გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში ინციდენტი გუშინ, 22 დეკემბერს მოხდა. როგორც სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ყვება, სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმი პაციენტის ოჯახის წევრმა სცემა.
“პაციენტი ჰოსპიტალიზაციას საჭიროებდა, რისთვისაც ექიმმა მისი პირადობის მოწმობა მოითხოვა. ამ მოთხოვნაზე პაციენტის ქმარი, რომელიც ნასვამი იყო, გაღიზიანდა და ექიმის სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადავიდა. მეზობლების ჩარევით ინციდენტი ამოიწურა, თუმცა ექიმმა ტრავმები მიიღო და სისხლჩაქცევებითა და ტვინის შერყევით სამედიცინო დაწესებულებაში მოხვდა,”- ამბობს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, თეიმურაზ ხარაშვილი.
მისივე თქმით, ამ საქმეს სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობა ბოლომდე მიჰყვება.
“ისედაც ექსტრემალურ პირობებში უწევთ სასწრაფოს ექიმებს მუშაობა და ვერ შევეგუებით, რომ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ისედაც ვეგუებით სიტყვიერ შეურაცხყოფას,”- ამბობს ხარაშვილი.
ექიმის ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით [აღნიშნული მუხლის ცემას გულისხმობს] დაიწყო. როგორც შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, უწყება ამ ეტაპზე ექსპერტიზის პასუხს ელოდება.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში რამდენიმე ექიმს სცემეს. ერთი-ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა 2012 წლის ზაფხულში მოხდა, როდესაც სასწრაფოს დაგვიანების გამო ქუთაისის სასწრაფო დახმარების ექიმი დავით გიორხელიძე პაციენტის ოჯახის წევრმა სცემა, რის შედეგადაც ექიმმა თვალი დაკარგა. აღნიშნულ საქმეზე მაშინ სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით [ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება] პაციენტის ოჯახის ორი წევრი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში და პატიმრობა შეეფარდათ.
ექიმის ცემის კიდევ ერთი შემთხვევა მიმდინარე წლის აპრილში თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში მოხდა. მაშინ კლინიკაში ერთი წლის ბავშვი 25 აპრილს გარდაიცვალა, რის გამოც ექიმს გარდაცვლილის ოჯახის წევრი თავს დაესხა. ექიმის ცემის ფაქტის შესახებ 2009 წლის მარტშიც გავრცელდა მედიაში.
საქართველოს მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფკავშირის წარმომადგენლის, ირაკლი ტყეშელაშვილის განმარტებით, გორის მუნიციპალიტეტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პროფკავშირს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა იაშვილის კლინიკაში მომხდარ ინციდენტზე პროფკავშირის ორგანიზებით ექიმებმა მაშინ საპროტესტო აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ ისინი თავს დაცულად არ გრძნობენ. აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს შემუშავდეს ისეთი კანონი, რომლის მიხედვითაც ექიმი ხელშეუხებელი იქნება.
ექიმთა ხელშეუხებლობის საკითხზე განცხადება რამდენიმე თვის წინ ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. დავით სერგეენკოს განმარტებით, შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც ექიმთა უფლებების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციებს შეიმუშავებს.
“ერთდაერთი დოკუმენტი, რომელიც ასე თუ ისე არეგულირებდა ექიმთა უფლებებს, იყო ექიმთა ეთიკური ქარტია, რომელიც კარგი დოკუმენტია, მაგრამ მისი რეალიზებისთვის საკმარისი ინსტრუმენტები და რეგულაციები არ იყო შექმნილი. ბოლო შემთხვევამ, როდესაც ჩვენს კოლეგას, ძალიან პატივსაცემ ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ პაციენტის მშობლები, უკვე დააგროვა კრიტიკული მუხტი. ჩვენ სამინისტროშიც და საექიმო საზოგადოებაშიც მოვიწვიეთ ამ საქმეში ავტორიტეტული ადამიანები და ვფიქრობთ, რომ რეგულაციის და კანონმდებლობის დონეზე ჩამოვაყალიბოთ დოკუმენტი, რომელიც დაიცავს ექიმის უფლებას,”- განაცხადა მინისტრმა.
