საზოგადოება

დაზარალებულების აქცია ბათუმში

7 თებერვალი, 2010 • 3581
დაზარალებულების აქცია ბათუმში

11 წლის მეგი მუსხაჯბა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ბათუმის ბავშთა და დედათა რეანიმაციული განყოფილებიდან,  5 თებერვალს თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანეს. მუსხაჯბა ბათუმში, 3 თებერვალს,  მშენებარე 14 სართულიანი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა.

 

იაშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ მუსხაჯბას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მარავლმხრივი მოტეხილობები აღენიშნება. თუმცა კლინიკაში ორსაბათამდე დეტალური ინფორმაციის მოწოდებისგან თავს იკავებენ.

ბათუმში, 14 სართულიანი მშენებარე სახლის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულმა მოსახლეობამ 6 თებერვალს,  საღამოს, ჭავჭავაძის და ჯაფარიძის ქუჩის კვეთაში აქცია მოაწყო. აქციას საპატრულო პოლიცია აკონტროლებდა და დაზარალებულებს გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცა. დაზარალებულებთან ბათმის მერის მოადგილე ავთო დარჩია  მივიდა და დახმარება შეჰპირდა.

 “სიტყვიერი დახმარება არ გვჭირდება, დოკუმენტი გვანახეთ”– კატეგორიულად მოსთხოვა ერთმა დაზარალებულმა. “არ გჯერათ რომ გელაპარაკებით?”–იკითხა ვიცე მერმა. მერის მოადგილესა და ხალხს შორის დაპირისპირება ხმაურისა და აყალმაყალის ფონზე მიმდინარეობდა.

აქციის მონაწილეები მუნიციპალიტეტს ან იმ კორპუსის დემონტაჟს ითხოვენ, რომლის ნგრევის შედეგად ისინი დაზარალდნენ, ან საცხოვრებლების ქირაობას.

ქალაქის მერიამ  დაზარალებულები დროებით “სასტუმრო ჩაოში”  შეასახლა. როგორც დაზარალებულები ამბობდნენ, მათ გათბობაც შეუწყვიტეს და კვებაც. ვიცე მერმა განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ ქონდა და მოსახლეობას ბოდიში მერიის სახელით მოუხადა.

 3 თებერვალს, დაახლოებით 19 საათზე, ბათუმში, ჭავჭავაძისა და ჯაფარიძის ქუჩების კვეთაში, 14-სართულიანი მშენებარე სახლის ორი სართული ჩამოინგრა. ნგრევის შედეგად გვერდით მდებარე ორსართულიანი კორპუსი და ერთიც კერძო სახლი დაზიანდა. უსახლკაროდ დარჩა სამი ოჯახი. ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით დავითაძემ განაცხადა, რომ “შეიქმნება კომისია, რომელიც ნგრევის გამომწვევ მიზეზებს შეისწავლის. ამის შემდეგ კი კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება”.

აღნიშნულ კორპუსს, რომლის ორი სართულის დანგრევამ მთლიანობაში 15 ოჯახი დააზარალა, “ბათუმი პალასი-2007” აშენებს. ამ ფირმის დაკვეთით კარკასი სამშენებლო კომპანია “ანაგმა” ააგო.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი