საზოგადოება

EU მხარს უჭერს ომბუდსმენის საქმიანობას, მათ შორის, სააკაშვილთან მიმართებით — ჰარცელი

19 ნოემბერი, 2021 •
EU მხარს უჭერს ომბუდსმენის საქმიანობას, მათ შორის, სააკაშვილთან მიმართებით — ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობას, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

„ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს სახალხო დამცველის საქმიანობას, მათ შორის, მის როლს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასა და მისი უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის საქმეში“, — განაცხადა კარლ ჰარცელმა 19 ნოემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას.

„იგივე შეიძლება ითქვას საჭიროებაზე, რომ არსებობდეს ობიექტური სამედიცინო რჩევები, რომ ყველამ ობიექტურად შევაფასოთ სიტუაცია და, ასევე, გათვალისწინებულ იქნას ის რეკომენდაციები, რასაც იძლევიან“, — განაცხადა მან.

„აბსოლუტურად აუცილებელია და, რაც ბოლო 24 საათში ვნახეთ, კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ფოკუსირება, რაც არის ევროკავშირის შეშფოთების საფუძველი“, — განაცხადა ჰარცელმა.

„რაც შეეხება არსებულ ვითარებას, მიმაჩნია, რომ დროა, – და დაგვიანებულიც კია, – დაიწყოს ფიქრი ჩიხიდან გამოსვლაზე, უარი ითქვას კამათზე და დაიწყოს მოძრაობა შესაბამისი ზომების მიღების მიმართულებით, რათა წინ წავიწიოთ, ეროვნული და საერთაშორისო უფლებებისა და ვალდებულებების საფუძველზე“, — ამბობს ევროკავშირის ელჩი.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა შიმშილობს. ის ამბობს, რომ შეწყვეტს შიმშილობას სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის შეფასებით, სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკული იყო ჯერ კიდევ 17 ნოემბრის ღამის მდგომარეობით. მათ მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცეს, რასაც მთავრობა ამ დრომდე არ ასრულებს.

მიხეილ სააკაშვილმა 18 ნოემბრის საღამოს გონება დაკარგა და ის ციხის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

ხელისუფლებას სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი