საზოგადოება

აზარიანცის სახლი — რატომ იშლება და ვინ უნდა გადაარჩინოს ისტორიული შენობა

13 დეკემბერი, 2021 • 3029
აზარიანცის სახლი — რატომ იშლება და ვინ უნდა გადაარჩინოს ისტორიული შენობა

მელიკ აზარიანცის ისტორიულ სახლს, რომელიც თბილისში, რუსთაველის N37-ში 100 წელზე მეტია დგას, დაზიანებები სულ უფრო მეტად ეტყობა.

ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ისტორიული შენობის გადარჩენის აუცილებლობაზე, სულ მცირე, მეტყველებს ისიც, რომ შენობის ასევე ისტორიული ბარიელეფი ნელ-ნელა იშლება, მის დეტალებს კი თვითმხილველები მიმოფინტულს პოულობენ. თუმცა, გარდა ბარიელიეფისა, შენობას მარტივად შესამჩნევი, ვერტიკალური ბზარებიც გასდევს.

აზარიანცის სახლის მშენებლობა. მე-20 საუკუნის დასაწყისში. წყარო: Sam Daryan

არადა, ეს სახლი არქიტექტურულად და ისტროიულად უნიკალურია. სახლი გასული საუკუნის დასაწყისში უმსხვილესმა ვაჭარმა და მეცენატმა 1912-1915 წლებში ააშენა, პეტერბურგელი არქიტექტორის, ნიკოლოზ ობოლენსკის პროექტით. არსებობს ურბანული ლეგენდაც, რომლის მიხედვითაც, თითქოს შენობა ღვინონარევი ცემენტით ააგეს.

აზარიანცის სახლი. ფოტო: ეროვნული აქრივიდან

ისტორიული მნიშვნელობა აქვს შენობის ფასადსაც — დღეს ყველასთვის ცნობილი ბარელიეფი შენობის აგების შემდეგ რამდენიმე წელიწადში ცნობილმა ჩეხმა მოქანდაკემ ა. ნოვაკმა შეასრულა.

აზარიანცის სახლის ფასადის დეტალი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

აზარიანცის სახლს დღეს ბევრი მესაკუთრე ჰყავს, მათ შორის არის „სილქ როუდ ჯგუფი“, რომელიც შიდა ეზოს კეთილმოწყობას გეგმავს. ასევე ამბობს, რომ მზადდება რეაბილიტაციის გეგმა, თუმცა დასძინა, რომ ამ გეგმის სისრულეში მოყვანა მერიისა და კულტურის სამინისტროს ჩართულობის გარეშე წარმოუდგენელია.

რატომ და რის საფუძველზე გადასცა მთავრობამ „სილქ როუდ ჯგუფს“ ფართები?

რუსთავერლის N37-ში მდგარ ისტორიულ შენობას, დღესდღეობით, არაერთი მესაკუთრე ჰყავს და არაერთი მიზნით გამოიყენება — აქ არის საცხოვრებელი ფართები, რამდენიმე მაღაზია, ცნობილი სახინკლე, ბარი და სხვა.

ნეტგაზეთმა სტატიის წერისას მიმართა როგორც კულტურის სამინისტროს, ასევე, თბილისის მერიას. სამინისტროში გვითხრეს, რომ როგორც წესი, თბილისის ტერიტორიაზე არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას მუნიციპალიტეტი განაგებს. მერიაში კი დაგვიზუსტეს, რომ შენობა ახლა კერძო საკუთრებაშია, შესაბამისად, თუ მეპატრონეები გადაწყვეტენ რეაბილიტაციას, მათ შეუძლიათ მუნიციპალიტეტისგან ნებართვის აღება. უშუალოდ უწყებას არაფერი არ აქვს დაგეგმილი.

შენობაში ფართები შემდეგ პირებსა და კომპანიებს ეკუთვნის:

სქრინი საჯარო რეესტრიდან

ის, რომ შენობის დიდ ნაწილს ფლობს შპს „ცენტრ პლაზა“, ამ ჩანაწერითაც თვალსაჩინოა. კომპანიის „ცენტრ პლაზა“  100%-იანი წილის მფლობელი შპს „ესარჯი რიალ ისთეითია“. თავის მხრივ, „ესარჯი რიალ ისთეითის“ 95%-იანი წილის მფლობელი „სილქ როუდ ჯგუფია“.

აზარიანცის სახლი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

2020 წლის 23 აპრილს მთავრობამ სპეციალური განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმადაც, შენობაში 2000 კვ.მ-ზე მეტი „ცენტრ პლაზას“ ანუ „სილქ როუდ ჯგუფს“ 1 ლარად გადაეცა.

თუმცა ამავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ განკარგულების გამოცემიდან მალევე უნდა დაწყებულიყო სარეაბილიტაციო სამუშაოები და ინვესტიციის სახით დახარჯულიყო 2 500 000 ლარი. 

ფასადის დეტალები, რომელიც შენობისგან შორს იპოვეს

რამდენიმე დღის წინ მოგზაურთა ერთ-ერთ ფეისბუკ ჯგუფში ფოტოები გამოქვეყნდა, სადაც ჩანს, რომ აზარიანცის სახლის ფასადის დეტალები უყურადღებოდ და ნახევრად დაშლილი – მიწაზე დევს.

აღმოჩნდა, დეტალები საქანელას ქუჩაზე (ყოფილი ელბაქიძის აღმართის მიმდებარედ) ეზოში ეწყო, თუმცა, როგორც მისი მპოვნელი, კულტურულოგი, „თბილისის ჰამქარის“ ხელმძღვანელი, ცირა ელისაშვილი გვიყვება, გაურკვეველია, ვინ და რა მიზეზით მიატოვა აქ დეტალები.

ცირა ელისაშვილი გვიხსნის,  რომ თავის დროზე სპეციალურად და რესტავრატორის მეთვალყურეობის ქვეშ კედილდან ბარელიეფის ნაწილი მოიხსნა და, როგორც მათ უთხრეს – უსაფრთხო ადგილას მოთავსდა. თუმცა, დღეის მდგომარეობით, არავისგან არ აქვს ინფორმაცია, თუ რატომ აღმოჩნდა ზემოხსენებული ფრაგმენტის ერთი ნაწილი უყურადღებოდ.

ჩვენს კითხვაზე, თუ მიიღო მერიისგან რაიმე პასუხი ან განმარტება, ცირა ელისაშვილი გვპასუხობს, რომ ეს მერიის პრეროგატივა ბოლომდე აღარაა, რადგან შენობა გასხვისებულია და პასუხისმგებელი ახლა მეპატრონეა.

„მერია ამ შემთხვეაში პირდაპირ კავშირში არ არის, თუმცა, თავის დროზე, როდესაც ეს ფრაგმენტი მოიხსნა, როგორც ვიცი, მერია იყო საქმის კურსში იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს განხორციელდა რესტავრატორის მეთვალყურეობით — ის კონკრეტული რესტავრატორი მათ შორის, ის იყო არქიტექტტურის საბჭოს წევრი, ამიტომ მერია ყველა შემთხვევაში საქმის კურსში იქნებოდა. მაგრამ მერე ეს გადატანილი ნაწილი ისევ ეზოში როგორ მოხვდა, ამაზე პასუხი არავის აქვს“, – ამბობს ის.

აზარიანცის სახლის ბარელიეფი რუსთაველის გამზირის მხრიდან. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

„გადასარჩენია ნამდვილად იმიტომ, რომ საკმაოდ რთული მიწისქვეშა პროცესები მიდის აქ, რაც იმას ნიშნავს, რომ აზარიანცის სახლს მინიმუმ 3-ზონიანი სარდაფი აქვს. მესამე სარდაფში უკვე ისე დგას წყალი, რომ იქ უკვე წარმოუდგენელია შესვლა. არსებობს ვარაუდი, რომ შეიძლებ ამის იქითაც რაღაც ხდებოდა. იმიტომ, რომ როგორც იცით, ეს იყო თავის დროზე საკმაოდ რთული ლანდშაფტი. ხევის თვალსაზრისით, ეს იყო ჩვეულებრვივი ხევი და ამ ადამიანმა ამ ხევში ჩადგა ეს სახლი.

ეს არ არის ერთ სივრცეზე მოჭრილი ფუნდამენტი და მერე ამოსული შენობა. შესაბამისად, ეს მიწისქვეშა წყლების მდგომარეობა დიდ საფრთხეს გვიქმნის და ასევე, ფასადი, შარშან გაკეთდა შენობის მარჯვენა ერკერთან [კედლიდან გამოწეული ნახევრად მრგვალი შემინული ნაწილი] დაკავშირებით სარესტავრაციო სამუშაოები, რამაც ძალიან კარგი შედეგი გამოიღო და, როგროც ვიცი, ჩემი ინფორმაციით, იანვრიდან უნდა გაგრძელდეს შენობის სხვა ნაწილების რესტავრაცია. რაც თავისთავად გულისხმობს ამ მოხსნილი დეტალის უკან დაბრუნებას და ადგილზე მიმაგრებას.“

უკანა ეზოს ახალი ფასადი?

წინა ფასადის მსგავსად, აზარიანცის სახლის უკანა მხარეც ცუდ მდგომარეობაშია. ეზოდან უფრო ნათლად ჩანს, რომ შენობას დახმარება სჭირდება.

აზარიანცის სახლის შიდა ეზო. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

თბილისის არქიტექტურის სამსახურმა უკვე შეათანხმა ესკიზი, რომელიც შენობის შიდა სივრცის მოწყობას ეხება. უშუალოდ ესკიზი  კომპანია „არსტუდიო პროექტმა“ მოამზადა, ხოლო მისი დამკვეთი „ცენტრ პლაზაა“.

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დადებითი დასკვნის საფუძველზე, მიმდინარე წლის 1 ნოემბერს შეთანხმდა რუსთაველის გამზ. N37-ში არსებულ შენობაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის ესკიზი. სამუშაოები ძირითადად ითვალისწინებს ეზოს მხარე ფასადის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას და ეზოს კეთილმოწყობას“, — ამბობს არიექტურის სამსახური.

ამჟამად არსებული პროექტის თანახმად, შიდა სივრცის განვითარებას კომპანია ასე ხედავს:

„არტსუდიო პროექტის“ მიერ მომზადებული ესკიზი. ფოტო: tas-ზე გამოქვეყნებული დოკუმენტაცია

 

„არტსუდიო პროექტის“ მიერ მომზადებული ესკიზი. ფოტო: tas-ზე გამოქვეყნებული დოკუმენტაცია. სრულად რენდერები ნახეთ აქ..

გასათვალისწინებელია, რომ შეთანხმებული ესკიზი არ ნიშნავს, რომ მშენებლობა დღესვე დაიწყება — ესკიზის შემდეგ, კომპანიამ უნდა შეათანხმოს პროექტი, საბოლოოდ კი მიიღოს მშენებლობის ნებართვა.

მზადდება შენობის რეაბილიტაციის გეგმა – „სილქ როუდ ჯგუფის“ პასუხი

ნეტგაზეთის კითხვების საპასუხოდ, „სილქ როუდ ჯგუფი“ აცხადებს, რომ შენობაში ფლობს 8 645 კვადრატულ მეტრს, რომელთა შორის არ არის – „პირველი სართულის უდიდესი ნაწილი და ასევე 3 ბინა ზედა სართულებზე“.

როგორც კომპანია განმარტავს, არსებული ფართობები მან კერძო მფლობელებისგან ეტაპობრივად, 2007-2008 წლებში მიიღო.

„ფართების გარკვეული ნაწილი მივიღეთ სახელმწიფოსგან 2008 წელს საინვესტიციო ვალდებულების სანაცვლოდ. შემდგომში ფინანსური კრიზისის ფონზე ეს ვალდებულება გადაიცვალა აჭარაში სასტუმრო რედისონის მშენებლობის ვალდებულებაში.

ასევე 2020 წელს კომპანიამ სახელმწიფოსგან საინვესტიციო ვალდებულებით მიიღო სარდაფში მდებარე ფართები. ხელშეკრულების მიხედვით კომპანიამ 2024 წლის მაისამდე უნდა დახარჯოს 2.5 მილიონი ლარი რუსთაველი 37-ის და რესპუბლიკის მოედნის რეაბილიტაციაში

კომპანია „ცენტრ პლაზამ“ 2019 წელს შეათანხმა შენობის ფასადების რეაბილიტაციის პროექტი. 2020 წელს განხორციელდა შენობის მე-5 და მე-6 სადარბაზოების მიმდებარე ნაწილის რეაბილიტაცია/გამაგრება გარე ფასადების ჩათვლით. შენობის ამ ნაწილში ამჯერად მდებარეობს ევრონიუსის ოფისები. 2021 წლის ბოლოსთვის ვაპირებთ დავიწყოთ პირველი და მე-2 სადარბაზოების მიმდებარედ 3 ყველაზე ავარიული ერკერის შეკეთების/რესტავრაციის სამუშაოები. ამჯერად ველაპარაკებით რესტავრატორებს და უახლოეს მომავალში დაიწყება სამუშაოები,“

ამასთანავე, კომპანია განმარტავს, რომ ექსპერტთა ჩართულობით, რომელთა შორის არიან არქიტექტორები, რესტავრატორები, ხელოვნებათმცოდნეები და სხვა, მზადდება შენობის რეაბილიტაციის გეგმა – „კომპანიას აქვს აქტიური კომუნიკაცია მერიასთან და კულტურის სამინისტროსთან ამ მიმართულებით. რეალურად შენობის ნაწილი საკმაოდ ავარიულია: შენობა ფაქტიურად დგას ძველ სანიაღვრე კომუნიკაციებზე“. 

„შენობის რეაბილიტაცია უნდა განხორციელდეს კომპლექსურად, ამისთვის საჭიროა ყველა მხარის ჩართულობა: მერიის, კულტურის სამინისტროსი, ასევე, შენობის ყველა თანამესაკუთრის. რეაბილიტაცია იწყება საძირკველიდან და უნდა დასრულდეს სახურავით. ჩვენი ძალებით შეგვიძლია წერტილოვანი სამუშაოების ჩატარება, რასაც ვაკეთებთ, თუმცა საერთო შენობის რეაბილიტაცია ყველა მხარის ჩართულობის გარეშე წარმოუდგენელია“, – ამბობენ კომპანიაში.

შენიშვნა: თავდაპირველად სტატია გამოქვეყნდა „სილქ როუდ ჯგუფის“ პასუხის გარეშე, რადგან იმ დროისთვის კომპანიისგან წერილობითი პასუხი მიღებული ჯერ კიდევ არ გვქონდა. პასუხის მიღების შემდეგ მასალა განახლდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი