საზოგადოება

170 ათასზე მეტი ადამიანი წამლებს უფასოდ მიიღებს

9 თებერვალი, 2010 • • 1967
170 ათასზე მეტი ადამიანი წამლებს უფასოდ მიიღებს

170 ათასზე მეტი ადამიანი წამლებს უფასოდ მიიღებს, აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სოციალური მომსახურეობის სააგენტოს უფროსმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 ათასს არ აჭარბებს დღეიდან მედიკამენტებით მომარაგდებიან.

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების შეფასება 2009 წლის 1 დეკემბრამდე მოხდა, ასეთი ოჯახების საერთო რაოდენობა 53 ათას 497-ია .

სოციალურ პროგრამაში მოხვედრილი ადამიანები აირჩევენ სადაზღვევო კომპანიას და მიიღებენ ვაუჩერებს. ვაუჩერების გაცემა 20 მარტამდეა დაგეგმილი.

არჩეულ სადაზღვევო კომპანიასთან სოციალურად დაუცველი მოსახლეობა 3 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი მომსახურებით ისარგებლებს მომდევნო წლების განმავლობაში. 

ჯანდაცვის სამინისტროს ახალ ინიციატივას უკვე გამოეხმაურა სადაზღვევო კომპანია. რამდენიმე დღეა სატელევზიო რეკლამებით სადაზღვევო კომპანია ”ალფა” ადამიანების მიზიდვას მათ კომპანიაში ცდილობს.

რაც ეხება ვაუჩერების დარიგებას, მას უზრუნველყოფს სოციალური მომსახურეობის სააგენტოს რაიონული განყოფილებები.

სადაზღვევო ვაუჩერები ასევე გადაეცემათ სახალხო არტისტებს, რუსთაველის პრემიის ლაურეატებს, კომპაქტურ დასახლებაში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირებს და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი