვენთან ყოველდღიურად ტარდება სხვადასხვა შტამებზე. რადგან ჩვენ რუტინულად ვატარებთ მონიტორინგებს იმ შტამებისა, რომელიც ქვეყანაში ცირკულირებს, ჯერჯერობით 99% არის „დელტა“, — ამბობს ის.


მეცნიერები, მთავრობები და მედიასაშუალებები სულ რამდენიმე დღის წინ ალაპარაკდნენ COVID-19-ის ახალ, მუტაციების “უკიდურესად დიდი რაოდენობის მატარებელ” შტამზე, თუმცა ვითარება მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში სწრაფად იცვლება.

თავდაპირველად, ვირუსი აფრიკის კონტინენტზე გამოავლინეს, შემდეგ კი ევროპის არაერთ სახელმწიფოში, ასევე, ისრაელსა და ავსტრალიაში დააფიქსირეს.

მონაცემების სიმცირიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე დაზუსტებით ვერავინ ამბობს, რამდენად საშიშია „ომიკრონი”, თუმცა, ერთი მხრივ, ექსპერტთა შფოთის გამო, მეორე მხრივ კი, თავის დაზღვევის მიზნით, არაერთმა ქვეყანამ უკვე მიმართა პრევენციის დამატებით ზომებს.

ვრცლად:

“ომიკრონ” შტამი: მსოფლიო ახალი შეზღუდვებითა და უპასუხო კითხვებით

 

მასალების გადაბეჭდვის წესი