ნეტგაზეთი | 12 მილიონი ადამიანი სიმსივნით მოკვდება 12 მილიონი ადამიანი სიმსივნით მოკვდება – Netgazeti
RU | GE  

12 მილიონი ადამიანი სიმსივნით მოკვდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ავთვისებიანი სიმსივნით ავადობის მაჩვენებლები 2020 წლისათვის 20 მილიონს გადააჭარბებს. ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებლები მიაღწევს 12 მილიონ ადამიანს.

 

სიგარეტის კოლოფზე ამოტვიფრულ წარწერას ”მოწევა კლავს”, უკვე ბევრმა მწეველმა შეაჩვია თვალი. მოქმედებს თუ არა საქართველოში მსგავსი წარწერები მწეველებზე, ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. თუმცა პასუხი იმაზე, თუ რა იწვევს ფილტვის კიბოს, დიდი ხანია ნათელია. ავთვისებიანი სიმსივნის მიზეზი, 80% -ით თამბაქო და მისი მოხმარებაა.
საქართველოში 33 ათასი ადამიანი ავთვისებიანი სიმსივნით არის დაავადებული. ონკოლოგიური ცენტრის მონაცემებით ამ ციფრს ყოველწლიურად 7 ათასი ახალი შემთხვევა ემატება. 
ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნე მამაკაცებში ფილტვის კიბოა, ქალებში კი – ძუძუს კიბო და რეპროდუქციული ორგანოების. 
ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ მამაკაცთა 24%-ს ფილტვის კიბო აქვს. ქალების შემთხვევაში კი სიმსივნის 39% ძუძუს კიბოზე მოდის.
ბოლო სტატისტიკური მონაცემებით (2008 წელი) 100 ათას მოსახლეზე საქართველოში 33.3 ფილტვის კიბოთი დაავადებული მოდის.
ყველაზე მაღალია ავადობის სტანდარტიზებული მაჩვენებელი  უნგრეთში _ 115,5 (100.000 მოსახლეზე), პოლონეთში _ 103,2, ლიტვაში და ლატვიაში, საბერძნეთში, ჩეხეთში, იტალიასა , საფრანგეთში და  გერმანიაში _ 50,2, იაპონიაში _ 40,3, ჩინეთში _ 38,5, ყველაზე დაბალია _ ნიგერიასა 0,65  და სუდანში _ 1,18.
ფილტვის კიბო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეა. მაგალითად ევროპაში კიბოთი სიკვდილიანობის 15-დან 28%-მდე ფილტვის კიბოზე მოდის. 
თითქმის 90% იმ ადამინებისა, რომელთაც ფილტვის კიბოს დიაგნოზი აქვთ დასმული, კვდებიან. სიმსივნის დადგენიდან სიცოცხლისთვის მაქსიმალური დრო 5 წელია.
ფილტვის კიბოს გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი თამბაქოა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დაავადებით გარდაცვლილთა დაახლოებით 20% არ იყო მწეველი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ავთვისებიანი სიმსივნით ავადობის მაჩვენებლები 2020 წლისათვის 20 მილიონს გადააჭარბებს. ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებლები მიაღწევს 12 მილიონ ადამიანს.
ფილტვის კიბოს რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან მამაკაცები, 50 წელს ზემოთ. განსაკუთრებით საშიში 25 წლიანი თამბაქოს მოხმარების სტაჟია.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თამარ ჩხეიძე