ნეტგაზეთი | 620 ოჯახი წყლის გარეშე 620 ოჯახი წყლის გარეშე – Netgazeti
RU | GE  

620 ოჯახი წყლის გარეშე

თბილისში, სოფელ გლდანულაში, მცხოვრები 620 ოჯახი ადიდებულმა მდინარემ სასმელი წყლის გარეშე დატოვა. მოსახლეობის ნაწილს სახლთან მისასვლელი გზა დაუზიანდა. მოქალაქეები მთავრობის მხრიდან უყურადღებობას უჩივიან. 

1 ივლისს დანგრეული ხიდის ქვეშ სოფელ გლდანის 5 მცხოვრები პარლამენტში გლდანის რაიონის დეპუტატ გიორგი ასანიძეს ელოდა.  მოსახლეობა სასმელი და საყოფაცხოვრებო წყლის მილების შეკეთებას და  სახლთან მისასვლელი გზის აღდგენას ითხოვდა, რომელიც ნიაღვარმა დააზიანა. თუმცა დეპუტატი არ გამოჩნდა და მოსახლეობაც დაიშალა. 

ერთ-ერთი მოსახლე ნოდარ კოტორაშვილი ამბობს, რომ ასანიძე მას სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას დაპირდა, მაგრამ პირობა ჯერ არ შეუსრულებია. 

სასმელი წყლის მილები სოფელ გლდანში, რომელიც დედაქალაქის ცენტრიდან დაახლოებით  1 საათის საავტომობილო სავალზე მდებარეობს, 2010 წლის 23 ივნისს დაზიანდა, როცა მდინარე გლდანულა დაახლოებით 6 მეტრით ადიდდა.

”როგორც გემს, ისე მიაცურებდა ადიდებული  მდინარე წყლის მილს”, – ამბობს მდინარის ხეობაში მცხოვრები თინა ლეჟავა. 

დაახლოებით 10 ტონა სასმელად ვარგისი წყალი ყოველდღიურად მილებიდან მდინარის კალაპოტში ჩაედინება.

”დიდი არაფერი უნდა ამის შეკეთებას. ამდენი წყალი ტყუილად იკარგება, არადა,  წყალი ძვირად ფასობს”,- ამბობს ლეჟავა.

ამჟამად სოფელ გლდანში მცხოვრები 620 ოჯახი სასმელი და საყოფაცხოვრებო  წყლის გარეშეა დარჩენილი.

სასმელი წყლის გარდა,  23 ივნისს ადიდებულმა გლდანულამ მდინარესთან ყველაზე ახლოს მცხოვრებ მოსახლეობას ნათესები და სახლთან მისასვლელი გზები გაუნადგურა, ხეხილი კი ძირფესვიანად წალეკა.

ირინა ლეჟავაც მდინარე გლდანულის პირას ცხოვრობს. მას მეორე თვეა, რაც სასმელი წყალი არ აქვს.

”მდინარის ადიდების მერე წყლის ნასახი არა გვაქვს,” – ამბობს ლეჟავა. 

ფეხმძიმე რძალი და შვილიშვილები სხვაგან გახიზნა, თვითონ კი სახლში ჩამონგრეული საცალფეხო ბილიკებით ადის. მისი თქმით, წელიწადში დაახლოებით 5000 ლარს ხარჯავდნენ  სახლამდე მისასვლელი გზის შეკეთებისთვის, რომელიც მდინარის ყოველი ადიდების მერე ირეცხებოდა.

”წყალში გადაყრილი ფული იყო. ახლა კი დანგრეული გზა იმხელაა, რომ ამას ჩვენ საკუთარი სახსრებით ვეღარ შევაკეთებთ”, – ამბობს ირინა ლეჟავა.  

მოსახლეობის სახელით, ირინა ლეჟავამ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში გზების შეკეთების თაობაზე განცხადება  2010 წლის აპრილის დასაწყისში შეიტანა.

”სამინისტროდან მოვიდნენ, მიწა აზომეს და მერე გვითხრეს, თანხა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს და საგზაო დეპარტმანეტს უნდა გადაურიცხოსო.  მას მერე არაფერი გვსმენია”, – ამბობს ის.  

ხეობიდან სახლამდე ნოდარ კოტორაშვილსაც ჩამონგრეული მიწის გავლით უწევს ასვლა. მისი სახლის წინ მიწის ფართობი თითქმის აღარ დარჩა.

”კიდევ ასე რომ ადიდდეს მდინარე, ჩვენს სახლსაც წაიღებს”, – ამბობს კოტორაშვილი, რომელიც ხეობიდან სახლამდე ჩამონგრევის პირას მყოფი მიწის ბილიკით ადის.  

ლევან მინაშვილი მდინარის ხეობიდან დაახლოებით 100 მეტრში 4 წლის წინათ დასახლდა.  ადიდებული მდინარის ზემოდან დაქანებულმა წყალმა მისი პომიდვრის ნათესები წალეკა. ლევანს მათი ხელახლა დათესვა მოუწია.

”რად მინდა ახალი ნათესები, მაინც ვერ ვრწყავ”,  – ამბობს მინაშვილი.

ლევანს სხვა პრობლემაც აწუხებს, რომელიც ზაფხულობით იჩენს ხოლმე თავს. სახლის ეზოში ამჟამად წყლის არხია გაყვანილი, სადაც ქუჩის იქით მცხოვრები მოსახლეობის  ფეკალური მასები გაედინება და ეზოს კვეთს, შემდეგ კი მდინარე გლდანულაში ჩაედინება. 

”საშინელი სუნი დგას და არხთან გველხოკერები ამოდიან გასაგრილებლად. მეშინია ბავშვს რამე არ დაუშავონ”, – ამბობს მინაშვილი. 

ნიაღვრის დროს ადიდებული არხის  ჩაცხრომის შემდეგ  ლევან მინაშვილი საკუთარი სახსრებით ეცადა საბურავების საშუალებით ნიადაგის გამაგრებას.  გამგეობაში არაერთხელ მიმართვის შემდეგ,  რამდენიმე დღის წინ მან განცხადება  გიგი უგულავას სახელზეც დაწერა. განცხადებაში ის ითხოვს, რომ სასმელი წყლის მიწოდება აღუდგინონ  და სოფლის მიერ მოხმარებული წყალი მისი ეზოდან გაიყვანონ.

”არ მაქვს იმედი, რომ დამეხმარებიან. მაგრამ მერე საბუთი ხელთ მექნება, რომ მივმართე და ჩემს ეზოში გამავალ ბინძურ არხს რომ გადავკეტავ, ვეღარ მომედავებიან”, – ამბობს ის.

ამჟამად არც მინაშვილს აქვს სასმელი და ნათესების მოსარწყავი წყალი.

მოსახლეობა ჩივის, რომ 23 ივნისს დანგრეული ხიდის მშენებლობა მალე დაიწყო, რადგან, ერთ-ერთი მოსახლის თქმით, ის ”სტრატეგიული ობიექტი იყო”, ხოლო წყლის მილების შეკეთების საკითხი დღემდე ღიად რჩება. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცირა გვასალიას ფოტორეპორტაჟი