საზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

პაციენტი აფხაზეთიდან: ვისურვებდი, მხოლოდ მკურნალობის მიზნით არ ჩამოვიდე საქართველოში

24 ივნისი, 2015 • 2447
პაციენტი აფხაზეთიდან: ვისურვებდი, მხოლოდ მკურნალობის მიზნით არ ჩამოვიდე საქართველოში

“ჩემს ქვეყანაში [აფხაზეთში] თირკმელზე კეთილთვისებიანი სიმსივნე დამიდგინეს. ოპერაცია აუცილებლად საჭიროა. ჩვენთან ასეთ ოპერაციებს არ აკეთებენ, რუსეთში კი ძალიან ძვირი ჯდება. საქართველოში ჩამოსვლა ჩემმა მეგობარმა მირჩია. როცა გადაწყვეტილებას ვიღებდი, ვიფიქრე, თუ მოვკვდები, ეს ხომ სიკეთეს არავის მოუტანს-მეთქი. ჰოდა, ახლა აქ ვარ და ოპერაციისთვის მამზადებენ”, – ამბობს ეთნიკური აფხაზი, 53 წლის ქალი სოხუმიდან.

იმან, რაც თბილისში დახვდა, პაციენტის თქმით, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

“აქ ჩამოსვლა არ მეშინოდა იმ მხრივ, რომ ომის შემდეგ ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი გადმოვიდა საცხოვრებლად თბილისში და ახლაც მათთან ვცხოვრობ. სხვაგან არ მიშვებენ. თუმცა შიში მაინც მქონდა, ეს იყო რაღაც გაურკვევლობის შიში. როდესაც თბილისიდან პაციენტები სოხუმში ბრუნდებოდნენ და ამბობდნენ, რომ მათ აქ ხარისხიანად, სრულიად უფასოდ და ამავე დროს არაფრის სანაცვლოდ მკურნალობდნენ, მაინც სადღაც, გულის სიღრმეში ეჭვი მღრღნიდა – აქ რაღაც ისე არ არის, ვამბობდი ჩემთვის. ბევრი ჭორია აფხაზეთში იმასთან დაკავშირებითაც, რომ საქართველოში აფხაზეთიდან ჩამოსულ პაციენტებს რაღაც დოკუმენტზე ხელის მოწერის სანაცვლოდ უწევენ სამედიცინო დახმარებას. მერწმუნეთ, ოპერაციაზე თანხმობის გარდა, არაფერზე მომიწერია ხელი”. 

ისევე, როგორც სხვა ეთნიკურ აფხაზებს, აფხაზური პასპორტის მფლობელს, ენგურის გავლით საზღვარზე შემოსვლის პრობლემა არ შექმნია: “იმედია, ასევე მშვიდობიანად დავბრუნდები აფხაზეთში”. 

როგორც ამბობს, დიდი სურვილი აქვს, მომავალში მხოლოდ მკურნალობის მიზნით არ ჩამოვიდეს საქართველოში

“ტაქსის მძღოლიდან დაწყებული, არავინ ამბობს, რომ ჩვენ, ქართველები აფხაზებს ვმკურნალობთ. ხეზე ვაკაკუნებ და ვამბობ, როგორ გამიმართლა, აქ რომ მოხვდი. მადლობას ვუხდი საქართველოს ხელისუფლებას იმისთვის, რომ ასეთ სახალხო ხიდებს აგებს ჩვენ შორის. ძალიან სწორი გზაა ეს. როდესაც აფხაზეთში ჩავალ, სადაც შემეძლება, ყველგან ვიტყვი ამას. აქ მშვიდობის ადამიანები მუშაობენ. ბედნიერი ვარ, რომ ისინი გავიცანი, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრი, ქეთევან ბაკარაძე”. 

პაციენტი ამბობს, რომ საქართველომ მომავალშიც უნდა გააგრძელოს აფხაზეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მკურნალობის პროგრამა, ვინაიდან, მისი თქმით, “აფხაზეთში ჯერ ასეთი დონის ჯანდაცვა არ არსებობს. არის საავადმყოფოებიც, თითქოს სპეცილისიტებიც არიან, მაგრამ რთული ოპერაციები მაინც არ კეთდება”. 

“მხოლოდ ის მტკივა, რომ თავად საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ ის შეღავათები, რაც ჩვენ გვაქვს. იმის გარდა, რომ სრულიად უფასოდ ვიღებთ ამ მომსახურებას, არ გვიწევს ჩვენ რიგებში დგომა, როგორც თქვენ”.  

მადლიერებასთან ერთად, აფხაზი პაციენტი ამბობს, რომ საქართველოში აფხაზების მკურნალობის შესახებ ღიად არ საუბრობენ სოხუმში და ეს გასაგები უნდა იყოს.

“ჩვენი გაგებაც შეიძლება, რომ არ ვლაპარაკობთ ამის შეახებ ღიად. თუმცა ძალიან ხშირად ვამბობთ ვიწრო წრეებში, ახლობლებთან, რომ  ბევრად წინ არის საქართველო, ვიდრე ჩვენ, არა მხოლოდ ჯანდაცვის სფეროში”.

ყოველწლიურად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეების მკურნალობის მიზნით რამდენიმე მილიონი ლარი იხარჯება. შესაბამისად, იზრდება აფხაზეთიდან იმ პაციენტების რიცხვი, რომლებიც სამკურნალოდ თბილისში ჩამოდიან.

საქართველოს ხელისუფლების პოზიციაა, რომ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან თბილისში სამკურნალოდ ჩამოსულ პაციენტთა შესახებ ინფორმაცია, მათივე უსაფრთხოების მიზნით, აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში არ გასაჯაროვდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი