ბატონო ვახტანგ, რას ფიქრობთ, 13 ივნისის ტრაგედიის მიზეზებზე კვალიფიციური საუბარი უკვე შესაძლებელია?
ჩემი აზრით, დღეს ამაზე საუბარი შეუძლებელია. უნდა შეიკრიბოს გარკვეული ჯგუფი და უნდა იმუშავოს ხანგრძლივად. ამას სჭირდება ღრმა ანალიზი და შემდგომ არის შესაძლებელი სიტუაციის შეფასება. ჩემი თხოვნა და რჩევაა, ნუ ავჩქარდებით, ახლა ნაჩქარევი დასკვნების გაკეთება არის შეცდომა.
თქვენ ალბათ კიდევ ერთხელ გადახედავდით იმ კვლევას, რომელიც ახალი გზის მშენებლობამდე, 2009 წელს ჩაატარეთ. დღევანდელი გადასახედიდან, იმ კვლევის მიხედვით, ყველაზე დიდი შეცდომად რომელი სამუშაო შეიძლება მივიჩნიოთ?
ჩვენ როცა ჩავატარეთ კვლევები, მაშინ სამუშაო პროექტი არ არსებობდა. იყო სამუშაო სქემები, სადაც არვითარი კონკრეტული რამ არ ჩანდა, რასაც შეიძლება გავლენა მოეხდინა. რაც შეეხება დასკვნებს და შთაბეჭდილებებს: მე გუშინ არ მოვშორებივარ ტელევიზორს, პრაქტიკულად ყველა კადრი ვნახე კომპიუტერშიც და ტელევიზორშიც, აქედან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის კომპლექსური სტიქიური უბედურებით გამოწვეული ტრაგედია. ამის განმაპირობებელი არის ის მიწის მასა, რომელიც ჩამოიქცა და წყალი დააგუბა, რომელიც შემდეგ გუბურამ გაარღვია და წამოვიდა უზარმაზარი ოდენობის წყალი. ახლა საუბარია იმაზე, თუ რამდენად იყო სისტემა მზად ამ მასის გატარებაზე? ზედაპირულად ჩანს, რომ სისტემა მზად არ იყო. რატომ ვერ გაატარა, ეს არის შესასწავლი.
თუმცა, მე აქვე ვამბობ, რომ ეს არის მასშტაბური სტიქიის კომპლექსური შედეგი – წვიმა, მეწყერი, წყალმოვარდნა. პროექტი ხეობაში ისეთი გამოცდილი ხალხის მიერ არის გაკეთებული, ხოლო მილსადენის ზომების, დიამეტრის დათვლა, მდინარის ჰიდროლოგიური მაჩვენებლები, იმდენად ელემენტარული ამბავია, რომ აუცილებლად იქნებოდა გათვალისწინებული. ეს, უბრალოდ, ანბანია.
ზოგადად, ჰიდროლოგები აკვირდებიან პროცესს, ნალექის ოდენობას, მდინარეების პარამეტრების ცვლილებას. თავის დროზე ვინც იმუშავა პროექტზე (პროექტი შეასრულა ორგანიზაცია „საქგზამეცნიერებამ“, რომლის ხელმძღვანელი, თუ არ ვცდები, ძალიან გამოცდილი ფიგურა, აკადემიკოსი თამაზ სილაგაძეა), ალბათ, ისინი ხელმძღვანელობდნენ ჰიდროლოგების მონაცემებით. სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა დაპროექტება. ამიტომ ჯერ ვერავის ვერაფერს დავაბრალებთ, ეს შესასწავლი საკითხია.
გარემოსადმცველები ამ პროექტის თანმდევ ერთ-ერთ რისკად ასახელებდნენ იმასაც, რომ მდინარე ვერე ეტაპობრივად გამორეცხავდა მიწას და საცხოვრებელ სახლებს შეუქმნიდა საფრთხეს. ორი დღის წინ მართლაც ითქვა, რომ მიწის გამორეცხვის გამო ერთ-ერთი კორპუსის მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. პროექტზე მუშაობის დროს ეს საკითხი, როგორც რისკი, განიხილებოდა?
მე ასეთი მონაცემები არ მაქვს, მაგრამ, როგორც ვიცი, შენობების ფუნდამენტი უფრო ღრმა უნდა ყოფილიყო, ვიდერ კალაპოტი, რომელიც მდინარის მიერ ირეცხება. თუ ეს ასე არ არის, საფრთხე იქნება რასაკვირველია. ეს საკითხი შენობების საძირკველის პროექტირების დროს აუცილებლად უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. ფუნდამენტი, რაზედაც ხიმინჯები იდგმება, რამდენიმე მეტრით უფრო ქვევით უნდა ყოფილიყო, ვიდრე მდინარის კალაპოტი, რომელიც ირეცხება. მე არ ვიცი ამ თვალსაზრისით რა მდგომარეობა იყო.
თქვენ მაშინ წერდით, რომ „ყველაზე დიდ საფრთხეს მდინარე ვერესა და მის ხეობას „მზიურის“ ტერიტორიაზე და ხეობის გარშემო აშენებული მაღალსართულიანი შენობები უქმნის“. ამაში რა იგულისხმებოდა?
როგორც მახსოვს, მაშინ მდინარის წყლის დაბინძურებაზე ვწერდით, რაც დღევანდელ ვითარებას არ შეესაბამება. ეს იყო კოლექტორების პრობლემა, საყოფაცხოვრებო ნარჩენები, კანალიზაცია, ფეკალური მასა პირდაპირ მდინარეში ჩაედინებოდა, არაკონდიცირებულ კოლექტორები იყო მოწყობილი და ბინძურდებოდა წყალი. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ალბათ ამაზე ვწერდით მაშინ.
ვერ წარმოიდგენთ მაშინ როგორ ყარდა იქაურობა, ირგვლივ ფეკალიები იყო… საერთოდაც, ეს ტერიტორია გაუვალი და ჩახერგილი იყო დამპალი ხეებისგან.
გარემოს დამცველებმა თქვა, რომ მაშინ ხელისუფლებამ მათ არ მიაწოდა გზის მშენებლობის პროექტი. თქვენი ინფორმაციით, ამ პროექტში რამდენად იყო საუბარი ეკოლოგიური საფრთხეების მინიმალიზაციაზე?
სამუშაო, რომელიც ჩვენ შევასრულეთ მერიის დაკვეთა იყო და რეკომენდაციებიც გადავეციით მერიას. მაშინ ჩვენ გვქონდა სქემა – ვერეს ხეობაში როგორ უნდა გასულიყო გზა, საიდან სადამდე, რა კოორდინატებს გაივლიდა. დანარჩენი ინფორმაცია ნაკლებად გვქონდა, სამუშაო პროექტი იმ დროს არ არსებობდა – ეს არის 2009 წელი. როგორც ვიცი, შემდგომ საბოლოო პროექტსა და საწყის პროექტს შორის რაღაც განსხვავებები იყო.
ჩვენ დეტალურად არ შეგვისწავლია მშენებლობის შემდეგ რა გაკეთდა და ზუსტად არ ვიცით რა მდგომარეობაა, მაგრამ საერთო შთაბეჭდილება ამ მაგისტრალზე იყო ის, რომ მე ძალიან მომწონდა. უბრალოდ, ვსარგებლობდი ამ ტრასით და ვხედავდი, რომ გარკვეული ნაწილი იყო კეთილმოწყობილი, გარკვეული არ იყო კეთილმოწყობილი, იყო დარგული ხეები, რომელთა ნაწილი გამხმარია და ა.შ. საერთო ჯამში ამ გზის გაკეთება იყო დადებითი მოვლენა – ავტობანის გაყვანის შემდეგ იქ უამრავი რამ გაუმჯობესდა. მაგისტრალი ძალიან გვეამაყებოდა, ხალხიც კმაყოფილი იყო…
ითქვა, რომ მშენებლობის დროს ამ მიდამოებში გაიჩეხა 400 ძირი ხე. ეს რა გავლენას მოახდენდა პროცესზე?
რა თქმა უნდა, ხეების გაჩეხვა სანაპიროს ეროზიულ პროცესებს გამოიწვევდა, მაგრამ, როგორც ვიცი, იქ სხვადასხვა ხასიათის საკომპენსაციო სამუშებიც იყო ჩატარებული, მათ შორის მცენარეულიც. აქედან გამომდინარე მგონია, რომ გავლენას ვერ მოახდენდა.
მაგრამ სხვა რამეც არის ნიშანდობლივი, მთელი საგაზაფხულო სეზონი წვიმიანია. წყალს ულუფებად მოჰქონდა ნატანი და ხომ არ იყო ჩახერგილი ტერიტორია?! – არ ვიცი, სიტუაციას არ ვიცნობ, აქედან გამომდინარე ისევე უძლური ვარ გარკვეული დასკვნების გამოსატანად, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე.
წყალდიდობის გამოწვეული მსგავსი სტიქიური უბედურება ბოლოს როდის დაფიქსირდა თბილისში?
მახსენდება გასული საუკუნის 50-იანი წლები, როდესაც ორთაჭალაში, აბანოებში შევარდა წყალი და ხალხი დაიხრჩო, მაგრამ ასეთი დიდი მსხვერპლი არ ყოფილა. 1965 წელში, სანაპიროზე ვცხოვრობდი მაშინ, ქორწინების სახლი ორივე მხრიდან დაიტბორა, მაშინაც ძალიან დიდი წყალდიდობა იყო, მაშინ მტკვარი ადიდდა, კამოს ქუჩაც კი დაიტბორა, სატვირთო მანქანები ეზიდებოდნენ პურს, მაგრამ ადამიანური მსხვერპლი არ ყოფილა.
თქვენი კონკრეტული რეკომენდაცია ამ ეტაპზე რა არის?
არ უნდა ვიჩქაროთ და კარგად გაავანალიზოთ ვითარება, შემდგომში რომ ვიყოთ მზად ასეთი სტიქიური შემოტევებისთვის.