საზოგადოება

ენმ საკონსტიტუციო ცვლილებების კალენდრის წარმოსადგენად კუჭავას ერთთვიან ვადას აძლევს

1 დეკემბერი, 2021 • 790
ენმ საკონსტიტუციო ცვლილებების კალენდრის წარმოსადგენად კუჭავას ერთთვიან ვადას აძლევს

“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასა და “ქართულ ოცნებას” დეკემბრის ბოლომდე აძლევს ვადას საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების კალენდრის წარმოსადგენად.

“დეკემბრის ბოლომდე თუ კუჭავა, “ოცნება”, ამ კალდენარს არ წამორგვიდგენს და არ გვეტყვის, როგორ და რანაირად აპირებენ (რეალურად გვითხრეს კობახიძის პირით, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარისგანაც მინდა მოვისმინო), ჩვენი პასუხი, გადაწყვეტილება იქნება შესაბამისი და ვითარებასთან ადეკვატურობაში მოსული”, — განაცხადა ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიამ “მთავარ არხთან” ინტერვიუში, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემთხვევაში ენმ-ის მიერ პარლამენტის შესაძლო დატოვების საკითხზე საუბრისას.

ნიკა მელიას თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები არის ერთადერთი მიზანი, რატომაც ენმ პარლამენტში რჩება. ამასთან, მელია ფიქრობს, რომ “ქართულ ოცნებას” შანტაჟი გაუვა პატარა პარტიებთან.

“ჩვენი პოზიცია არის შემდეგი — დეკემბრის ბოლომდე ორივე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება არის თავისუფლად შესაძლებელი და ბატონმა კუჭავამ კალენდარი უნდა შემოგვთავაზოს წლის ბოლომდე, როდის და როგორ აპირებენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას”, — განაცხადა ნიკა მელიამ.

პარლამენტს პირველი მოსმენით მიღებული  აქვს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმადაც პარლამენტის მომდევნო ორი არჩევნები (ვადამდელის ჩათვლით) სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით უნდა ჩატარდეს. თუმცა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 30 ნოემბერს განაცხადა, რომ ამ ცვლილებების მიღების აუცილებლობა არ არსებობს, კანონპროექტის განხლვა არ გრძელდება და “ბევრი რამ იქნება დამოკიდებული სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე”. კობახიძის თანახმად, 2%-იანი ბარიერი შეიძლება იყოს მმართველი გუნდის კეთილ ნებაზე დამოკიდებული “საჩუქარი” პარტიებისთვის, ისიც 2024 წლიდან.

“როცა არ უნდა მივიღოთ [საკონსტიტუციო ცვლილებები], ეს იქნება საგაზაფხულო თუ საშემოდგომო სესიაზე, ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ეს ცვლილებები უნდა ამოქმედდეს აუცილებლად 2024 წლიდან, ანუ რიგგარეშეზე არ გავრცელდება არც თეორიულად და არც პრაქტიკულად”, — თქვა მან.

ენმ-ის აზრით, ხელისუფლებამ იცის, რომ მოუწევს ვადამდელი არჩევნების ჩატარება და “პოლიტიკური თაღლითობის” გზით ცდილობს, რომ ეს არჩევნები არსებული შერეული სისტემით ჩაატაროს. ნიკა მელია აფრთხილებს პატარა პარტიებსაც, რომ 2024 წლიდან ბარიერის დაწევაზე შეთანხმების სანაცვლოდ ხელისუფლება მათი პროტესტისგან გამიჯვნას შეეცდება, თუმცა შესაძლოა ვადამდელი არჩევნები 2023 წელს არსებული საარჩევნო სისტემით ჩაატაროს და სრულად პროპორციულზე გადასვლა კიდევ 4 წლით გადავადდეს.

“კობახიძის ბრიფინგის ადრესატები იყვნენ პატარა პარტიები, რომლებსაც უთხრა, რომ თუ კარგად მოიქცევით, ამ საპროტესტო მოძრაობისგან, რომელიც სულ უფრო და უფრო მზარდი გახდება, თუ არ დისტანცირდებით, მაშინ 2024 წელს ჩატარდება არჩევნები სრულად პროპორციული 5%-იანი ბარიერით, რაც პატარა პარტიებს შესაძლოა არ აწყობდეთ. პირველი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებში ყველაზე მნიშვნელოვანი ჩანაწერი არის, რომ 2024 წლამდე ნებისმიერი ახალი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით, დაბალი ბარიერით. კობახიძემ თქვა, რომ ეს ჩანაწერი არ უნდა დარჩეს, ერთადერთი, რაც შეიძლება განვიხილოთ, ეს არის 2024 წელს 5%-იანის ნაცვლად 2%-იანი ბარიერიო. მცდარია მათი მიდგომა, მაგრამ იმაში მდგომარეობს, რომ რომელიმე ცალკე აღებული პარტია დაითანხმონ, 2024 წელს მაინც იყოს დაბალი ბარიერი და ჯანდაბას, ვადამდელი თუ არსებული სისტემით ჩატარდებაო. მაგრამ ამ სცენარით არაფერი შეუშლის ხელს “ქართულ ოცნებას”, რომ სრულად პროპორციული არჩევნები 2024 წელსაც არ ჩაატაროს. ტექნიკურად ეძლევა შესაძლებლობა, რომ მაგალითად, 2023 წელს დანიშნოს არჩევნები, რომელიც სრულად პროპორციული კი არა, არსებული სისტემით ჩატარდება და 30 მაჟორიტარი დარჩება. პატარა პარტიების გასაგონად და მათი ამომრჩევლებისთვის ვსაუბრობ ამას. თუმცა, ვფიქრობ, ამ ანკესზე არავინ წამოეგება”, — განაცხადა ნიკა მელიამ.

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პორველი მოსმენით 7 სექტემბერს მიიღო, თუმცა განხილვები აღარ გაუგძელებია.

თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს მივიღებთ, აუცილებლად 2024 წლიდან უნდა ამოქმედდეს – კობახიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი