საზოგადოება

რა სახის სამუშაოს სთავაზობს დასაქმების დეპარტამენტი დასაქმების მაძიებლებს

6 აგვისტო, 2015 • • 2674
რა სახის სამუშაოს სთავაზობს დასაქმების დეპარტამენტი დასაქმების მაძიებლებს

”ზაფხულში სამსახურის მაძიებლები პასიურები არიან, დამსაქმებლები კი პირიქით – ეძებენ ახალ თანამშრომლებს. ჩვენს მიერ მოძიებული ვაკანსიები მუდმივად იცვლება, რადგან მათ აქვთ თავისი ვადები. არ გვინდა, რომ დავკარგოთ რომელიმე ვაკანსია აუთვისებლად და ამიტომ მოვუწოდებთ სამსახურის მაძიებლებს, რომ ჩაერთონ ჩვენი სააგენტოს პროგრამაში, დარეგისტრირდნენ ონლაინ ბაზაში და დაუკავშირდნენ პოტენციურ დამსაქმებელს,”- აცხადებს თეა სტურუა.

 

worknet.gov.ge სახელმწიფოს მიერ შექმნილი ელექტრონული პორტალია, რომელიც დასაქმების მსურველებსა და კერძო სექტორს ერთმანეთთან აკავშირებს. მსურველებს თავად შეუძლიათ დარეგისტრირდნენ დასაქმების საერთო ბაზაში, ან მიმართონ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების ცენტრებს.

 

საიტი 2013 წელს შეიქმნა. დღემდე, დარეგისტრირება მხოლოდ სამუშაოს მაძიებლის სტატუსითაა შესაძლებელი. სისტემა აერთიანებს რამდენიმე მოდულს: ამ ეტაპზე გააქტიურებულია სამუშაოს მაძიებლის პირადი პროფილის მოდული. საიტის შემქმნელები მომავალში დამსაქმებლისა და ვაკანსიების ძიების დამატებითი მოდულის ამოქმედებასაც გეგმავენ. ბაზის წევრებს ვაკანსიების შესახებ შეტყობინება SMS-ის ან იმეილის სახით ეგზავნებათ.

 

გვერდზე შესულ მომხმარებელს ამჟამად ვაკანსიების დამოუკიდებლად მოძიების საშუალება არ აქვს. წარწერა ”ფუნქცია გააქტიურდება სისტემაში ვაკანსიების დამატების შემდეგ 2014 წლის აპრილიდან” პორტალზე დღემდეა განთავსებული. როგორც თეა სტურუა აცხადებს, სისტემაზე მუშაობის დასრულება გასული წლის აპრილისათვის იგეგმებოდა, მაგრამ მზადების პროცესში შეიცვალა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთერთობების პირობები და ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისი ბაზის შესაქმნელად მუშაობა ახლაც მიმდინარეობს.

 

ამ დროის მონაცემებით, პორტალზე 42 000-მდე ადამიანია რეგისტირებულია. 30 000-მდე ადამიანმა კი გაიარა ინდივიდუალური კონსულტაცია დასაქმების ცენტრის თანამშრომლებთან. როგორც თეა სტურუა ამბობს, დღემდე Worknet-ის დახმარებით 2000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა. მათ შორის 25 შშმ პირი.

 

ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად იმატა სამუშაო ვაკანსიების რაოდენობამ ტურისტულ სექტორში. განათლება, საბანკო-საფინანსო საქმე, ტრანსპორტი, ვაჭრობა და ტურიზმი – ის ძირითადი სფეროები, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ ახალ კადრებს.

 

”ხელფასი მერყეობს 300-დან 500 ლარამდე. ეს დამოკიდებულია დასაქმების სფეროზე. ვაკანსიები არის მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუმცა ამჟამად უმეტესობა გვაქვს თბილისში. თუ მსურველები დაინტერესდებიან ჩვენი ვაკანსიებით, მათ შეუძლიათ გაიარონ კონსულტაცია ჩვენს ცენტრებში, მოემზადონ გასაუბრებისათვის, მოიძიონ შესაფერისი შემოთავაზება და ჩვენი თანამშრომლები მათ წარადგენენ დამსაქმებლებთან. საბოლოო შერჩევას ახორციელებს თავად დამსაქმებელი. ჩვენ მხოლოდ მათ დაკავშირებას ვუზრუნველყოფთ,” – ამბობს თეა სტურუა.

იქიდან გამომდინარე, რომ საჯარო სექტორში განსხვავებული კანონმდებლობით რეგულირდება ურთიერთობა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, დასაქმების დეპარტამენტი ძირითადად კერძო სექტორთან თანამშრომლობს. ვაკანსიების შესახებ ინფორმაციას დეპარტამენტის თანამშრომლები დამოუკიდებლად აგროვებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი