საზოგადოება

ხუნდაძის ნათესავი დეპუტატის შვილს ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს

28 ოქტომბერი, 2021 • 1480
ხუნდაძის ნათესავი დეპუტატის შვილს ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს

დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის ნათესავი ბაჩანა წიკლაური ხუნდაძის შვილს, სიძეს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს.

წიკლაურის განცხადებით, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და ოქტომბერში საქართველოში ცოტა ხნით ჩამოვიდა ახლობლების გარდაცვალების გამო. 9 ოქტომბერს კი მცხეთაში დეპუტატის შვილმა და მისმა ახლობლებმა “ჯიბგირული თავდასხმა” მოუწყვეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მიზეზი, როგორც ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეოში წიკლაური ამბობს, მისი კრიტიკული პოსტებია მმაართველი პარტიისა და დეპუტატის პოლიტიკური საქმიანობის გამო.

“ზუსტად იმ მომენტში იყო საქმის კურსში დიმიტრი ხუნდაძე, დანამდვილებით ვიცი, იმიტომ, რომ როდესაც ჩემი ბაბუა და ბებია მეძებდნენ – რადგან ყველამ გაიგო, რომ უბანთან ავტომობილები მელოდებოდნენ გარკვეულ პირებთან ერთად… დიმიტრი ხუნდაძემ ბებია-ბაბუას განუცხადა, რომ მას არ შეეძლო თავისი ბიჭის შეჩერება“, – ამბობს ბაჩანა წიკლაური მთავარ არხთან.

წიკლაურთან ნათესაობას თავად დიმიტრი ხუნდაძე ფეისბუკით გავრცელებული განცხადებით ადასტურებს, თუმცა დამატებითი დეტალების შესახებ არ საუბრობს.

„სწორედ იმიტომ, რომ ის ჩემი ნათესავია, მე მასზე საჯაროდ, ტელევიზიების და სხვების მეშვეობით საუბარს არ ვაპირებ. ნათესაური კავშირის გამო მე მასზე საქვეყნოდ არც ცუდს ვიტყვი და არც კარგს, თუმცა, სათქმელი ნამდვილად ბევრი მაქვს.

ერთს კი ვიტყვი, როცა საკუთარ ახლობელთან სასაუბროდ ტელევიზიებს და შანტაჟს იყენებ, სულ მცირე სირცხვილია, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც პირისპირ საუბრის არცერთი მცდელობა არ გქონია“, – ამბობს დეპუტატი ფეისბუკზე გავრცელებულ განცხადებაში.

მომხდართან დაკაავშირებით ნეტგაზეთმა კითხვით შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართა და პასუხს ელოდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი