საზოგადოება

ცივი დღეების ქრონიკა

26 იანვარი, 2010 • • 4035
ცივი დღეების ქრონიკა

ზამთრის მეტ-ნაკლებად თბილი დღეების შემდეგ, დღეს საქართველოში შესამჩნევად აცივდა. ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე ყინვა და ქარია.

ქარი თბილისის გარეუბნებში განსაკუთრებით საგრძნობი იყო. ძლიერი ქარის გამო ქალაქის ამ ნაწილში მცხოვრებ მოსახლეობას სამარშუტო ტაქსების კარის გაღებაც კი უჭირდათ. განსაკუთრებით რთული იყო დღევანდელი დღე გლდანის მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელთაც დღის პირველ ნახევარში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდათ.

“ისე შემცივდა, რომ მთელი დღე ვკანკალებდი,” ამბობს გლდანის ა მიკრო რაიონში მცხოვრები შეირზად წივწივაძე,68 წლის, რომელიც უსინათლოა და მარტო ცხოვრობს. “მეზობელმა ამინთო გაზის კამფორა და მაინც ვერ გავთბი.”

წინასწარი ინფორმაციით გლდანის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება ხვალაც შეუწყდებათ, არც სინოპტიკოსები ელიან ამინდის გამოსწორებას. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა -3 -5 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ტემპერატურა -6 გრადუსამდე დაეცემა.

რაც შეეხება მაღალმთიან რეგიონებს, იქ ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო დაბალი იქნება და რიგ ადგილებში -20 გრადუსსაც კი მიაღწევს. სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას მომდევნო დღეებშიც ელიან. ყინვა არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზეა, დღეს მოსკოვში -18 გრადუსია, ყინვაა სხვა ქვეყნებშიც: სტოკჰოლმში, ბერლინში, ბუქარესტში, ვარშავაში დღეს მთელი დღე ყინვაა.


მასალების გადაბეჭდვის წესი