საზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

როგორია ფაშინიანის “ეკონომიკური რევოლუცია”

6 სექტემბერი, 2019 • 2958
როგორია ფაშინიანის “ეკონომიკური რევოლუცია”

ავტორი: ჰრანტ მიკაელიანი, ერევანი


სომხეთში 2018 წლის გაზაფხულზე მომხდარი ე.წ. ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ დღის წესრიგში დადგა საკითხი – რა შეიცვლება მოსახლეობისთვის, მათ შორის ეკონომიკური კუთხით?

საზოგადოება სავსე იყო მოლოდინით, თუმცა ამ კუთხით სომხეთის ახალი ხელისუფლების მთავარი გათვლა იყო კორუფციის შემცირება და ოფშორებიდან ფულის დაბრუნება, რასაც მოქალაქეების კეთილდღეობა მკვეთრად უნდა გაეზარდა.

ცალკე განსახილველია ის საკითხი, თუ რამდენად რეალურია ხელისუფლების მიზნების განხორციელება. 

საზოგადოებრივი აზრის ილუსტრაციისთვის შემდეგ ციფრებს მოვიყვან: ე.წ. ხავერდოვან რევოლუციამდე ექვსი თვით ადრე სომხეთში გამოკითხულთა 28.3% მიიჩნევდა, რომ საკუთარი ოჯახის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას უახლოეს წელში ელის. უკვე 2018 სექტემბერში, რევოლუციიდან რამდენიმე თვეში, ამ რიცხვმა 61% შეადგინა. 

არსებობს სხვა მონაცემებიც. 2018 წლის მაისის დასაწყისში 78% ფიქრობდა, რომ 6 თვიდან ერთ წლამდე ვადაში ფაშინიანი მოქალაქეების ძირითადი პრობლემების გადაჭრას მოახერხებდა. 

ახალი ხელისუფლება სომხეთში, წინა ხელისუფლებასთან შედარებით, მოქალაქეების მაღალი ნდობით სარგებლობდა [ამ დრომდე ასეა]. ფაშინიანს კარგად ესმოდა, რომ მოქალაქეების მხარდაჭერა მისთვის გარკვეული ავანსია და ეს მხარდაჭერა უნდა გაამართლოს. 

შესაბამისად, 2019 წელს დაიბადა ლოზუნგი “ეკონომიკური რევოლუცია” – საზოგადოების მოთხოვნების დაკმაყოფილების  გარკვეული მცდელობა ცვლილებების ჩვენებით. 

პარლამენტში ხელისუფლების პროგრამის წარდგენისას ფაშინიანმა განაცხადა, რომ “ეკონომიკური რევოლუცია დაწყებულია”. 

ამ კუთხით საზოგადოებას, პირველ რიგში, ორი რამ აინტერესებს – ცხოვრების დონის ამაღლება და სამართლიანობის აღდგენა [რაც ოლიგარქებისთვის თავისუფლების შეზღუდვას გულისხმობს]. 

[red_box]რას ნიშნავს “ეკონომიკური რევოლუცია” ნიკოლ ფაშინიანისთვის? [/red_box]

ტერმინი “ეკონომიკური რევოლუცია” ეკონომიკურ მეცნიერებაში გამოიყენება არა კონკრეტულ მოვლენებთან და ფაქტებთან, არამედ საზოგადოებრივი განვითარების ეტაპებთან დაკავშირებით. 

ინსტიტუციონალიზმის ერთ-ერთი დამფუძნებელი დუგლას ნორტი პირველ ეკონომიკურ რევოლუციას მონადირეობიდან მიწათმოქმედებაზე გადასვლას უწოდებს.

ფაშინიანის “ეკონომიკური რევოლუცია”  მოქალაქეების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ტექნოლოგიურ ნახტომს შორისაა. 

ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ფაშიანიანი აცხადებს, რომ ხელისუფლებას შემუშავებული აქვს “ეკონომიკური რევოლუციის” თეორია და მეთოდოლოგია, მაგრამ არ დაუკონკრეტებია ის და მთელი აქცენტი მხოლოდ ბოლოდროინდელ საგადასახადო კოდექსზე გააკეთა.

საექსპერტო საზოგადოებაში არ არსებობს კონსენსუსი იმაზე, თუ რა არის ფაშიანისთვის ეკონომიკური პოლიტიკა. თუმცა, უკვე არსებული ინფორმაციის შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ პოლიტიკას ექნება მკაფიო ნეოლიბერალური მიმართულება., რაც მოიცავს გადასახადების გათანაბრებას, ფისკალურ დისციპლინას, შრომის ბაზრის ეფექტურობას, ასევე, ეკონომიკის თანამედროვე მიმართულებების არჩევის უპირატესობას.

ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტები, როგორც თეზისები, კარგად ჟღერს, მაგრამ არსებობს მეორე მხარე, რომელიც ამ ყოველივეს თან ახლავს: უთანასწორობის ზრდა, მაკროეკონომიკური ზრდის ტემპების შენელება, უმუშევრობის ზრდა, სოფლის მეურნეობის, და შესაძლოა, – წარმოების დეპრესიაც. გარდა ამისა, თუ ხელისუფლება აცხადებს, რომ არ ჩაერევა ეკონომიკაში, ეს უფრო პოლიტიკურ კონცეფციას ჰგავს, ვიდრე ეკონომიკურს. 

ამიტომაც, მთელი თავისი გარეგანი მომხიბვლელობით, ფაშინიანის ნეოლიბერალური კურსი რისკებსაც მოიცავს. ყოველივე ეს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის იმედით კეთდება, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ შიდა ინვესტიციებიც, რომლებიც ათწლეულობის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. 

 

[blue_box]შესაძლებელია თუ არა ფაშინიანის იდეების რეალიზაცია პრაქტიკაში? [/blue_box]

სომხეთის ამჟამინდელი ხელისუფლების გაგებით “ეკონომიკური რევოლუცია” არის ერთიანი კონცეფცია, რომელიც წარმატების გარანტიას ვერ იძლევა რამდენიმე მიზეზის გამო. ეს მიზეზები შეიძლება დავყოთ თავად ეკონომიკური მოდელების ხარისხზე და ამ მოდელების იმპელმენტაციაზე სომხეთში, ასევე, გარე მიზეზებზე და რისკებზე, რომელთაც შეუძლიათ ხელი შეუშალონ მათ განხორციელებას.

რაც შეეხება ნეოლიბერალური მოდელის რეფორმების ხარისხს, ის გარკვეულ კითხვებს ბადებს. ეს მოდელი (1973-89) ჩილეს მოდელის სახელით არის ცნობილი და მთელ პოსტსოციალისტურ სივრცეში კომუნიზმიდან კაპიტალიზმზე გადასვლის ფაზას (1989) გულისხმობს. მის მოდიფიცირებული ვარიანტი საქართველოშიც (2004-2012) გვხვდება.

ჩილეს მაგალითი რეალურად არაცალსახა შედეგებს იძლევა. ექსპერიმენტის დაწყებიდან 15 წლის შემდეგ საქართველო ამ გზით ვერ გახდა რეგიონის ლიდერი ცხოვრების დონით, ეკონომიკური განვითარების ტემპით და ვერც სოციალურ სოლიდარობას მიაღწია.

ამიტომაც, თავად ეს მოდელი, სულ მცირე, საკამათოა, ზიანის მომტანი თუ არა, რადგან აქ რეფორმების წარმატების კრიტერიუმად განიხილება თავად რეფორმების ჩატარება და არა მოსახლეობის კეთილდღეობა. ასეთ შემთხვევაში, მიზნის ჩანასახშივე სერიოზული პრობლემები დგას მის დასახვასთან დაკავშირებით.

განვიხილოთ, რამდენად შესწევს ძალა დღეს სომხეთის ხელისუფლებას დანერგოს ეს მოდელი. იმის მიუხედავად, რომ  2019 წელს ხელისუფლების მიერ მიღებული პროგრამა საკმაოდ ზედაპირულია, მან იცის, რისი მიღწევაც სურს.

შესაბამისად, ისინი სწავლობენ საქართველოს და სინგაპურის გამოცდილებას. ფაშინიანს სიმბოლური ვიზიტიც კი ჰქონდა სინგაპურში, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მიზნით. 

რასაკვირველია, რეფორმების დაწყება მკაფიო და წინასწარი გეგმის გარეშე მათ ეფექტურობას შეამცირებს. თუმცა, ქვეყანაში ჯერ კიდევ წინა წლებში ფორმირებული ეფექტური ბიუროკრატიის პირობებში, რეფორმების მოკლე ვადებში ჩატარების შესაძლებლობას მისცემს.

ფაშინიანი კიდევ ორი სირთულის წინაშე დადგება –  პირველი, შეზღუდული ფინანსები რეფორმების გასატარებლად [უცხოური ფინანსური დახმარება უმნიშვნელოა] და მეორე, ნეოლიბერალური რეფორმების პოლიტიკა დემოკრატიულ სივრცეში საზოგადოების ნდობის სწრაფი დაკარგვის საფრთხეს ქმნის. თუ პინოჩეტს შეეძლო ეს ფაქტორი საერთოდ არ გაეთვალისწინებინა, სააკაშვილს კი, სათანადოდ ვერ შეეფასებინა, ფაშინიანი ასეთ “ფუფუნებას” მოკლებულია. 

რეფორმების გასატარებლად არსებული ფაქტორების მესამე ჯგუფი მიცავს გარე ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენს ეკონომიკური წარმატების მიღწევასა და რეფორმების რეალიზებაზე. ასეთი ფაქტორები კი საკმაოდ ბევრია. 

სავარაუდოდ, ყარაბაღის კონფლიქტის სწრაფად დარეგულირების იმედი არ უნდა გვქონდეს, მით უმეტეს, კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამხედრო-პოლიტიკური რისკები კვლავ იარსებებს და ისევ პრობლემად დარჩება გარე სამყაროსთან შეზღუდული წვდომა.

მაგალითად, ევრაზიული კავშირის ქვეყნებში, ასევე უკრაინასა და ევროკავშირის რიგ ქვეყნებში, სომხური პროდუქციის ექსპორტის შესაძლებლობა დამოკიდებულია იმაზე, ჩამოწვება თუ არა მეწყერი რუსეთისა და საქართველოს საზღვარზე, ასევე, რამდენად დინამიკურია ამ გზაზე ტურისტების ნაკადი. 

მეორე გარე გამოწვევა ემიგრაციაა. ათწლეულების განმავლობაში ემიგრაცია სომხეთის სახელმწიფოებრიობის მშენებლობის ერთ-ერთ მწვავე პრობლემად მიიჩნევა  საუკეთესო ადამიანური რესურსის ქვეყნიდან გადინება. ემიგრაციის ტემპისა და სპეციალისტების ჩამოყალიბებების პროცესის გათვალისწინებით,, ქვეყანაში ვერ ასწრებს ჩამოყალიბებას კრიტიკული მასა, რომელიც ტექნოლოგური კუთხით სომხეთის განვითარებისთვისაა საჭირო. 

არსებობს გარეპოლიტიკური რისკებიც, რომლებმაც მთავრობის ექსპერიმენტი შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ფაშინიანი ვერ შეძლებს დასახული პოლიტიკის რეალიზებას. თუმცა ეს ნიშნავს იმასაც, რომ ქვეყნის ლიდერი სერიოზული გამოწვევების წინაშეა და ძალიან ბევრი ფაქტორი სწორედ “წინააღმდეგ” მოქმედებს. ეს საწინააღმდეგო ფაქტორები, შესაძლოა, მხოლოდ გართულება აღმოჩნდეს ეკონომიკური რეფორმების გზაზე, თუმცა რაღაც მომენტში ხელისუფლების პოლიტიკა შეიძლება მთლიანად დარტყმის ქვეშ აღმოჩნდეს და რეფორმები საერთოდ შეჩერდეს.

რევოლუციის ეკონომიკური შედეგები

ამჟამად, რასაკვირველია, ჯერ კიდევ ვერ ვისაუბრებთ დამაჯერებლად  ფაშინიანის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგებზე, რადგანაც არც ისე დიდი დროა გასული ხელისუფლების ცვლილებიდან. ამ ეტაპზე დამაჯერებლად საუბარი შეიძლება მხოლოდ ფაშინიანის პოლიტიკური საქმიანობის ეკონომიკურ შედეგებზე. 

ამ ეტაპზე ყველაზე დიდ მიღწევად ეკონომიკური კუთხით შეიძლება მივიჩნიოთ ეკონომიკური ზრდის ტენდენციის შენარჩუნება. თუმცა, ამავე დროს, თავად ამ ზრდის ტემპები შენელებულია და ეს პროცესი რეალურად არ შეჩერებულა.

აქ შეიძლება გვერდი ავუაროთ სხვა ცალკეულ მაჩვენებლებს და განვიხილოთ მხოლოდ ერთი, ინტეგრალური, “ეკონომიკური აქტიურობის მაჩვენებელი”. 

გრაფიკულ სურათზე ვხედავთ რომ ამჟამად ეკონომიკური შედეგები, რომელსაც ახლმა ხელისუფლებამ მიაღწია, შესამჩნევია, თუმცა, ვერ ვუწოდებთ მათ ღირსშესანიშნავ შედეგებს. 

თუ 2018 წელს პირველი კვარტლის შემდეგ ეკონომიკური ზრდის სერიოზული შენელება სახეზე იყო, 2019 წელს უკეთესი მაჩვენებლია და თუმცა არა საუკეთესო. 

ეკონომიკური ზრდის შენელება ბოლო თვეებში შეიმჩნევა. პირველი ნახევრში ზრდა კი “ბრუნვის გათეთრებით” არის გამოწვეული – ჩრდილოვანი ფულის გამოტანით. 

სომხეთში ე.წ. ხავერდოვანი რევოლუციისა და 2018 წლის გზაფხულზე ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ფაშინიანმა “ეკონომიკური რევოლუცია” დააანონსა. თუმცა, როგორც ჩანს, მოსახლეობა და ხელისუფლება  “ეკონომიკური რევოლუციის” იდეას სხვადასხვანაირად ხედავს.

მოსახლეობა ელოდება ეკონომიკურ ზრდას, ხელისუფლება კი ჯერ ეკონომიკის ზრდისთვის და ეკონომიკაში მაღალტექნოლოგიური მიღწევებისთვის ნეოლიბერალურ რეფორმებს გეგმავს. 

არსებობს ბევრი ფაქტორი, რომელიც ხელს უშლის ამ გეგმის რეალიზებას, მაგრამ მთავრობა, ერთი შეხედვით, გულწრფელად მომართულია ეკონომიკური პრობლემების გადაჭრისკენ. ამჟამად, ფაშიანინის ძირითადი მიღწევად ჯერ მხოლოდ მაკროეკონიმიკური სტაბილურობისა და ეკონომიკის მართვის აღდგენა შეიძლება მივიჩნიოთ, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების შენარჩუნება და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა კი უახლოესი წლების ამოცანა იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი