საზოგადოება

მშენებარე სახლის ნგრევის გამომწვევ მიზეზებს კომისია შეისწავლის

4 თებერვალი, 2010 • 3960
მშენებარე სახლის ნგრევის გამომწვევ მიზეზებს კომისია შეისწავლის

 

დღეს ბათუმში 14 სართულიანი მშენებარე სახლის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ნაწილს ქალაქის მერი შეხვდა. შეხვედრამ დახურულ კარს მიღმა ჩაიარა, ჟურნალისტებს დასწრების უფლება არ მისცეს. ბათუმის მერთან შეხვედრიდან გამოსული მოქალაქეების თქმით კი, რობერტ ჩხაიძე დაზარალებულებს ბათუმში, სასტუმრო ჩაოში” შესახლებას დაჰპირდა.

3 თებერვალს, დაახლოებით 19 საათზე, ბათუმში, ჭავჭავაძისა და ჯაფარიძის ქუჩების კვეთაში, 14-სართულიანი მშენებარე სახლის ორი სართული ჩამოინგრა. ნგრევის შედეგად გვერდით მდებარე ორსართულიანი კორპუსი და ერთიც კერძო სახლი დაზიანდა. უსახლკაროდ დარჩა სამი ოჯახი. ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

დაზარალებული ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი, ქალაქის პირველ საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების განცხადებით, ამჟამად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

კორპუსის ნგრევის გამომწვევ მიზეზად თავდაპირველი ვერსიით ძლიერი ქარიშხალი დასახელდა. ბათუმის მერიის ზედამხედველობის უფროსი დავით დავითაძე კი აცხადებს, რომ “შეიქმნება კომისია, რომელიც ნგრევის გამომწვევ მიზეზებს შეისწავლის. ამის შემდეგ კი კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება”.

აღნიშნულ კორპუსს, რომლის ორი სართულის დანგრევამ მთლიანობაში 15 ოჯახი დააზარალა, “ბათუმი პალასი-2007” აშენებს. ამ ფირმის დაკვეთით კარკასი სამშენებლო კომპანია “ანაგმა” ააგო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი