საზოგადოება

მელია: არჩევნები გაუქმებულია, ხვალ კონკრეტული გეგმით წარვდგებით

31 ოქტომბერი, 2021 • 2100
მელია: არჩევნები გაუქმებულია, ხვალ კონკრეტული გეგმით წარვდგებით

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ ხვალ ოპოზიციური კოალიცია ბრძოლის კონკრეტულ გეგმას წარადგენს. მელიას თქმით, საქართველოში არჩევნები გაუქმებულია და ოპოზიციის გამარჯვება ბიძინა ივანიშვილმა მოიპარა:

„ამ ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული დიდი ბოქლომი დაედო ამ საქმეს. ამიტომ, თუკი ვინმე ფიქრობს, რომ არჩევნები ივანიშვილის პირობებში ჩატარდება, მე მის მოსაზრებას, როგორც ერთი ცალკე აღებული პოლიტიკოსი, ვერ გავიზიარებ. მოპოვებული გამარჯვებები ბევრ მუნიციპალიტეტში ბიძინა ივანიშვილმა ვითომც არ იყო ეს გამარჯვება მოპოვებული, წაიღო თავის რეზიდენციებში – მოიპარა. მე ბიძინა ივანიშვილს დავპირდი 14 ოქტომბერს მეგობრებთან ერთად, რომ ყველაფერი იქნებოდა მასზე დამოკიდებული, როგორ მოიქცეოდა 30 ოქტომბერს. მაშინაც გულწრფელი ვიყავი და ახლაც ვარ. ბიძინა ივანიშვილმა დღეს გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც გადადგა“ – ამბობს ნიკა მელია.

მისი თქმით, კოალიცია კიდევ უფრო მეტად უნდა გაფართოვდეს პოლიტიკოსების გარდა საზოგადოების სხვადასხვა წევრის მიერ, რამდენადაც მისი შეფასებით, პარტიული პოლიტიკა აღარ არსებობს. მელიას განცხადებით, ბრძოლა უკომპრომისო იქნება და წინ მძიმე თავგადასავალია:

„პასუხი იქნება ადეკვატური. არჩევნები არის გაუქმებული, მსგავსი განცხადება არასოდეს გამიკეთებია. უკანასკნელი რამდენიმე საათი განგებ არ ვდგებოდი მედიასთან, მინდოდა დავრწმუნებულიყავი რომ ეს არჩევნები ნამდვილად იყო გაუქმებული. ამ ადამიანმა ააორთქლა არჩევნები. ხვალ წარვდგები კონკრეტული გეგმით თქვენს წინაშე. პარტიული პოლიტიკა აღარ არსებობს, იმუშავა კოალიციურმა ერთობამ ძალიან მნიშვნელოვნად, მაგრამ ჩვენი მიზანია ეს კოალიცია კიდევ უფრო ფართო გახდეს, არამხოლოდ პოლიტიკოსების. ხვალ ჩვენ კონკრეტული გეგმით წარვდგებით თქვენს წინაშე, ბრძოლა იქნება უკომპრომისო, გპირდებით როგორც ერთი რიგითი მოქალაქე.

ბიძინა ივანიშვილს ჩვენ მივეცით შანსი, მან ეს შანსი არ გამოიყენა. მთელი ამ დროის განმავლობაში მქონდა კომუნიკაცია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. მე მათ ვუთხარი, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები გაუქმებულია და არ არსებობს ადამიანი, ვინც არ იზიარებდეს ამ მოსაზრებას. ჩვენ ვიქნებით ავანგარდში, მაგრამ ჩვენი სურვილია ეს ბრძოლა წარიმართოს ფართო კოალიციურ ფორმატში. მოემზადეთ ძალიან საინტერესო, თუმცა მძიმე თავგადასავლისთვის. ბრძოლა იქნება ბოლომდე, გამარჯვებისთვის მანამ, სანამ ამ ქვეყანაში ჩვენ არ მოვიპოვებთ არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას“ – ამბობს ნიკა მელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი