გამოფენა ასახავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცხოვრებას შვედეთსა და საქართველოში. მასზე ორმა ფოტოგრაფმა იმუშავა – ნათელა გრიგალაშვილმა საქართველოდან და მარკუს მარსეტიკმა შვედეთიდან. ფოტოებს თან ახლავს ტექსტი, რომელიც თითოეულ ფოტოზე გამოსახული პირის ამბავს გადმოსცემს
გარდა ამისა, ეროვნული მუზეუმი მასპინძლობს დამხმარე საშუალებების გამოფენასაც, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის არის განკუთვნილი.
როგორც გამოფენის, ასევე, კონფერენციის ორგანიზატორები შვედეთის საელჩო საქართველოში, შვედური ინსტიტუტი და კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის არიან.
“მდგრად საზოგადოებაში არ შეიძლება ვქმნიდეთ პროდუქტებს, სერვისებსა და გარემოს, სადაც ადამიანები გარიყულად იგრძნობენ თავს და საჭირო იქნება განსაკუთრებული ზომების მიღება. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში აღარ დაგვჭირდება ამდენი დამხმარე საშუალება. მომავალი საზოგადოება უკეთესი გახდება ყველასთვის, თუკი დიზაინერები, პროდუქციის შემქმნელები და მარკეტინგის სფეროს წარმომადგენლები მეტ ინფორმაციას მიიღებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შესახებ და თუკი ეს პირები უფრო ხშირად იქნებიან ჩართულნი პროდუქციის განვითარებაში,”- წერია გამოფენის წარმდგენ ერთ-ერთ ბანერზე.
კონფერენციაზე, რომელიც გამოფენის პარალელურად, 8 და 9 ივნისს მიმდინარეობს, საქართველოში გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციის იმპლემენტაციაზე მსჯელობენ. ამ დოკუმენტის რეტიფიცირება საქართველოში 2013 წლის 26 დეკემბერს მოხდა, ძალაში კი 2014 წლის 12 აპრილს შევიდა.
კონფერენციას ესწრებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია “მარიანის” დირექტორი მარიამ მიქიაშვილიც. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კონვენციის ძალაში შესვლიდან უკვე 1 წელზე მეტია გასული, ამ მიმართულებით ცოტა რამ გაკეთდა.
“ვთვლი, რომ ამ კონვენციის იმპლემენტაციის ორგანო ძალიან სწრაფად არის შესაქმნელი, რაც რატომღაც ჭიანურდება მთავრობის მხრიდან და ვთვლი, რომ მართლა ძალიან აქტიურად უნდა იმუშაოს როგორც ხელისუფლებამ, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ამ კონვენციის განხორციელებაზე. რეალურად, ეს არის ყველაზე მრავლისმომცველი დოკუმენტი, რაც კი არსებობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კუთხით და ვთვლი, რომ ამ დოკუმენტის განხორციელება სერიოზულად განავითარებს ქვეყანას შშმ პირთა უფლებების კუთხით,“- ამბობს მარიამ მიქიაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
მიქიაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, სწორად იყოს ჩამოყალიბებული კონვენციის მონიტორინგზე პასუხისმგებელი ორგანო და აქტიურად მუშაობდეს იმისთვის, რათა ნათელი გახდეს, თუ სად არის შეფერხებები.
შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2014-16 წლების სამოქმედო გეგმა გაეროს ამ კონვენციის პრინციპებს ეყრდნობა და სახავს კონკრეტულ ღონისძიებებს, რომელიც სამთავრობო უწყებებმა უნდა განახორციელონ. კონვენციის და სამოქმედო გეგმის განხორციელებას მონიტორინგს 2014 წლის ოქტომბრიდან სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭო უწევს.
კოალიციის დამოულიდებელი ცხოვრებისთვის თავმჯდომარემ, გიორგი ძნელაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ეს საბჭო ჯერჯერობით ეფექტურად ვერ მუშაობს. მისი განცხადებით, უმჯობესი იქნება, სახელმწიფო სამოქმედო გეგმაზე ზედამხედველობა ცალკე აპარატმა განახორციელოს.
“ჩვენ შევიკრიბეთ, მაგალითად, საბჭოსწინა ხსდომისთვის, დავსახეთ საკითხები, რომელიც უნდა გასულიყო, მათ შორის, ყველაზე უმთავრესი, ახალი დებულების შემუშავების საკითხი. სამწუხაროდ, გადავწყვიტეთ, რომ ასე იქნებოდა, რომ ვნახეთ მერე დღის წესრიგი, ეს საკითხი არ იყო შესული. მე პრეტენზია თვითონ პიროვნებებთან, რა თქმა უნდა, არ მაქვს. უბრალოდ, მათ ბევრი საქმე აქვთ: ქალების, ბავშვების, ეთნიკური უმცირესობების საკითხები – ყველაფერი შედის სამდივნოში,”- ამბობს გიორგი ძნელაძე.
საბჭოს დებულებაში 2014 წლის ოქტომბერში შეტანილი ცვლილების თანახმად, საბჭოს სამდივნოს ფუნქციას ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს მთავრობის კანცელარიის სამდივნო ასრულებს.
შვედეთის ელჩი საქართველოში, მარტინა ქვიქი ამბობს, რომ სურთ, შვედეთის გამოცდილება შშმ პირებთან დაკავშირებულ საკითხებში საქართველოს გაუზიარონ:
“პირველი, რაც იყო აუცილებელი, ეს იყო რატიფიკაცია. ამის შემდეგ, უკვე დაიწყო ეს პროცესი. ვცდილობთ, რომ ჩვენი გამოცდილება საქართველოს მთავრობას გავუზიაროთ, ვინაიდან თავიდან აიცილონ ის პრობლემები, რომლებიც ჩვენ გვქონდა თავის დროზე; მაგრამ რეალურად, ყველა გარემო არის ერთმანეთისგან განსხვავებული, ვინაიდან ყველა ქვეყანას უხდება განსხვავებულ გარემოში ამ საკითხის გადაჭრა,”- განაცხადა ელჩმა.
კონვენციის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით კონფერენცია 8-9 ივნისს მიმდინარეობს. რაც შეეხება გამოფენას, ის ეროვნულ მუზეუმში 3 კვირის განმავლობაში დარჩება, შემდეგ კი საქართველოს სხვა საგამოფენო სივრცეებში გაიტანენ.