საზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

როცა ქმრები შვილებით მანიპულირებენ – უცხოელი ცოლების პრობლემა აზერბაიჯანში

7 ოქტომბერი, 2019 •
როცა ქმრები შვილებით მანიპულირებენ – უცხოელი ცოლების პრობლემა აზერბაიჯანში

ავტორი: გუნელ მევლუდი


სოციალურ ქსელებში ქალთა ჯგუფების შექმნამ და გააქტიურებამ უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახადა ქალთა სხვადასხვა ჯგუფის პრობლემები, რომლებზეც არც ადგილობრივი მედია წერს და არც საზოგადოება საუბრობს. 

სწორედ ერთ-ერთი ასეთი ქალთა ჯგუფის საშუალებით ირკვევა, რომ ქვეყანაში არსებობს მოვლენა –  “უცხოელი ცოლების პრობლემა აზერბაიჯანში”.

სხვა ქვეყნის მოქალაქე ქალები, რომლებიც აზერბაიჯანის მოქალაქეებთან ქორწინებაში იმყოფებიან, განქორწინების დროს, ენობრივი ბარიერისა და ადგილობრივი კანონმდებლობის არცოდნის გამო, ქმრების მანიპულაციებისა და მათთვის შვილების წართმევის საფრთხის წინაშე დგანან. 

გამოხმაურებების გათვალისწინებით, პრობლემას მასშტაბური ხასიათი აქვს.

 

[red_box]რას ჰყვებიან ქალები[/red_box]

 

ა.ვ. 24 წლისაა. ეთნიკური აზერბაიჯანელი და საქართველოს მოქალაქე, რომელიც ბოლო ოთხი წელია აზერბაიჯანის მოქალაქეზეა დაქორწინებული. ქორწილის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად ქალაქ სუმგაითში გადავიდა, აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქში.

“ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, თავდავიწყებით შემიყვარდა ჩემი მომავალი ქმარი. როგორც დავქორწინდით, ქორწინების საფუძველზე აზერბაიჯანის ბინადრობის ნებართვა მივიღე, მოქალაქეობა ხუთ წელიშადიო – ასე მითხრეს”.

ერთ წლის შემდეგ ცოლ-ქმარს შვილი გაუჩნდა. წელიწადნახევრის შემდეგ – მეორე შვილი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ქმარი ცოლს საქართველოში ახლობლების მოსანახულებლად ჩასვლას უკრძალავდა.

“ქმარმა მითხრა, რომ მე ვერ წავიდოდი, ჩემს ოჯახს თავად შეეძლო ჩემს სანახავად აზერბაიჯანში ჩამოსვლა. ქმრის ოჯახი მემუქრება, რომ თუ წავალ საქართველოში, ბინადრობის მოწმობასაც დავკარგავ და შვილებსაც”

რამდენად რეალურია ქმრისა და მისი ოჯახის მუქარა, ქალმა არ იცის. შესაბამისად, აზერბაიჯანს ერთ დღითაც ვერ ტოვებს – შვილების დაკარგვის ეშინია. 

რუსეთის მოქალაქე რიმ გელის კიდევ უფრო ნაკლებად გაუმართლა. მისმა ამბავმა სულ ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანის საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. აზერბაიჯანის სასამართლომ მას სამივე შვილზე მეურვეობა ჩამოართვა. 

რიმ გელი აზერბაიჯანში ერთ-ერთი მაღალჩინოსნის შვილზე 11 წლის წინ დაქორწინდა. ქალმა სამი შვილი გააჩინა. იმის გამო, რომ ქალი აზერბაიჯანულ ენას არ ფლობდა, ქმარმა და მისმა ოჯახმა დაარწმუნეს, რომ მოქალაქეობას მაინც ვერ აიღებდა. 

“ჩვენი ქორწინების პერიოდში ქმარმა ბაქოს ცენტრში ჩემი მშობლების მიერ ჩემთვის ნაყიდი ბინა გაყიდა. იმ ფულით ქალაქის სხვადასხვა რაიონში რამდენიმე ბინა იყიდა და ყველა საკუთარ თავზე გადაიფორმა”.

როგორც ქალი ამბობს, ქორწინების პერიოდში ქმარი სცემდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. წინააღმდეგობის გაწევას კი შვილების დაკარგვისა და ქვეყნიდან დეპორტაციის შიშით ვერ ბედავდა. 

“11 წლის შემდეგ განქორწინება გადავწყვიტე. მაშინ უკვე აღარაფერი გამაჩნდა. არც სახლი, არც შვილები და არც მხარდაჭერა. ჩემი ქმრის ოჯახმა საკუთარი გავლენებით მიაღწია იმას, რომ შვილები სრულიად წამართვეს. წამართვეს ბინაც, ფულიც და დაუცველი დავრჩი უცხო ქვეყანაში”.

დღეს ის შვილების დასაბრუნებლად ბრძოლას მედიისა და საზოგადოების მხარდაჭერით აგრძელებს.

ნ.ვ. ასევე საქართველოს მოქალაქე და ეთნიკური ქართველია. პროფესიონალი ფლორისტი აზერბაიჯანში სამუშაოდ ჯერ კიდევ ქორწინებამდე ჩამოვიდა. მაშინ ბინადრობის ნებართვა არ ჰქონდა. ბაქოში ლეგალურად ცხოვრებისთვის კი, წლების განმავლობაში, ორ თვეში ერთხელ საზღვარს კვეთდა, ერთი დღის შემდეგ კი თბილისიდან ისევ ბაქოში ბრუნდებოდა. 

აზერბაიჯანის მოქალაქეზე ორი წლის წინ იქორწინა. პირველივე წელს ქმარმა სამსახურიდან წამოსვლა კატეგორიულად მოსთხოვა. შეჰპირდა, რომ ოჯახს თავად არჩენდა. 

“შეყვარებული ვიყავი და არ მინდოდა ახლად შემქნილ ოჯახში პრობლემები შემექმნა. ვფიქრობდი, მალე ისედაც შვილი გვეყოლება და ორსულობის დროს მუშაობას მაინც ვერ შევძლებდი”. 

შვილი რამდენიმე თვის წინ გაუჩნდათ.

“უხეში გახდა, მეუბნებოდა, რომ მხოლოდ მას უნდა დავუჯერო და არ უნდა ვინახულო ჩემი ოჯახი და ახლობლები”. 

აზერბაიჯანის ბინადრობის მოწმობა ქორწინების შემდეგ მიიღო, თუმცა განქორწინებაზე განცხადების შეტანას და ქმართან დაშორებას ვერ ბედავს, რადგან ბინადრობის მოწმობის გაუქმებით, ქვეყნიდან დეპორტაციითა და შვილის წართმევით ემუქრება. 

რადენად რეალურია მის მუქარა, არც მან იცის – არ აქვს ფული არც ადვოკატისთვის და არც იურიდიული კონსულტაციისთვის. ამბობს, რომ ქმრის მიერ მიყენებულ შეურაცხყოფას ყოველდღიურად ითმენს და ვერაფრის გაკეთებას ბედავს. ერთადერთი გამოსავალი, მისი თქმით, ისაა, რომ დისტანციური სამსახური იპოვოს და ადვოკატისთვის ფული შეაგროვოს.

 

[blue_box]რას ამბობს კანონი[/blue_box]

ადვოკატი ზაურ გურბანლი ამბობს, რომ აზერბაიჯანის კანონმდებლობით, სხვა ქვეყნის მოქალაქეებს აზერბაიჯანის მოქალაქესთან განქორწინების შემთხვევაში ბინადრობის ნებართვა ერთმევათ.

“თუმცა, თუ აზერბაიჯანის მოქალაქისგან გაჩენილ შვილს აქვს ამ ქვეყნის მოქალაქეობა,  შვილთან ყოფნის მოტივით დედას შეუძლია ბინადრობის მოწმობის მიღება, ან შენარჩუნება. ამის მიუხედავად, მამის თანხმობის გარეშე მაინც ვერ გაიყვანს შვილს ქვეყნიდან”.

აზერბაიჯანის კანონმდებლობითვე, სხვა ქვეყნის მოქალაქე ქალებს, რომლებიც აზერბიჯანის მოქალაქეებზე ქორწინდებიან, უფლება აქვთ ჯერ ბინადრობის მოწმობა, 5 წლის შემდეგ კი მოქალაქეობა აიღონ. 

“საქმე ის არის, რომ ხშირად შვილები დედების სამშობლოში, მაგალითად, საქართველოში, რუსეთში ან კიდევ სხვა ქვეყანაში იბადებიან და სწორედ მაშინ, ქმართან განქორწინების დროს, ქალს აღარ შეუძლია ბინადრობის მოწმობის შენარჩუნება და სწორედ ამ სიტუაციით მანიპულირებენ ქმრები”.

იურისტი ამბობს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა არააზერბაიჯანელი ქალებისთვის საკუთარი უფლებების არცოდნა და ენობრივი ბარიერია.

ზაურ გურბანლი მიიჩნევს, რომ თუ სახელმწიფო შეძლებს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა დაიწყოს, ეს დაეხმარება სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც ბინადრობის ნებართვა მიიღეს აზერბაიჯანში, ენისა და ადგილობრივი რეალიების სწავლების გზით მოახერხონ ცხოვრებასთან ადაპტაცია. 

“ასე ნაკლებად გვეყოლება ქორწინების მსხვერპლი უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალები”. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი