საზოგადოება

რას გეგმავს სახელმწიფო მცირერიცხოვანი უმცირესობებისთვის მშობლიური ენის შესანარჩუნებლად

5 თებერვალი, 2015 •
რას გეგმავს სახელმწიფო მცირერიცხოვანი უმცირესობებისთვის მშობლიური ენის შესანარჩუნებლად

“საქართველოში ყოველთვის ნაკლები ყურადღება ეთმობოდა მცირერიცხოვან ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების თვითმყოფადობის, ენის, კულტურის, ტრადიციების შენარჩუნებას. განსაკუთრებით პრობლემატური იყო მშობლიურ ენაზე სწავლების საკითხი,“– განაცხადა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა.

 

სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ რეკომენდაციით მიმართა განათლების სამინისტროს, რომ ხელი შეუწყოს მცირერიცხოვან ეროვნულ უმცირესობებს, რათა მათი კომპაქტური დასახლების ადგილებში, სადაც მოთხოვნა არსებობს, სკოლებში შესაბამისი ენების სწავლება დაინერგოს.

ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შეხვედრა  05.02.2015
ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შეხვედრა 05.02.2015

 

განათლების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა განაცხადა, რომ უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ეთნიკური უმცირესობის ენების პოლიტიკაზე მუშაობს.

 

“უნდა გვყავდეს მასწავლებელი, რომელსაც აქვს უკვე გარკვეული პედაგოგიური გამოცდილება, არის იმ კონკრეტული ენის მცოდნე და იცის ან ისწავლის მომავალში იმ მეთოდიკას, როგორც უნდა ასწავლოს მშობლიური ენა ამ ბავშვებს. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებების დამტკიცების შემდგომ, ჩვენ გავაკეთებთ სამოქმედო გეგმას, როგორ დავიწყოთ იმპლემენტაცია ახალი პროექტისა, როგორ შევუწყოთ ხელი მცირერიცხოვანი ჯგუფების წარმომადგენლებს მშობლიური ენის სწავლებასთან დაკავშირებით,”– განაცხადა ლია გიგაურმა.

 

შეხვედრას თავად ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებიც დაესწრნენ და მშობლიური ენის სწავლების კუთხით არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

 

ქისტების თემის უხუცესთა საბჭოს წარმომადგენელმა ზაურ გუმაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოში ქისტების ენის სწავლება არ მიმდინარეობს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი პერიოდულად ისმებოდა, შემდგომში მისი განხორციელება რთული ხდებოდა ხოლმე.


ის ამბობს, რომ 1400–მდე ქისტი მოსწავლე სწავლობს სხვადასხვა საჯარო სკოლებში- პანკისის ხეობაში 4 საჯარო სკოლაში, ერთ საბაზო სკოლასა და რამდენიმე დაწყებითი სკოლაში.


“პანკისის ხეობაში საკმაოდ დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი პედაგოგიური კადრი, რომელთაც მიღებული აქვთ ჩეჩნური ენისა და ლიტერატურის განათლება ქალაქ გროზნოში, ამჟამად ისინი რუსულ ენას ასწავლიან ამ სკოლებში და ის საჭიროება, რომ მომზადდეს ახალი კადრი და ამას გარკვეული დრო ჭირდებოდეს, ასეთ შემთხვევასთან არ გავქვს საქმე,“– განაცხადა მან.

 

საქართველოში ქისტების თემთან შედარებით გაცილებით უფრო მცირერიცხოვანია უდიების თემი, რომლებიც ყვარლის რაიონის სოფელ ზინობიანში ცხოვრობენ.

 

“სულ ვართ, 2014 წლის მონაცემებით, 325 ადამაინი, სკოლა არის 9–წლიანი და სკოლაში არის სულ 24 მოსწავლე,”– თქვა შეხვედრაზე თემის წარმომადგენელმა ეკატერინე ნემუშაშვილმა.

 

ნემუშაშვილის განცხადებით, თავიანთი ეთნიკური იდენტობის, ენისა და კულტურის შესანარჩუნებლად 2001 წელს მოიძიეს დონორი, ვისი მეშვეობითაც უდიური ენის სახელმძღვანელო შექმნეს. მისი თქმით, უდიური ენის სწავლებისას მნიშვნელოვანია კარგი მასწავლებლის მოძებნა, რადგან ამ ენას სრულყოფილად ცოტა ადამიანი ფლობს.

 

“როდესაც ვასწავლით უდიურ ენას, სწორად კვალიფიცირებულმა მასწავლებელმა უნდა ასწავლოს, რადგან სრულყოფილად ძალიან ცოტამ იცის უდიური,”– თქვა მან.

 

ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ექსპერტი თამარ ჯაყელი საუბრობს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი, უმცირესობებს თავიანთი მშობლიური ენის შენარჩუნების საშუალება მიეცეთ.

 

“ახლანდელ პირობებში სულ უფრო მეტად უძნელდებათ ჩვენს უმცირესობებს, რომ მოზარდ თაობას გადასცენ თავიანთი ენა. ნელ–ნელა ისინი საქართველოს მასშტაბით თავის ენას კარგავენ, მათთვის ეს არის ძალიან მტკივნეული. ძალიან მნიშვნელოვანია, მივცეთ საშუალება ჩვენს მოქალაქეებს, ამ შემთხვევაში მცირერიცხოვან უმცირესობებზეა საუბარი, შეინარჩუნონ და ისწავლონ ეს ენა. შეინარჩუნონ თავიანთი კულტურა, რომელიც მათი იდენტობის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და მხოლოდ თუ გაამდიდრებს ჩვენს კულტურას,“– თქვა მან.

 

თამარ ჯაყელი განმარტავს, რომ მცირერიცხოვანი უმცირესობებისათვის მშობლიური ენების ქართულენოვან სკოლაში დანერგვა, პირველ რიგში, მის ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინტეგრირებას ითვალისწინებს. ის არჩევითი საგნების ბლოკში იქნება და კვირაში 2 საათი დაეთმობა.

 

რაც შეეხება ამ ენების არჩევის პრინციპს, ჯაყელი ამბობს, რომ შეირჩა ის ენები, “რომლებიც ტრადიციულად გამოიყენებოდა საქართველოში მცხოვრებ უმცირესობათა მიერ და ის ენები, რომელთა მომავალი თაობისთვის გადაცემა სულ უფრო მეტად ძნელდება”.

 

მისივე განმარტებით, ასეთ ენებს წარმოადგენენ ოსური, ქურთული, ასურული, ხუნძური (ავარული), უდიური და ჩეჩნური.

ენების მასწავლებელთან დაკავშირებით ჯაყელი განმარტავს, რომ “აუცილებელი პირობაა, ეს ადამაინი სხვა საგნის მასწალებელი იყოს, ნებისმიერი საგნის, გნებავთ, სახვითი ხელოვნების, გნებავთ, ქიმიის – ამ საგნით ის ჩაერთვება სქემაში და აი, ამ ენის სწავლება იქნება მისთვის უკვე დამატებითი აქტივობა, რომელშიც ის კრედიტებს მიიღებს.”

ამასთანავე, საჭირო იქნება საგანმანათლებლო მასალების მომზადება და მასწავლებელთა ტრენინგებში ჩართვა.

ჯაყელი განმარტავს, რომ სასწავლო გეგმაში ეს პუნქტი 2015 წლის სექტემბრიდან ჩაიდება, – ეს იმას ნიშნავს, რომ მასწავლებლებს უკვე ექნებათ უფლება, რომ ასწავლონ. “თუმცა პროგრამის შემუშავებას დრო დაჭირდება,”– დასძინა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი