საზოგადოება

რუსთავში უბნის თავმჯდომარე უარყოფს, რომ დამკვირვებელს აგინა

30 ოქტომბერი, 2021 • 862
რუსთავში უბნის თავმჯდომარე უარყოფს, რომ დამკვირვებელს აგინა

„კომისიის თავმჯდომარემ უხეში ტონით მომმართა, რომ ნაცვლად უბნის შესასვლელისა, სადაც მარკირების შემოწმების პროცესს ვაკვირდებოდი, წავსულიყავი და სხვა ადგილას დავმდგარიყავი. მე ვუთხარი, რომ მისი ასაკის შვილები მყავდა და შენობით არ უნდა მოემართა და რომ მის მიერ მითითებული ადგილიდან ვერ დავაკვირდებოდი არჩევნებს, რაზეც შემაგინა და (ჩემს) ოჯახს გადასწვდა. ქალბატონები დგანან და ყველამ მოისმინა“, – აცხადებს ნიკოლოზ კაკალაშვილი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობის“ წარმომადგენელია და რუსთავის 54-ე უბანზე არჩევნებს აკვირდება.

კომისიის თავმჯდომარემ ნეტგაზეთთან საუბრისას უარყო, რომ დამკვირვებელს შეაგინა.

„არავისთვის მიმიყენებია შეურაცხყოფა, პირიქით, აქეთ უფრო მეტი მომაყენეს და ჩავყლაპე“, – განუცხადა ლექსო ხუციშვილმა ნეტგაზეთს.

რუსთავის 54-ე საარჩევნო უბანთან პოლიციელები არიან მობილიზებულნი.

დღეს საქართველოს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტური იმართება.

რუსთავში ერთმანეთს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ნინო ლაცაბიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დავით კირკიტაძე უპირისპირდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი