საზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანელი გეი-წყვილის გამოწვევა სამშობლოს სტერეოტიპებს

19 ნოემბერი, 2019 • 1435
აზერბაიჯანელი გეი-წყვილის გამოწვევა სამშობლოს სტერეოტიპებს

ავტორი: გუნელ მევლუდი


სამისა და მეჰრაჯის სიყვარული გამოწვევების წინაშე დიდი ხნის განმავლობაში იდგა – ოჯახის და ახლობლების საყვედურები, დაცინვა საზოგადოების მხრიდან, დაპატიმრება და ემიგრაცია. 

აზერბაიჯანულმა საზოგადოებამ, ახლობლებმა და სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ მათ ერთმანეთის სიყვარულის უფლება არ აქვთ მხოლოდ იმიტომ, რომ ორივე კაცია.

სამიმ და მეჰრაჯმა ყველა განსაცდელი დაძლიეს და ბოლოს და ბოლოს, დევნისა და ზეწოლის შემდეგ მოახერხეს საზღვარგარეთ სიმშვიდე ეპოვნათ. 

თუმცა, დღესაც კი, წყვილი ასობით ზიზღითა და მუქარით სავსე კომენტარს იღებს, როცა სოციალურ ქსელებში ბედნიერი ცხოვრების მომენტებს აზიარებს.

სამი სარამანი 37 წლისაა, დაიბადა პროვინცია ბალაკენში, იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა და ტექნიკური ლიცეუმი. იზრდებოდა ოჯახში, სადაც მშობლები შვილს თბილ გარემოში ზრდიდნენ, უყვარდათ და მასზე ზრუნავდნენ. სწავლა სამიმ მოსკოვში იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო, ხოლო 2004 წელს სამშობლოში დაბრუნდა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, “კორუფციით გაჟღენთილ სისტემაში მუშაობას ვერ შეძლებდა და IT სფეროში გადავიდა”.

ჯერ კიდევ ბავშვობიდან, სამის ესმოდა, რომ მეზობელი თუ სკოლელი ბიჭებისგან განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია ჰქონდა. 

„ამის გამო დისკომფორტს განვიცდიდი, მშობლებთან ამაზე არ ვლაპარაკობდი, თავად ვცდილობდი გამეგო, რა ხდებოდა ჩემს თავს..“.

საბოლოოდ, სამიმ საკუთარი ჰომოსექსუალობის დამალვა გადაწყვიტა. დედას საიდუმლო მხოლოდ 30 წლის ასაკში გაუმხილა. საპასუხო რეაქცია სიჩუმე იყო. მშობლებს შვილის ჰომოსექსუალობაზე ყურადღება არ გაუმახვილებიათ იქამდე, სანამ  მოსიყვარულე დედამ უბრალოდ არაფერი უპასუხა. მშობლები ამ ამბავს სამი მეჰრაჯს გაიცნობდა.

24 წლის მეჰრაჯი კონსერვატიულ ოჯახში გაიზარდა, მისი მშობლები ერთი სქესის ადამიანების კავშირს რბილად რომ ვთქვათ, ნეგატიურად უყურებდნენ. საშუალო სკოლაში სწავლისას, მეჰრაჯს კლასელი ბიჭი შეუყვარდა – რის შესახებაც მთელმა კლასმა, შემდეგ კი მთელმა სკოლამ შეიტყო. 

მეჰრაჯი ჰყვება, რომ “დაცინვა აუტანელი იყო”. საბოლოოდ კი, ყველაფერი მშობლებს უამბო, რომელთაც ვერ გაუგეს და შვილის „გამოსწორება“ სცადეს. 

“მამა ამბობდა, რომ ყველა გეი ამორალური, ცუდი ტიპია. დედას მიაჩნდა, რომ ავად ვიყავი და ექიმებს მიმართა, თუმცა, ყველაფერს გავუძელი”.

მოგვიანებით, ტურიზმის უნივერსიტეტში სწავლისას, მან ლგბტ-მეგობრული საზოგადოება – ახალგაზრდები გაიცნო. თემი მეჰრაჯის მხარს უჭერდა. უფრო მოგვიანებით კი ის ამ სფეროს აქტივისტი გახდა.

ყველაფერი მაშინ გართულდა, როდესაც მეჰრაჯმა და სამიმ ერთმანეთი გაიცნეს, 

„გვიყურებდნენ როგორც ავადმყოფებს, გიჟებს. ბინას ვქირაობდით, მაგრამ ჩვენი ორიენტაციის გაგების შემდეგ, მეპატრონეებმა გამოგვასახლეს“ – ჰყვება სამი.

თუმცა, ყველაფერი ამით არ დასრულებულა. სოციალურ ქსელში ერთად გადაღებული ფოტოს განთავსების შემდეგ უამრავი მუქარა მიიღეს. 2017 წელს კი, აზერბაიჯანული პოლიციის მიერ „გეებზე ნადირობის“ დროს, ორივე დააპაატიმრეს და პოლიციის განყოფილებაში სცემეს.

პირველად წყვილი თურქეთში გაიქცა, სადაც სამსახურის, გეგმების, მეგობრებისა და ოჯახის გარეშე მოუწიათ ცხოვრება. მალევე განაცხადი შეიტანეს და რიგი ევროპული ქვეყნების საიმიგრაციო სამსახურებისგან პასუხს ელოდნენ. 

რამდენიმე თვის წინ, სამიმ და მეჰრაჯმა ესპანეთში თავშესაფარი მიიღეს. ამჟამად მადრიდში ცხოვრობენ. წყვილი ესპანურს სწავლობს და ცდილობს უცხო ქვეყნაში ცხოვრება აიწყოს.

სამი ჰყვება, რომ ოჯახთან კავშირი არ შეუწყვეტია. მეჰრაჯი მხოლოდ დასთან და დედასთან ურთიერთობს. მამამ და დანარჩენმა ნათესავებმა ზურგი აქციეს.

წყვილის მიმართ მუქარები და ზეწოლა დღესაც გრძელდება.

ერთი თვის წინ, როცა მათ საკუთარი ნიშნობის შესახებ გამოაცხადეს და ერთობლივი ფოტო სოცქსელებში განათავსეს, გაბრაზებულმა თანამემამულეებმა „ქვეყნის იმიჯის გაფუჭების გამო“ კიდევ ერთხელ გამოლანძღეს.

„გვინდა შევქმნათ ოჯახი, ვიშვილოთ ბავშვი და ბედნიერად ვიცხოვროთ“ – ამბობს მეჰრაჯი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი