აუტისტური სპექტრის აშლილობის დიაგნოზის მქონე ბავშვის დედა, ლიკა ბარბაქაძე ამბობს, რომ სახლის მეპატრონემ ბინიდან მხოლოდ იმ მიზეზით გამოაგდო, რომ მის 7 წლის შვილს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ხმაურობს.
სამშვილიანი ოჯახი ამჟამად საცხოვრებლის გარეშე დარჩა. მათ შორის უმცროსი 2 თვისაა, ხოლო ბავშვების მამას ავადმყოფობის გამო მუშაობა არ შეუძლია.
სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ შემთხვევის შესწავლა უკვე დაიწყეს. ომბუდსმენის წარმომადგენლები ოჯახთან ერთად იმყოფებოდნენ, როდესაც მათ ბინის დატოვება მოუხდათ.
“ბინის მესაკუთრე ამბობდა, რომ აპირებდა 27 ოქტომბრამდე მიეცა ოჯახისათვის იქ ცხოვრების უფლება, რადგან უკვე გადახდილი ჰქონდათ თანხა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს ფაქტი გახმაურდა და მედიასაშუალებები ჩაერთო საქმეში, მან გადახდილი თანხა უკან დაუბრუნა ოჯახს და მოსთხოვა, რომ დაეტოვებინათ ბინა. დაგვთანხმდა იმაზე, რომ სანამ ოჯახი იპოვის საცხოვრებელს, მათ ნივთებს დაიტოვებს,” – აცხადებს სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის უფროსი მაია გედევანიშვილი.
სახალხო დამცველის აპატარატმა სოციალური მომსახურების სააგენტოსა და “SOS ბავშვთა სოფელს” დახმარებისათვის მიმართა. დედათა და ბავშვთა თავშესაფარში გამოინახა ადგილი ლიკა ბარბაქაძისა და მისი შვილებისათვის, მაგრამ ის უარს აცხადებს თავშესაფარში გადასხვლაზე და ქმრის მიტოვებაზე.
“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელის ანა აბაშიძის თქმით, ლიკა ბარბაქაძე და მისი ოჯახი ახლა სხვა აუტისტი ბავშვის მშობელმა შეიფარა.
ფაქტის გამოძიებაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები ომბუდსმენისაგან დაუყოვნებლივ მოითხოვენ შესაბამისი დასკვნის გაკეთებას და მომხდარის დისკრიმინაციული მოტივით ბავშვის უფლების დარღვევად აღიარებას.
“ომბუდსმენმა დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს დასკვნა ამ საკითხზე – იყო თუ არა ეს ფაქტი დისკრიმინაციული.”
სახალხო დამცველი ამჟამად 2 მიმართულებით მუშაობს ამ თემაზე: ბავშვთა უფლებებისა და შესაძლო დისკრიმინაციის კუთხით. ფაქტის დისკრიმინაციული ხასიათის შესახებ განცხადებას აპარატი მოგვიანებით გაავრცელებს.
როგორც ანა აბაშიძე აცხადებს, ქვეყანაში ანტიდისკრიმინაციული კანონის არსებობის მიუხედავად, საზოგადოებას ჯერ არ უგრძვნია მისი ეფექტურობა და დროა ამ თემაზე უფრო ხმამაღლა ვისაუბროთ.
“სახელმწიფო არ უნდა დაელოდოს, რომ საზოგადოება ერთ დღეს გაითავისებს ამ კანონის აუცილებლობას. პირიქით, შესაბამისი სტრუქტურები უნდა ჩაერთონ აქტიურად, რომ დაიცვან სკაუთარი მოქალაქეების უფლებები. ამ შემთხვევაში დედას არ შესწევს ძალა, რომ დაუყონებლივ მიმართოს დახმარებისათვის შესაბამის ორგანოებს,”- აცხადებს ანა აბაშიძე.
როგორც სახალხო დამცველის წარმომადგენლები აცხადებენ, ეს ოჯახისათვის პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბავშვის დიაგნოზის გახმაურების შემდეგ მათ მეპატრონეები ბინის დათმობაზე უარს ეუბნებიან.
“ეს არის სამოქალაქო საზოგადოების პრობლემა. ბინის მეპატრონე ნადირი არ არის, ეს არის უბრალოდ დამოკიდებულების პრობლემა,”- აცხადებს მაია გედევანიშვილი.
ლიკა ბარბაქაძის ბინის ქირას გამგეობა ფარავდა. მაია გედევანიშვილის განცხადებით, სახალხო დამცველმა უკვე მიმართა მერიას, რომ ოჯახს ახალი საცხოვრებლის მოძებნაში დაეხმარონ და არ შეუჩერონ სოციალური დახმარება.
ანა აბაშიძის თქმით, ოჯახი გეგმავს, რომ სასამართლოს მიმართოს და მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს.